თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა.
მისი თქმით, აღნიშნული კვანძის მოწყობის შემდეგ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი.
„რამდენიმე დღის წინ გავხსენით სამანქანო ხიდი, რომელიც ერთმანეთს ბაგების დასახლებასა და უნივერსიტეტის ქუჩას აკავშირებს. მიხარია, რომ დედაქალაქში ასეთი მასშტაბის პროექტები ხორციელდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმისთვის, რომ გადაადგილება კიდევ უფრო გამარტივდეს. ამ მიზნით, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს. კერძოდ, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კვანძი კერძო ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა, მისი მოწყობის სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.
„პროექტის ფარგლებში, აშენდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა, რომ მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი.
მისი თქმით, განახლებულია მობილური აპლიკაციაც და მომსახურების მიღება Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის არის შესაძლებელი.
„მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის გაჩერებების სტანდარტული დიზაინი, განახლდა მობილური აპლიკაციაც. 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშა და მგზავრები ინფორმაციის მიღებას მხოლოდ განახლებული ვებგვერდიდან შეძლებენ. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ ინტერნეტით, თბილისის სხვადასხვა რაიონის მიხედვით იქმნება მგზავრთა საინფორმაციო ბუკლეტები.
„ადამიანების გარკვეული ნაწილი მობილურ აპლიკაციას ნაკლებად მოიხმარს. სწორედ მათთვის იქმნება სპეციალური ბუკლეტები, სადაც ასახულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები და მათი ნომრები, ასევე, ტრანსპორტის მოცდის ინტერვალები. საინფორმაციო ბუკლეტების ნაწილი უკვე მზადაა. ბუკლეტები შესაბამისი გამგეობების სერვისცენტრებში, ასევე თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მისულ მგზავრებს დაურიგდებათ. გარდა ამისა, გაჩერებებზე რუკები განთავსდება, რაზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მუშაობას აქტიურად განაგრძობს იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი.
„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება დავიწყეთ, ძველი ავტობუსები სრულად ჩავანაცვლეთ ახალი ავტობუსებით. ბოლოს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შევიძინეთ, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს. მათგან 50 ერთეული უკვე ემსახურება მოსახლეობას. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეტროს. დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება-ჩანაცვლების პროცესი. ჩვენ დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ზოგადად, ვმუშაობთ პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა თბილისის მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე. ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე მძიმედ ავარიული ორსართულიანი კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილზე 12-სართულიანი, თანამედროვე კორპუსი აშენდება.
სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ავარიული შენობისა და ალტერნატიული კორპუსის ვიზუალური მასალაც წარადგინა.
„კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, საცხოვრებლად უვარგისი და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. აქ 10 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა გაყვანა მოხდება, ქირით კი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აშენდება ახალი, თანამედროვე პროექტი ქართული დიზაინით, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაეცემათ გარემონტებული ფართები. არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის შესაბამისი სამუშაოები უკვე შევისყიდეთ, ახლა კი გამარჯვებული კომპანია ამზადებს ექსპერტიზას და მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულ პაკეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 6 ივნისს გაიხსნება.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე განხილული იქნება ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება-განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ეკო-ტრანსპორტის განვითარება და სხვა საკითხები.
„ფორუმი სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“, ჩამოყალიბდა წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავსი ფორუმების ჩატარებას. სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით გვეხმარება ის სიახლეები და ინიციატივები, რაც აქ ჟღერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."