დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.
კახა კალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა გულშემატკივარს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა კიდევ ერთხელ მიულოცა.
„მინდა, სრულიად საქართველოს, ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყნის, სპორტსმენების წარმატება უხარია, მივულოცო ეს გამარჯვება. მართლაც სასიხარულოა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გავედით მერვედფინალში, რაც ძალიან მაგარია. პორტუგალიის ნაკრები 2:0 დავამარცხეთ, ჩვენმა ბიჭებმა კი საუკეთესო თამაში აჩვენეს. მინდა, ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდეგ შეხვედრაში. ასევე, მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ჩვენს ბიჭებს ქომაგობდა გერმანიაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მართლაც ძალიან დიდი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი იყო. ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და გვაჩუქა სიამაყის განცდა, რომ ამ პატარა ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა ისაუბრა სახელმწიფოს ჩართულობასა და მხარდაჭერაზე ქართული სპორტის და კერძოდ, ფეხბურთის მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, წარმატება შემთხვევით არ მოსულა. ეს არის თავდაუზოგავი შრომის, ძალისხმევის, მიზანდასახულობის შედეგი, რასაც თან ერთოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. იყო დრო, როდესაც ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფომ თანხები გამოყო და ამაზე ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ადამიანი ქილიკობდა. უფრო ადრე კი იყო გაყიდული და გასხვისებული სტადიონები კორპუსების ასაშენებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის. ჩვენ გვაქვს გამორჩეული სიყვარული ფეხბურთის მიმართ, გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით შევძელით იმ შედეგის მიღწევა, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ამ გზაზე იყო ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გვჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს მხარდაჭერა, რასაკვირველია, კიდევ უფრო გაიზრდება, რათა ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები მეტად დაინტერესდნენ ამ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს.
„აქვე მადლობას გადავუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ფონდი „ქართუ“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარს გადასცემს. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი გუნდი დამატებით 30 მილიონს მიიღებს. საქართველო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდე! წინ კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება გველოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებაზე დასწრებას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვლავ შეძლებენ.
მისივე თქმით, აღნიშნული მატჩის ჩვენების პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
„ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურვილი აქვს, უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, მობრძანდით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ჩვენებაზე დასწრება უფასოა. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ყურადღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით, 27 ივნისს ბაზრის კვლევა გამოცხადდა.
მისივე თქმით, დაინტერესებული კომპანიებისთვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“.
„მეტროს ვაგონების განახლების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონების ექსპლუატაციის ვადაც გადის. შესაბამისად, გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ ვაგონები მეტროში. შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს შვიდ წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით, უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი) ეტაპობრივად მოგვეწოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).
„შესყიდვის ბიუჯეტი დაზუსტდება ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ. დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრულია 29 ივლისის ჩათვლით. პირველადი შეფასებით, საორიენტაციო ბიუჯეტი, დაახლოებით, 200 მლნ ევროა. შესყიდვის შედეგად, მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით; „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს 5-ვაგონიანი მატარებლები, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით. ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია. პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ განახლებამდე. ამჟამად, გვყავს მეტროს 192 ვაგონი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერის განცხადებით, მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს.
„სატრანსპორტო პოლიტიკას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. გვყავს საერთაშორისო კომპანიები და უცხოელი ექსპერტები დაქირავებული, რომლებიც სწორ დაგეგმარებაში გვეხმარებიან, როგორ უნდა მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში და ა.შ. მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.
„ჩვენ მოვამზადეთ უკვე შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით. ჩვენ ამ კანონპროექტს მივაწოდებთ საქართველოს პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა გვექნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს - M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ, 2025 წლის პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა.
თბილისის მერის თქმით, საპილოტე პროექტში მხოლოდ სამი სკოლა ჩაერთო, რაც მიღებული შედეგების გასაანალიზებლად არასაკმარისი აღმოჩნდა.
„მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლითაც სკოლის ავტობუსებს - M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, გარკვეული პირობებით, მიეცათ საავტობუსო ზოლში გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნული რეგულაცია სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე მოქმედებდა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, აღნიშნული შესაძლებლობით მხოლოდ თბილისის სამმა სკოლამ ისარგებლა, რაც საკმარისი არაა იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ, თუ რა გავლენას იქონიებს პროექტის ამოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ვადა კიდევ ერთი წლით, 2025 წლის პირველ ივლისამდე გავახანგრძლივოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სკოლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ და მათ პროგრამის პირობები შეახსენა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სკოლების წარმომადგენლებს, ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში. შეგახსენებთ, სასკოლო ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეებში - 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს ერთი წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში, ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ თბილისის N39, N103, N133, N147, N175, N177, N191 და N207 საჯარო სკოლების მიმდებარედ, სადაც განთავსებული იქნება საგამოცდო ცენტრები. აღნიშნულ დროებით მარშრუტებზე, ავტობუსები მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე დეტალური ინფორმაცია განთავსდება მერიის ვებგვერდზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული - უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს.
მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ გამოქვეყნდება პირველ ივლისს, საჯარო სამსახურის ვაკანსიების ვებგვერდზე - hr.gov.ge.
„თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია უსაფრთხოების საქალაქო სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის, მუნიციპალური დაწესებულებების შენობებისა და ქონების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. გარდა ამისა, მონაწილეობს თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართული ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების უსაფრთხოდ ჩატარების პროცესში. ამ პოზიციაზე, გარდა იმისა, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდური მუშაობა და მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაცია. დასაქმებულებს ხელი შეეწყობათ კვალიფიკაციის ამაღლებაში და პერიოდულად გაივლიან გადამზადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დაინტერესებულ პირებს მოუწოდა კონკურსში მონაწილეობისკენ და წარმატებები უსურვა.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."