27 აგვისტო, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.

მისი თქმით, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ბაგა-ბაღებში პატარებს კეთილმოწყობილი გარემო დახვდეთ.

„მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერიას განსაკუთრებული მიდგომა აქვს საბავშვო ბაღებთან, მის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ და იმ ბაღებში, სადაც ამის საჭიროება არსებობს, ყველა პრობლემა აღმოვფხვრათ. გასულ წელს დავიწყეთ „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამა“, რომლის მიზანია ბაღების ძველ შენობებში კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა და მათი თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფა. ყოველწლიურად, ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩევა საბავშვო ბაღები, სადაც საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად, გამოიყოფა თანხები ამ სამუშაოსთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება განახლების სამუშაოები, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში კი ამ ბაღების აღსაზრდელებს განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები დახვდებათ.

გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, სამ საბავშვო ბაღში ეზოს ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, 11 საბავშვო ბაღის შენობას კი სახურავის რეაბილიტაცია უტარდება.

„ასევე, თბილისის 115 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების განახლებას. ამ პროექტებისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან რვა მილიონზე მეტი ლარი იხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სიახლეებია მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხითაც - პატარებს სექტემბრიდან ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა.

„აქვე შევახსენებ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ახალი სააღმზრდელო წელი თბილისის ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება. რამდენიმე კვირის წინ ვახსენე და ახლაც გავიმეორებ, რომ წელს სამი ახალი და ორი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნება. ამ პროექტების მიზანია, როგორც ახალი ადგილების შექმნა, ისე არსებულ ბაღებში ჯგუფების განტვირთვა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა, რითაც მიმდებარედ მცხოვრებ 270 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა.

„ადგილობრივ მოსახლეობას წყალარინების ქსელების არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა. ეს იყო უდიდესი პრობლემა. აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსია, სადაც 270 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ცენტრალურ ქსელზე დაერთება მიმდინარეობს. ჯამში, 2 400 მეტრ სიგრძეზე ახალი ქსელი მოეწყო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, ორი მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით, რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა.

„გარდა ამისა, როდესაც პროექტის განხორციელებისას ადგილზე ვიმყოფებოდით, მოსახლეობამ გვთხოვა რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ჩვენ დავპირდით, რომ მოვაწყობდით. ამისთვის ტერიტორია მოიძებნა და დაპირება აუცილებლად შესრულდება იმისთვის, რომ შეძლონ დასვენება, განტვირთვა და ვარჯიში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და 2 500 მეტრი სიგრძის ბორდიური მოეწყობა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის ქსელი სრულად განაახლა. აღნიშნულ დასახლებაში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, რეაბილიტაცია მიმდინარეობს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, საბავშვო ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში.

მისი თქმით, სამუშაოებს, რისთვისაც, დაახლოებით, 1 000 000 ლარი დაიხარჯება, საბურთალოს რაიონის გამგეობა ახორციელებს.

„პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მე-4 ჩიხში სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.

„აღნიშნულ სკვერში მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება ყველაფერი. ეს სივრცე ამორტიზებულია და პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის. დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. აქაც მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაგროვილი დავალიანება, რომელთა გადახდას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ჩამოეწერებათ.

მისი თქმით, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ისინი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში (ბმა) ჩართვას შეძლებენ.

„2011-დან 2014 წლამდე თბილისის მერიამ და გამგეობებმა გასცეს სესხები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთა დაბრუნების შესაძლებლობაც ამ ამხანაგობებს არ ჰქონდათ. ამის გამო, ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, ვერ ახერხებდნენ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში ჩართულობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, მოხდეს ამ ვალის ჩამოწერა, რის შემდეგაც მიეცემათ შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში აღნიშნულ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბმა-ს პროგრამა იძლევა საცხოვრებელი კორპუსების მოწესრიგების შესაძლებლობას, ეს იქნება სახურავის შეცვლა, სადარბაზოს განახლება, შიდა კიბეების მოწესრიგება თუ სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაკეთდეს, იღებენ თავად კორპუსის მცხოვრებლები და ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ პროექტს ადგილობრივ გამგეობაში.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა სამძიმარი გამოუცხადა ჟურნალისტ გიორგი კობერიძის ოჯახსა და ახლობლებს.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო. ქართულ მედიას პროფესიონალი ჟურნალისტი გამოაკლდა. გიორგი კობერიძე ქვეყანაში მიმდინარე არაერთი ფაქტისა და მოვლენის ამსახველი სიუჟეტის ავტორი იყო. ის აქტიურად აშუქებდა დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე სამუშაოებს. ყველას ძალიან დასწყვიტა გული მისმა გარდაცვალებამ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ვუსამძიმრებ მის ახლობლებსა და მეგობრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები