1 მაისი, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, ერაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - დაზიანდა მუნიციპალური ქონება, ადგილი ჰქონდა პოლიციაზე თავდასხმის ფაქტებს და ა.შ.

„გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც განსხვავებული აზრის მიმართ არსებობდა, მაგრამ გადაცდენების შემთხვევაში, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს. წუხელ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას, აგრესიულ თავდასხმებს პოლიციაზე, ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფას, დაზიანებულია მუნიციპალური ქონება. არაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, არც ერთ ჯგუფს არ მიეცემა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის შესაძლებლობა.

„არავის მივცემთ უფლებას, მოახდინოს ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამ ქვეყნის მტრებს გააჩნიათ სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს. პატრიოტი ხელისუფლება არ სჭირდებათ - სჭირდებათ აგენტები, ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, იქნება ეს მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის ომში ჩათრევა და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. საზოგადოება განვითარებულია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს და არა რევოლუციითა და გადატრიალებით. ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არსებულ რადიკალურ ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მანვე შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამართალდამცველებს წესრიგის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„თითოეულ პოლიციელს, სამართალდამცველს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მადლობას ვუხდი წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც ღირსეულად არიან ქალაქის სამსახურში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს გამართულ სახალხო შეკრებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღონისძიების მონაწილეებს ევროინტეგრაცია სურთ მხოლოდ ღირსებითა და სუვერენიტეტის დაცვით.

„სახალხო შეკრებაზე მთელი საქართველო იდგა. ისინი იყვნენ გულანთებული ადამიანები, ვისაც თავიანთი სამშობლო უყვართ. ამ ქვეყნის ბატონები და პატრონები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა და არა რომელიმე კონკრეტული ძალა. როცა ვსაუბრობთ უცხოური გავლენების შემცირებაზე, ამაში იგულისხმება ყველა უცხოური გავლენა. უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და უნდა გაიზარდოს ჩვენი ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენი მიზანია ევროინტეგრაცია, მაგრამ ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვითა და უცხოური გავლენის შემცირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის სოციალურ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს კომპონენტს ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ტესტირება დაემატა. აღნიშნულ მომსახურებას დედაქალაქში რეგისტრირებული 30-დან 60 წლის ქალები უფასოდ მიიღებენ.

„ჩვენ ახალი პროგრამის დანერგვა დავიწყეთ. HPV ტესტირება, მერიის პროგრამის ფარგლებში, „ეროვნულ სკრინინგ ცენტრში“ სრულად დაფინანსდება და დედაქალაქში რეგისტრირებული 30-დან 60 წლის ქალები, მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც HPV ტესტირებაზე გადავიდა. HPV მაღალტექნოლოგიური, ინფორმატიული და ზუსტი ტესტია, რომლის საშუალებით, მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის გამოვლენა ხდება. ტესტირების ახალი მოდელი, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომ სწორად მოხდეს მისი მართვა-მკურნალობა და მეტ ქალს შეუნარჩუნდეს სიცოცხლე. საბოლოო ჯამში კი, ეს საქართველოში კიბოს ავადობის მაჩვენებლებზე აისახება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროცესი დაიწყო, რაც 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.

„აღნიშნული ორგანიზაციის რეკომენდაციით, სკრინინგისა და დიაგნოსტიკის საერთაშორისო გზამკვლევის გათვალისწინებით, 30-დან 60 წლის ქალებში PAP ტესტირება HPV-ით უნდა ჩანაცვლდეს. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების მიზნით, კიდევ ერთი პროექტი ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N9 ბ-ში განხორციელდება.

თბილისის მერის თქმით, უკვე დაწყებულია პროექტირება და სამსართულიან ავარიულ შენობას ახალი, ექვსსართულიანი კორპუსი ჩაანაცვლებს.

„ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევში კიდევ ერთ მისამართზე დაიწყო პროექტირება - კერძოდ, მუხრანის ქუჩის N9 ბ-ში. სამსართულიან ავარიულ შენობაში 30 ოჯახი ცხოვრობს. მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებული ვართ და დროებით, მუნიციპალიტეტი მათ ქირით გაიყვანს. ამაში ხალხს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევს. მოხდება აღნიშნული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი ექვსსართულიანი კორპუსი აშენდება, მოსახლეობა კი გარემონტებულ და მოწესრიგებულ ბინებში დაბრუნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდგომაც გამოცხადდება ტენდერები სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან შეთანხმება მიღწეულია და დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება.

„როგორც უკვე გაცნობეთ, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები დავასრულეთ. ესენია: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯია“. მიღწეულია შეთანხმება და მოხდება ადგილმონაცვლეობა. ხელშეკრულებები გაფორმებულია, ჩაბარებულია საჯარო რეესტრში და აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი ორი თვის ვადაში განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, მუნიციპალიტეტი აღნიშნული გზის გაფართოებისა და მოწესრიგებისთვის შესაბამის პროექტს განახორციელებს.

„პარალელურად, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, რათა დაიგეგმოს, როგორ გაფართოვდეს და მოწესრიგდეს ეს გზა. ის პრობლემა, რომელიც ამ კონკრეტულ არეალთან დაკავშირებით დღეს გვაქვს, ძალიან მალე მოგვარდება. რაც შეეხება პროექტს, რომელიც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით უფრო დეტალურად მივაწვდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ სამგორის რაიონში, ე.წ. საქნავთის დასახლებაში, 25-მდე უსახური ავტოფარეხის ადგილზე, რომელიც ჯამში 11 000 კვ. მ ფართობს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე 25-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. მათი ჩართულობით მოხდა ამ ფარეხების დემონტაჟი და აღნიშნულ სივრცეში, რომელიც, დაახლოებით, 11 000 კვადრატული მეტრია, ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სატრენაჟორო და სპორტული მოედნები, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათების ქსელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, ამჟამად კი კალათბურთის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

თბილისის მერის ინფორმაციით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ჩართულობით, რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის მარშრუტები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. საუბარია მოსწავლეების რეგულარული ტრანსპორტირების მიზნით, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

„თბილისის მერიის ინიციატივითა და დედაქალაქის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლითაც სკოლის ავტობუსებს - M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ. ჩვენ უკვე მოვუწოდეთ სკოლებს, რომელთაც აქვთ სურვილი, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ. შემოსულია რამდენიმე სკოლიდან წერილი. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ამ ყველაფერს საკრებულოში გადავაგზავნით, შემდეგ კი ამ სასკოლო ავტობუსებზე კონკრეტული მითითებები გაიცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დადგენილია კონკრეტული მოთხოვნები, რაც სკოლებმა საავტობუსო ზოლში გადაადგილებისთვის უნდა გაითვალისწინონ.

„აღნიშნული მარშრუტები მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებს, სადაც, დამტკიცების შემდეგ, სასკოლო ავტობუსები გადაადგილდებიან ყოველდღიურად, გარდა უქმე დღეებისა და შაბათ-კვირისა. სასკოლო ტრანსპორტი უნდა გაჩერდეს მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე. ამასთან, გაჩერების დრო არ უნდა აღემატებოდეს ერთ წუთს. მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული დროა 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00-დან 18:00 საათამდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე, აღდგომის დღეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებულ სიახლეებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და მისი საშუალებით გადაადგილება უფასო იქნება.

„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან; ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

მსგავსი სიახლეები