17 ივლისი, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ტერიტორიის შესწავლა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა გახდა მისი წყლით შევსება, რის გამოც, მან დაიწყო დაშრობა, რაც გლდანის მცხოვრებთათვის პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი წერილი შემოვიდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დაიგეგმა. იქედან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებები.

„კერძოდ, ამ ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობა, რომელიც უნდა დაერთდეს ზემოაღნიშნულ წყალგამტარ გვირაბზე. აღნიშნული სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, კახა კალაძის ინფორმაციით, ტბის შევსება ალტერნატიული მეთოდით განხორციელდება.

„გლდანის დიდი ტბა შეივსება მიმდებარე ფერდობებზე წარმოქმნილი ატმოსფერული ბუნებრივი წყლებით, რომელიც სანიაღვრე კოლექტორის მეშვებით ჩაეშვება ტბაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული ღონისძიებების დახმარებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის თეთრ ტბას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.

კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი, 2025 წლის ივნისში დასრულდება.

„გლდანის VIII მიკრორაიონში, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. დაგეგმილია გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სამუშაოების ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავს პროექტებს დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.

„ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში სკვერები არამხოლოდ გლდანში, არამედ ყველა რაიონში მოვაწყვეთ, ნაწილს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დავიბრუნეთ გასხვისებული პარკები, რაც განწირული იყო, რომ მათ ადგილას კორპუსები აშენებულიყო. არაფერი უხდება ჩვენს ქალაქს ისე, როგორც გამწვანება. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სამგორის რაიონში კიდევ ერთი კორპუსი ჩანაცვლდება.

„კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-10 კვარტალში. ესაა მეცხრე კორპუსი. ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 44 ოჯახი დროებით ქირით გვყავს გაყვანილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი სრულიად გარემონტებულ, მოწესრიგებულ საცხოვრებელ ფართებში დაბრუნდებიან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ სხდომაზე წარმოადგინა არსებული ავარიული შენობის ამსახველი ფოტომასალა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერაა, რომ რაც შეიძლება მეტი ძველი კორპუსი იქნეს ჩანაცვლებული ახალი, თანამედროვე კორპუსებით. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, ვიდრე აქვთ. ეს ხელს უშლის პროგრამის განხორციელებას, პროექტების ბოლომდე მიყვანას. ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახებს იმაზე მეტი ფართი მივცეთ, ვიდრე აქვთ. მზად ვართ, იგივე ფართები, გადავცეთ სრულიად ახალ შენობაში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, როდესაც მსჯელობა გვექნება ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქში მესამე კვირაა საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს.

მისივე თქმით, აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს, საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც ივლისში ქალაქში რჩებიან.

„გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე მზარდია და ამის გათვალისწინებით, წელს 45-დან 50-მდე გავზარდეთ ბაღების რაოდენობა. საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების კომფორტისთვის - ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით. წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაღალი რიცხვია. ამასთან, პროექტის შედეგად, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს სისტემის 3 100 თანამშრომელი. საზაფხულო ბაღები თბილისის ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის ბაღებში რეგისტრაცია პირველ ეტაპზე, 2 700-მა ბავშვმა გაიარა.

„დაიწყო რეგისტრაცია 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის თბილისის ბაღებში და ამ დროისთვის, პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა 2 700-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, 4 000 ბავშვმა. ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით - გაიხსნება სამი ახალი საბავშვო ბაღი, ასევე, გაიხსნება ორი რეაბილიტირებული შენობა და ალტერნატიული ფართებიდან და ახლომდებარე საბავშვო ბაღებიდან დაუბრუნდებიან განახლებულ გარემოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა-მოდერნიზების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტების განხორციელება. ყველანაირი პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ პატარებს ნორმალურ გარემოში მოუწიოთ სააღმზრდელო პროცესი. იცით, როგორია ახალაშენებული ბაღები, რა სტანდარტია. ჩვენი მიზანია, დედაქალაქში ბაღის ძველი შენობები არ დარჩეს. მათი სრული განახლება-მოდერნიზება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ 2024 წელს მუნიციპალიტეტისგან 12-მა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მიიღო დაფინანსება სოციალური მეწარმეობის პროექტების განსახორციელებლად.

მისი თქმით, თბილისის მერიაში შესული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული პროექტებიდან ოთხის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ესენია აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“, „საქართველოს კარიტასის“, „სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაციის“ და „პოტერიას“ პროექტები.

„2022 წლიდან თბილისის მერია ახორციელებს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რაც ითვალისწინებს სოციალური მეწარმეობის პროექტების ფინანსურ წახალისებას და მხარდაჭერას. ბიზნესმოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას გააჩნია, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი ეკონომიკური მიზანი. იგი ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. გამოცხადებული გვქონდა საპროექტო განაცხადების მიღება. დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტები, რომელთა შორისაც 2024 წელს დაფინანსდა 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია. მინდა, საზოგადოებას გავაცნო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ოთხი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.

ესენია: ა(ა)იპ „აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“, რომელიც ემსახურება უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციარების სოციალური პრობლემის გადაჭრას. ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მწერლების მხატვრულ და საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, გამოიცემა აუდიო და აუდივიზუალური წიგნები. პროექტის ფარგლებში დასაქმდებიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი სტუდენტები.

ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ - მათი სოციალური მიზანია ხელოვნების სტუდიის კურსდამთავრებულებს მისცენ საშუალება, გამოიყენონ მიღებული უნარები და შექმნან მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ნივთები, შედეგად კი მიიღონ ყოველთვიური ანაზღაურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარიტასი გადამზადების შემდგომ დაასაქმებს 12 კურსდამთავრებულ ახალგაზრდას და დახმარებას გაუწევს მათ მიერ შექმნილი ნივთების რეალიზებაში.

ა(ა)იპ „სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაცია“, რომლის სოციალური მიზანია ახალგაზრდებში პროფესიული და სოციალურ-მეწარმეობითი უნარების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში უფასოდ გადამზადდებიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან 3-თვიან კურსს ხის, ლითონის, ქსოვილის დამუშავებასა და სხვადასხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის მიმართულებით.

ა(ა)იპ „პოტერიას“ პროექტის მიზანია თიხასთან მუშაობის ძველი ქართული ტრადიციის შენარჩუნება-განვითარება და მოწყვლადი ჯგუფების სრულფასოვანი ცხოვრების ხელშეწყობა. 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდები უფასოდ გაივლიან კერამიკოსის პროფესიის კურსს და დასაქმდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა წარმატება უსურვა მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ ორგანიზაციებს და მსგავსი პროექტების მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

მსგავსი სიახლეები