თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს გამოეხმაურა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ გუშინ მიიღო.
მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა.
„მინდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოვეხმაურო. გუშინ პარლამენტმა ვეტო დაძლია და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულია. მინდა, მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით.
მეგობრებო, ეს არ არის პათეტიკური სიტყვები. დღეს, საქართველოს ბედი წყდება არა ხმლით, ან ტანკებით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით განმტკიცებული გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით.
გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
ბოლო თვეების მანძილზე ჩვენმა საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ დასაბუთებული პასუხი, რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს, როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პასუხი იყო ერთი - „იმიტომ“. ის, რაც ნებადართულია, მაგალითად, საფრანგეთისთვის (სადაც სულ ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი), აკრძალული აღმოჩნდა ჩვენთვის.
მინდა, შევახსენო ყველას, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამას ემატება მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია, რომლის გაუაზრებელი და დამღუპველი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ადამიანების უფლებების არნახული ხელყოფა, დარეკეტებული ბიზნესი და დახურული მედიასაშუალებები. მათი ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულებაა.
ამ გამოწვევების ფონზე საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება არგუმენტს - „იმიტომ“ გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი. საქართველოს ინტერესების დაცვა, მისი ევროპული მომავლის დაცვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა - ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ აქვს მოსახლეობის უმრავლესობის სრული მხარდაჭერა.
საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა და დღესაც მზად ვართ, მეგობრობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ხელისუფლება მზად არის, პირნათლად შეასრულოს წარმოდგენილი ცხრა პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია და გვაქვს მზაობა, გაიხსნას მოლაპარაკებები. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნება დაშანტაჟებული, როგორც კანდიდატის სტატუსის დროს მოხდა. გავიხსენოთ ყველამ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურად გამოყენება რომ ხდებოდა ქვეყნის და მთავრობის წინააღმდეგ. ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ.
მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას - ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. პირიქით ერთიანი ძალისხმევით, შემართებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ ევროკავშირში.
როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე არ მოგვანიჭეს, უამრავი სპელკულაცია მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი იყო. ვრცელდებოდა მიზანმიმართული მესიჯები, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო. არადა ყველა პარამეტრებით, გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს და საქართველო დაჩაგრეს. მაშინ ქვეყნის შიგნით გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს სტატუსის არმიღებით დავკარგეთ მილიარდობით გრანტი. საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტი? არ ჩანს. ამიტომ ამგვარი სპეკულაციები და ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ყოველთვის სიმართლე უნდა ვუთხრათ, ვისაუბროთ გამოწვევებზე, პრობლემებზე, მიღწევებზე, წარმატებებზე. მე მჯერა, რომ ბევრი მათგანი, ვინც ამ დღეების განმავლობაში აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონს, დაფიქრდება და თავის თავს მარტივ შეკითხვას დაუსვამს - როგორ შეიძლება გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ მომავალთან და ღირებულებებთან? იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც უცხოეთიდან 20%-ზე მეტით ფინანსდება, წლის განმავლობაში ერთხელ უნდა წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია და საზოგადოებას უთხრან, ვისგან მიიღეს თანხები და რა პროექტში რამდენი დაიხარჯა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გააკეთებს სწორ ანალიზს, რეალურად რა ხდება.
მჯერა, რომ ამ პროცესების შემდეგ, ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდება. რა თქმა უნდა, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, უფრო მალე და ღირსეულად გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ზემოაღნიშნული განცხადების შემდეგ, კახა კალაძემ ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას.
როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგავსი მასშტაბური პროექტი ბოლო ათწლეულებია თბილისში არ განხორციელებულა.
„ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია. საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში, მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი, გათვალისწინებულია ველობილიკიც.
ძალიან მიხარია, რომ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი მასშტაბის პროექტი განხორციელდა. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ამ პროექტს აქვს გაგრძელებაც, რომლის შესახებაც ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ხიდი ხვალ, 12:00 საათიდან გაიხსნება.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება 18, 22 და 26 ივნისს, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
„ძალიან მალე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ეს დიდი გამარჯვება - პირველად ისტორიაში მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მეამაყება ჩვენი ნაკრების გამარჯვებები. მე, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, რომ მეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა, დღეს, ათმაგად და ასმაგად ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ნაკრების გაყვანა ევროპის ჩემპიონატზე.
ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, გერმანიაში გამგზავრების. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, გერმანიაში ფრენების სუბსიდირება დაიწყო. თუმცა, ცხადია, ამას ყველა ვერ მოახერხებს, რომ სტადიონიდან უგულშემატკივროს ჩვენს ფეხბურთელებს.
ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ჩვენება მოვაწყოთ. იქნება ძალიან დიდი ეკრანები, სადაც შესაძლებელი იქნება, ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროთ. ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ შეძლებს, გარე სივრცეში შეუძლია უყუროს თამაშებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გარდა თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისა, სხვადასხვა აქტივობაც იქნება დაგეგმილი და ყველაფერს გავაკეთებთ ფედერაციასთან ერთად, რომ სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ისნის რაიონში, ისტორიული განაშენიანების ზონაში, მეტეხის N14-ში ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდება.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე, 2018 წელს შენობის ნაწილი, მიმდინარე წელს კი დარჩენილი ნაწილიც ჩამოინგრა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განახორციელა.
„აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში 33 მესაკუთრე ცხოვრობდა. ამჟამად, მოსახლეობა ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე შეძლებს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გადასვლას, სადაც მათ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები დახვდებათ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საზოგადოებას სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამის მიმდინარეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამა 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო. მოგვიანებით პროგრამას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა და დღემდე, მასში 250 მოქალაქე იყო ჩართული. მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს ორი სახის მედიკამენტის, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სრულად, 100%-ით დაფინანსებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო.
„ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტში წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, თავიდან პროგრამაში 15-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეები ჩავრთეთ, მოგვიანებით კი, მიდგომა შეიცვალა და დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებით დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და ამ დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
მისივე თქმით, დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი აქტივობა განხორციელდება, მთავარი ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, რომლის ფარგლებშიც პატარებისთვის განსაკუთრებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება „რანინას“ კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა, მათ შორის: თოჯინების თეატრის და თითების თეატრის წარმოდგენები, სპექტაკლი „ჟოზე“, მოეწყობა სპორტულ-გასართობი ზონები, ფოტოზონა, ახალგაზრდა მეწარმეთა და საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სკეიტ შოუ, ილუსტრაციების ზონა, ზღაპრის კუთხე და სხვა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა ყველა მშობელს მოუწოდა, ბავშვები სადღესასწაულო-გასართობ ღონისძიებებზე წაიყვანოს. მისივე თქმით, ღონისძიება - 17:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე დაიწყება.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."