15 ნოემბერი, 2023

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც „თბილისის განვითარების ფონდი“ განახორციელებს, პირველ ეტაპზე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მოხდება.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, რომელთაც სპეციალური დამუშავება, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. უკვე მთლიანად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე, გუდიაშვილის მოედანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ორ წელი გაგრძელდება.

„შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება. სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რადგან ბევრი შენობა-ნაგებობაა და ამას საგზაო ინფრასტრუქტურაც ემატება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისი ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზად და გამორჩეულად შეხვდეს.

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი საახალწლოდ კიდევ უფრო ლამაზი და გამორჩეული იყოს. დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. შეამჩნევდით, რომ ქუჩები უკვე ირთვება ილუმინაციებით. 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო განათებები და ეს პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო ღონისძიებები. უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეებს. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი - რუსთაველი დეკემბრის დასაწყისში მოირთვება ახალი განათებებით და ვფიქრობ, ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით საახალწლო დღეებში. ლამაზია საახალწლო სოფელი და ეს ტრადიცია წელსაც გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი მნახველი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქი 2024 წელს ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება, ვინაიდან გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხეს ფოიერვერკის გასროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, 16 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.

„საახალწლო სოფელი“ წელს განთავსდება ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში. ეს ორი ადგილი იქნება, სადაც საახალწლო დღეებში შეგვეძლება ჩვენი პატარებით მისვლა. შესაბამისი სივრცე მოეწყობა ყველა თაობის ადამიანისთვის. რაც შეეხება გალაკონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს ვუმასპინძლებთ. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს ძალიან ლამაზი იქნება და ბევრი ადამიანი ისიამოვნებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, გამრეკელის I შესახვევის N6-ში მდებარე კორპუსის დემონტაჟი იგეგმება.

თბილისის მერის თქმით, იგივე შესყიდვა წლის ბოლომდე ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადდება.

„დედაქალაქში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კერძოდ, მე-7 კვარტლის N12 კორპუსის კედლების მოჩარჩოება დასრულებულია მე-4 სართულამდე, მე-7 სართულზე კი მიმდინარეობს გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები. ასევე, მე-3 მასივში, კალოუბნის N18-ში აქტიურ ფაზაშია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება 12 მისამართზე, ხოლო წლის ბოლომდე ტენდერი დამატებით 10-მდე მისამართზე გამოცხადდება.

„პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 100-მდე მისამართიდან ფიქსირდება მომართვიანობა და თითოეულ მისამართზე მიმდინარეობს მესაკუთრეების მოთხოვნისა და რეგისტრირებული მონაცემების შესწავლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ N55 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც დასაშვებად მიიჩნია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით განსახორციელებელი გამარტივებული შესყიდვა გათავისუფლდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ანგარიშსწორების იმპერატიული მოთხოვნისგან.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მომდევნო დღეების განმავლობაში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს. სიახლეების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ, რომ უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ილიას ბაღში არსებულ პრობლემურ მდგომარეობაზე და აღნიშნული ტერიტორიის მმართველი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების უხეშად დარღვევის ფაქტებზეც ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მერიაში შემოდის ბაღის მდგომარეობით უკმაყოფილო მოქალაქეების არაერთი წერილი, რომელიც პარკის არასათანადო მოვლა-პატრონობას უკავშირდება.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დარღვევების გამოსწორების მიზნით, პარკის მმართველ კომპანიასთან შეხვედრა და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიასთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა დაავალა.

„ძალიან ბევრი წერილია შემოსული ილიას ბაღთან დაკავშირებით. ილიას ბაღის ტერიტორია 2011 წლის 7 ივლისს, მართვის უფლებით, 49 წლის ვადით (2060 წლის 7 ივლისამდე) გადაეცა შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“. ხელშეკრულებაში ჩადებულია ვალდებულება, რომ უნდა მოხდეს ტერიტორიის მოწესრიგება, მოვლა-პატრონობა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვენების, ბავშვების ატრაქციონებზე მიყვანის, ანუ არაფერი განსაკუთრებული. ბაღი სხვა რეკრეაციული სივრცეების მსგავსად უნდა იყოს მოწესრიგებული, თუმცა სახეზე გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა, რაც ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტია. უამრავი წერილი მოდის მოსახლეობიდან და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვენი საკუთრება და მერია არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული სივრცე მოაწესრიგოს. მმართველი კომპანია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვალდებულია, მუდმივად უზრუნველყოს პარკის მოვლა-კეთილმოწყობა, პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა და რეაბილიტაცია, ასევე, გასართობი ატრაქციონების პერიოდულად განახლება და მათი უსაფრთხო ფუნქციონირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთი ხელშეწყობის მიუხედავად, ბაღის მმართველი კომპანია სახელშეკრულებო ვალდებულებებს უხეშად არღვევს.

„სამწუხაროა, რომ მიუხედავად მერიის ხელშეწყობისა, მმართველი კომპანია უხეშად არღვევს ბაღის მოვლა-პატრონობისა და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებს. ამ დროს ვილანძღები პირადად მე, ილანძღებიან ჩემი თანამშრომლები, რომ თითქოს ჩვენ არაფერს ვაკეთებთ აღნიშნული ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. მინდა, ვთხოვო ვიცე-მერს, დაიბაროს აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები. როდესაც ქალაქის სიყვარულზე ვსაუბრობთ, ის მარტო მერს და მერიის თანამშრომლებს ხომ არ ეკუთვნის? ეს ქალაქი ყველასია და ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. რაც კეთდება, ის ყველასია და ყველამ უნდა იზრუნოს ამ ქალაქის განვითარებაზე. ყველანაირად ხელს ვუწყობთ ბიზნესს, მაგრამ ბიზნესის მხრიდანაც საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. თუ აღნიშნული კომპანია ვერ ახერხებს ტერიტორიის მოვლა-პატრონობას, დაიწყეთ საუბარი, რომ არსებული ხელშეკრულება გაუქმდეს და სივრცე თავისი შენობა-ნაგებობებით საკუთრებაში წამოვიღოთ. ჩვენ მივხედავთ, რეკრეაციულ სივრცესაც გავაკეთებთ, მოვაწესრიგებთ და ნორმალური პირობები იქნება დასვენებისთვის, სალანძღავი წერილებიც არ შემოვა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მისამართით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი საფეხმავლო ხიდი, რომელიც აბსოლუტურად უსარგებლო და სახიფათო იყო. განხორციელდა ზემოთ ხსენებული ხიდის დემონტაჟი, შენარჩუნდა მხოლოდ ბურჯები, რომელიც გამაგრდა, დამონტაჟდა ლითონის კონსტრუქცია და მოაჯირები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების ქსელი LED სანათებით. ასევე, მოწესრიგდა ხიდამდე მისასვლელი გზები. პირველად დაიგო ამ ტერიტორიაზე ასფალტი. დღეს უკვე შესაძლებელია მოსახლეობამ ისარგებლოს უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დედაქალაქში განხორციელდა, სამგორის რაიონში, საცხენისის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაა. შესაბამისი სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.

„გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვარკეთილში, საცხენისის ქუჩის N20-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე, რომლის ფართობი ნახევარი ჰექტარია, სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები და განთავსდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგია მსგავსი პროექტების განხორციელება ქალაქში. ჩვენს რაიონებსა და უბნებში ყველა ტერიტორია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტურისტული მიმართულებით, თბილისის მიერ მოპოვებულ წარმატებაზეც ისაუბრა. კერძოდ, შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“

მისივე თქმით, მოპოვებული წარმატება ხელს შეუწყობს თბილისის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

„ქალაქ ლუგანოში, შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე (Swiss Tourism Awards), თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“. აღნიშნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი იმ ქალაქებისა თუ მიმართულებების აღიარებაა, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ინარჩუნებენ საკუთარ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას. მოპოვებული ჯილდო კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს თბილისის, როგორც ტურისტულად უსაფრთხო და მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებასა და მისი უნიკალური პოტენციალის პოპულარიზაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო მედიაკომპანიის - „ვანდელასთის“ (Wanderlust) მიერ გამართულ ცერემონიაზე თბილისი ნომინირებულ იქნა „ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქის“ ჯილდოზე.

„მე, როგორც ამ ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ თბილისი ასე წარმატებით ეცნობა მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქალაქს ბევრი ადამიანი ესტუმრება. ვცდილობთ, ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები