11 სექტემბერი, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ფეხბურთელებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან დაძაბული და რთული მატჩი იყო, თუმცა დასრულდა ჩვენი გამარჯვებით. რა თქმა უნდა, ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ. წინ ოქტომბერში ძალიან რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება. ჩვენს ფეხბურთელებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ, რომ ოქტომბრის თამაშებს კიდევ უფრო მომზადებული შეხვდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ფეხბურთელებთან ერთად, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს.

„მადლობას ვუხდი ასევე, მწვრთნელებს და ქართველ გულშემატკივარს. მე არ გავყოფ ნაკრებს და გულშემატკივარს ერთმანეთისგან, რადგან ეს უკანასკნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეთორმეტე მოთამაშეა. რა თქმა უნდა, ის მხარდაჭერა, თანადგომა, რომელსაც ჩვენი ბიჭები მათგან გრძნობენ, ძალიან ბევრს ნიშნავს. მერწმუნეთ, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, როდესაც თავადაც ფეხბურთელი ვიყავი, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა არა მხოლოდ გამარჯვების, ასევე მარცხის დროსაც. სპორტი ასეთია - ხან მოიგებ, ხან წააგებ. ამიტომ არის ქართველი გულშემატკივარი დასაფასებელი. იმ ძნელბედობის ჟამსაც, როდესაც სირთულეები იყო, ვიღაცებს ჩვენი ნაკრების შეიძლება არ სჯეროდა, ვიღაცები ამას პოლიტიკურად არასწორად იყენებდნენ, მიდიოდა სპეკულაციები, მათ კი ნაკრების სჯეროდათ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ადეკვატური უნდა ვიყოთ და შევძლოთ სწორი შეფასებების გაკეთება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატება არის, როგორც თითოეული ფეხბურთელის მიერ გაწეული დიდი შრომის, ისე ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

„პროექტის ფარგლებში, მწვანე საფარი შეიცვალა, ფილები დაიგო, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. გარდა ამისა, კუნძულ ტექსელის სკვერი და მაიკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი ერთმანეთთან დაკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით. სამუშაოების ფარგლებში, თბილისის „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში, რომელთა საერთო ფართობიც 3.5 ჰექტარია, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. 12 სექტემბერს საზეიმოდ ვხსნით აღნიშნულ პარკს. მობრძანდით, ვისაც გიხარიათ ქალაქის განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გრძელდება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის პროცესი.

„მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომელიც საერთაშორისო კვლევებითა და გამოკვეთილი მგზავრთნაკადის საჭიროების მიხედვით დაგეგმილ დერეფნებს გაივლის. დღეის მდგომარეობით, საავტობუსო პარკის შემადგენლობა უპრეცედენტოა და შეადგენს 1 935 ერთეულს, რითაც არსებითად გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობა. აქვე, შეგახსენებთ, რომ თითოეული მათგანი აკმაყოფილებს ევრო 6 ემისიის სტანდარტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის კუთხით. კარგად მახსოვს, 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, თუ რა მდგომარეობა გვქონდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და რა რაოდენობით. დღეს უკვე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საზოგადოებას კერძო ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.

„2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი. ეს რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მზარდია, რაც ერთი მხრივ, ლოგიკურია -ეკონომიკური ზრდის ფონზე, იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს მაჩვენებელი ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ჩვენთან სამი-ოთხჯერ მაღალია. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრნახევარზე ნაკლებ მანძილზე. ვხედავთ, როგორ ვითარდება ქალაქში საავტობუსო ზოლების სისტემა. თითოეული ახალი დიზაინი, რომლითაც მიმდინარეობს გზებისა და გამზირების, მოედნებისა და სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაცია, ფოკუსირებულია საფეხმავლო ინფრასტრუქტურის და შშმ პირებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ახალი კავშირების შექმნაზე, ეკომეგობრული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობაზე. ეს მიდგომა არის ერთადერთი აპრობირებული და უალტერნატივო პრაქტიკა კერძო ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასაჩქარებლად და ქვეითთა და მგზავრთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მცირე მანძილებზე საფეხმავლო და საველოსიპედო გადაადგილება, უკვე არსებული, 77-კილომეტრიანი ურთიერთდაკავშირებული საავტობუსო ქსელის გამოყენება მინიმალური გადაჯდომებით, მეტად ეფექტიანს ხდის მგზავრობას, ამასთან ხელს უწყობს, ქალაქში არსებული სატრანსპორტო კვანძების განტვირთვას, რაც თავის მხრივ, პირდაპირ აისახება გაუმჯობესებულ საგზაო უსაფრთხოებაზე და ჰაერის მდგომარეობაზე.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ სხვადასხვა მიმართულებით 398 ვაკანსია აქვს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ, როგორც დასუფთავების სამსახურში, ისე სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების მიმართულებით.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რომელიც თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1 000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კომპანიის ოფისებს კახეთის გზატკეცილი N67-ში და ბელიაშვილის ქუჩის N119-121-ში, სადაც შეძლებენ შესაბამისი ანკეტის შევსებას. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით, 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსის არსებობის ხუთი წლის მანძილზე, 200-ზე მეტი საინტერესო პროექტი დაფინანსდა.

„კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით წრეებში და მისი მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, 11 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე: www.culture.tbilisi.gov.ge.

მსგავსი სიახლეები