თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უკავშირდება. გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იქნას გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება.
ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, რადგან ეს თურმე, არადემოკრატიული ქმედებაა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ ამით არის გაჯერებული, არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, შინაარსობრივი განხილვა და ახსნა-განმარტება არ ყოფილა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე - ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ.
„კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს. მეგობრებო, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, მე კი ჩემი მხრივ, გაძლევთ პირობას, რომ საქართველოს ინტერესები არ გაიცვლება არაფერში. აღნიშნული კანონი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის. ისინი ფინანსდებიან დასავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოს თუ ორგანიზაციების მხრიდან. სწორედ ამის შესაჩერებლად გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ქვეყნის მოყვარე და ვინ - მტერი.
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთავაზებები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში მექსიკიდან შესვლა, რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება აღარ მოუწევთ. ეს კონკრეტული ნაბიჯები თუ გადაიდგმება, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, საქართველო მზადაა, ჯანსაღი პარტნიორობისა და ურთიერთობებისთვის და მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომელიც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ეხება.
„ის, რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, ისეთი რამე გაგვაკეთებინოს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან. საქართველოს შეეშვან და თავი დაანებონ. ჩვენ ომიც გამოვლილი გვაქვს და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გამოვიდა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა. სხვა ქვეყნებიც გამოვიდნენ და თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთონ. ჩვენ არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ, არაა მეგობრობა, არაა ჯანსაღი ურთიერთობები. ჩვენი ქვეყნის სხვისი ინტერესებისთვის გამოყენება და იგივე მდგომარეობაში ჩავარდნა, რაც უკრაინაშია, მიუღებელია.
ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებდნენ სანქციებზე მიერთებას, მეორე ფრონტის გახსნას, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას. ეს არაა დემოკრატია და ევროპულობა. თავიანთი განცხადებებით სწორედ ისინი უწევენ ევროპას დისკრედიტაციას. ჩვენ დღეს მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება, პარტნიორები და ჯანსაღი ურთიერთობები გვჭირდება და ამისთვის მზაობა გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით ფინანსდება.
თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა, ადრე კი აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ 70 000 ლარით ფინანსდებოდა.
„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ფინანსდება. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური) და გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესს. თბილისის მერიას ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხა აქვს გათვალისწინებული. პროგრამის დაწყებიდან (2015 წელი) დღემდე, 1 074 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში 60 მილიონ ლარამდე თანხა გადაირიცხა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მათ ყოველთვის გვერდით დაუდგება.
„რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიზარდა და სრულად, 100%-ით ფინანსდება. ადრე ფინანსდებოდა 70 000 ლარით, დანარჩენს პაციენტი აფინანსებდა, რაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყო ოჯახებისთვის - არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუნდაც ის ნაწილი გადაეხადათ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მიმართულება 100%-ით დავაფინანსოთ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 45 შემთხვევა დაფინანსდა და ამისთვის, მერიამ 3 155 000 ლარი დახარჯა. მზად ვართ, ყველას თანადგომა გამოვუცხადოთ, საჭიროების შემთხვევაში. გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომლითაც ვეხმარებით მოქალაქეებს და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ საზაფხულო ბაღებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა რაოდენობაც წელს 45-დან 50-მდე გაიზრდება. ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება.
„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს - ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 50 საბავშვო ბაღში 3 100-მდე თანამშრომელი იმუშავებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.
მისივე თქმით, პროექტი 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება, ბაღების ჩამონათვალი კი ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ყურადღება საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამებზეც გაამახვილა.
მისი თქმით, კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია.
„ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსი ჩანაცვლდება. მორიგ სამშენებლო ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ოთხსართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, თბილისელთა საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით, ფართების დაკანონების, უსახლკარო თბილისელების საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროგრამებს ახორციელებს.
„საცხოვრებელი ფართები, რომელთაც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ ოჯახები, მაგრამ ვერ ირეგისტრირებდნენ, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა და დაუკანონდა 2 879 ოჯახს. ეს პროცესი გრძელდება. დღევანდელი მთავრობის სხდომაზეც წარმოდგენილია კიდევ ხუთი ოჯახისთვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, მხოლოდ 2024 წელს უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარია გამოყოფილი.
„უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით, 2022 წლიდან დღემდე 103 ბინაა შეძენილი. 2024 წელს ცხრა ბინა შეძენილია და წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება ეს რიცხვი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, 200-მდე პირის განცხადებაა მერიაში მიღებული, სრულად დაკმაყოფილებულია სოციალური ქულების საფუძველზე წარმოდგენილი აქტიური განაცხადები.
„რაც შეეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს, 2017 წლიდან ხორციელდება ეს პროგრამა და ამ ხნის განმავლობაში, 2 380 ოჯახია დაკმაყოფილებული. კოოპერატივის წევრებისთვის გადაცემული და გადასაცემი ფართების ჯამური ოდენობა, დაახლოებით, 47 000 კვ. მეტრს შეადგენს. ამასთან, ინვესტორი კომპანიების მიერ აღნიშნული სამშენებლო პროექტების სრულად განსახორციელებლად გასაწევი საინვესტიციო ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 175 მლნ აშშ დოლარს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."