31 ივლისი, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მიღება მიულოცა და ყველა ქართველ სპორტსმენს წარმატებები უსურვა.

„გუშინ ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოვიპოვეთ, ვერცხლი. მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო ეს წარმატება. ცხადია, ყველა ვგულშემატკივრობდით და გვინდოდა, რომ ის ოქროს მედლით დაბრუნებულიყო საქართველოში, თუმცა სპორტია, ხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერცხლის მედალი ავიღეთ. ვულოცავ ტატოს, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ წარმატებას. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ყველა სხვა სპორტსმენსაც. დღეს ჩვენი პარასპორტსმენები გავაცილეთ. გვინდა, მათაც წარმატებები ვუსურვოთ ოლიმპიადაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

„საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს. საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ. გვინდა, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებსა და მოტოციკლებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, შშმ პირებისთვის სპეციალური აღჭურვილობის მქონე ტაქსით მომსახურების დასანერგად, შესაბამის კომპანიებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ტაქსების რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შშმ პირთათვის ყველანაირად ადაპტირებულია, რათა მათ გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ. დღეს დედაქალაქში ბევრი კომპანიაა, რომლებიც ტაქსების მიმართულებით მუშაობენ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მათ დაველაპარაკოთ, ვთხოვოთ, რომ შესაბამისი აღჭურვილობის მანქანები შემოიყვანონ, რათა შშმ პირებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება, სპეციალური აღჭურვილობის მქონე ტაქსის სერვისით სარგებლობა. ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მსგავსი ტიპის მანქანების შემოყვანა ვერ შეძლონ. ამიტომ, დაველაპარაკოთ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა რეკრეაციულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ე.წ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, აბაშვილის ქ. N3-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პარკი 12 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება.

„ვფიქრობთ, აღნიშნული პარკი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, ზოგადად, ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა აუცილებელია. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცის, ფანჩატურების, სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის მოწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 20 მლნ ლარია, პარკის მოწყობის სამუშაოები კი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც შესაძლებელს გახდის, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნას.

კახა კალაძის განცხადებით, დონორთა ბანკში ჩასართავად და აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად, მსურველებმა თბილისის მერიას შესაბამისი საბუთებით უნდა მიმართონ.

„ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, თავის მხრივ, საქართველოში ძვლის ტვინის ალოგენური (არანათესაური) გადანერგვის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს პაციენტისა და მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან გარკვეულწილად, მათ ფინანსურ და ემოციურ ტვირთს შეუმსუბუქებს. საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზაციის წარმომადგენლები გასული წლის ბოლოს იმყოფებოდნენ ჩვენს ქვეყანაში და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მერიაში შეხვედრები გამართეს, სადაც შეთანხმდნენ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რასაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შესაქმნელად, მოხალისე დონორთა ბაზის არსებობა ხდება საჭირო, ამისთვის კი აუცილებელია პოტენციური დონორების კვლევა. კერძოდ, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის (HLA), C და B ჰეპატიტის და სხვა კვლევები უნდა ჩაუტარდეთ, რასაც მერია სრულად დააფინანსებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ბაღების ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„15 500 ბავშვი გავაცილეთ სკოლებში და მინდა, მათ საუკეთესო მომავალი და წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანი იყო ეს წელი თბილისის ბაღებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა - გასული სექტემბრიდან თბილისს შეემატა ხუთი საბავშვო ბაღი. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო სამზადისი სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნისთვის. ასევე, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ვაზისუბნის დასახლებაში ვგეგმავთ N124 საბავშვო ბაღის გახსნას, რომელიც 300-მდე ბავშვს მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ერთი და იგივე, ევროპული სტანდარტით ხორციელდება.

„გარდა ამისა, ვახორციელებთ ძველი ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იმისთვის, რომ მდგომარეობა ყველგან მოწესრიგდეს, იყოს ერთნაირი სტანდარტი. ყველამ იცის, რა მიდგომებია საბავშვო ბაღებთან მიმართებით, როგორ შენდება და როგორი სტანდარტი გვაქვს. გვინდა, ყველა საბავშვო ბაღი ყველგან აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერი კეთდება, რომ ბავშვები აღზრდისა და განვითარების მიმართულებით ნორმალურ პირობებში იყვნენ. მომავალშიც გავაგრძელებთ არსებული ბაღების რეაბილიტაციას და მშენებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას დაბადების დღე მიულოცა.

„დღეს გამორჩეული და დასაფასებელი ადამიანის, დიდი შემოქმედისა და რეჟისორის რობერტ სტურუას დაბადების დღეა. მინდა, მივულოცო დაბადების დღე, ვუსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე. ჩვენი ქვეყნისა და ქართული ხელოვნების სასიკეთოდ კიდევ ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პროექტი განეხორციელებინოს. მართლაც წარმოუდგენელია ამ ადამიანის ღვაწლი, მისი შემოქმედება. გულწრფელად ვულოცავ დაბადების დღეს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები