3 აპრილი, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის კეთილმოწყობა დასრულებულია.

„როგორც იცით, აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისთვის, რომ ავტომობილებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ. ვთქვით, რომ სხვა დანარჩენი სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა. ეს იყო გარე განათების ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, მიწისქვეშა ურნების განთავსება. ასევე, იყო გარკვეული ხარვეზები, რაც საჭიროებდა გამოსწორებას. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ერთადერთი - გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მიხარია, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ 1-ელი აპრილიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი აამოქმედა. ელექტრონულ პორტალზე - consultant.tbilisi.gov.ge რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

„თბილისის მერია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ამოქმედდა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან და რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ რეგისტრირებულ განაცხადში წარმოდგენილ ერთ ან მეტ მიწის ნაკვეთზე ან კონკრეტულ არეალზე მიიღონ ნებისმიერი მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქალაქთმშენებლობით წარმოებას, დოკუმენტის განმარტებას, სამშენებლო ნებართვასა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე კონსულტაციას. პერსონალური კონსულტანტის მომსახურება შესაძლებელი იქნება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განაცხადის რეგისტრაციისთანავე გამოიყოფა კონკრეტული კონსულტანტი, რომელიც დაუკავშირდება ბიზნესსექტორის წარმომადგენელს და ინდივიდუალური, სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმში მოემსახურება მას. თანამშრომელი შეისწავლის არეალს, უპასუხებს დამკვეთის შეკითხვებს, განუმარტავს დოკუმენტაციას და მისცემს შესაბამის მიმართულებას წარმოების შედეგიანად მიმდინარეობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მომსახურება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუქმნის ნიადაგს წარმოების სწორად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რაც საბოლოოდ შეამცირებს წარმოების დროს.

„თითოეულ განაცხადზე მომსახურების გაწევის მინიმალური ვადაა სამი თვე. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 3 თვეზე 6 000 ლარია, რაც თვეში შეადგენს 2 000 ლარს; 1-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 12 000 ლარს; იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება 5 ჰა-ს - მომსახურების საფასური შეადგენს 30 000 ლარს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პირადი კონსულტანტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ რეჟიმში მოემსახურებიან შემდეგი მიმართულებებით: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისთვის კოორდინაციის პროცესში ხელშეწყობა; შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენიშვნის/ხარვეზის/მოთხოვნის განმარტება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს მშენებლობის ნებართვის მიღებას, სხვადასხვა დოკუმენტთან ან არეალთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას და ა.შ. ამისთვის თანამშრომლები სპეციალურად გადავამზადეთ, გაიარეს სტაჟირება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს იმისთვის, რომ თითოეული კონსულტანტი ყველანაირად კვალიფიციური იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით, კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს.

მისი თქმით, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა.

„არაერთხელ გვისაუბრია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დაგეგმილია 12 მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაცია. ამ პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, დაახლოებით, 55 მლნ ევრო გამოიყოფა. სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი; შეიცვლება სამი და მოდერნიზდება 30 ესკალატორი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაუმჯობესდება მეტროსადგურების ხელმისაწვდომობა; განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები; შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები; მომზადდება პროექტები დანარჩენი მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე ტენდერის ამ ეტაპზე ფასდება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, რათა შედგეს ე.წ. მოკლე სია (Short list) და ტენდერი მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, რომელიც ფინანსური წინადადებების განხილვასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას გულისხმობს.

„გამარჯვებული კომპანიის მიერ კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, გამოცხადდება კიდევ ერთი ტენდერი დეტალურ პროექტირებასა და სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე. ამ ტენდერის გამოცხადებას წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ ჭერის პროექტი განახლდა.

კახა კალაძის თქმით, სრულად რეაბილიტირდება და განახლდება აღნიშნული სადგურის ზედა ვესტიბიული, საესკალატორო გვირაბი, ქვედა ბაქნის ინტერიერი და შიდა ინფრასტრუქტურა.

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ქვედა ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტის ფილების დემონტაჟი, რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ განახლდა ჭერის პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია ჭერის მასალების დამამზადებელ კომპანიასთან ერთად ამუშავებს საინჟინრო-სამონტაჟო დეტალებს, რათა დამზადდეს ჭერის მასალები.

„ჭერის პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ გარკვეულწილად შეაფერხა სამუშაოების პროცესი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, აუცილებელი გახდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის კორექტირება.

მისივე განცხადებით, სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე.

„მეტროსადგურ „ავლაბრის“ გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებისას გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის მდგრადობის დამატებითი შესწავლის აუცილებლობა. აღნიშნული პროექტები რამდენიმე ათეული წლის წინ განხორციელდა და მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. მგზავრთა უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მდგრადობის დადგენისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, არაერთი კვლევა და ექსპერტიზა ჩატარდა. პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამუშაოების წარმოება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სადგურის ფუნქციონირების შეფერხების გარეშე ჩატარდება.

„მესმის, რომ გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს ასეთი პროექტების განხორციელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენთვის თითოეულ დეტალს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ეს არის სადგურები, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გადაადგილდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს უსაფრთხო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადგურები სამუშაოების დროს არ დაგვიხურავს, ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. ისევე, როგორც ვარკეთილში, აქაც სამუშაოები სადგურის გაჩერების გარეშე შესრულდება. ვცდილობთ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ღამის საათებში ჩატარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.

მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

„6 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ეს მარშრუტებია: N313, N320, N323, N326 და N372. N313-ის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 13 წუთამდე, N320-ის - 8 წუთამდე, N323-ის - 11 წუთამდე, N326-ის - 18 წუთამდე, N372-ის შემთხვევაში კი - 12 წუთამდე. ჩვენთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გვქონდა პრობლემური ადგილები, სადაც ადამიანებს უწევდათ 30-40 წუთი ლოდინი. ვცდილობთ, სწორედ ასეთ არეალებში დავამატოთ ავტობუსები და მოცდის დრო შევამციროთ. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერია კონკურსში - „ქუჩის ხელოვნება“ (ე.წ. სტრიტ არტი) მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. განცხადებების მიღება 30 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე - tbilisi.gov.ge შესაძლებელი.

„ბოლო ხანს, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქუჩის ხელოვნება, ე.წ. სტრიტ არტი. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე თანამედროვე ატრაქციად იქცა, რაშიც დედაქალაქის მერია ჩართულია - მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რათა გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და შევძლოთ კონკრეტული არეალების ასეთი ნამუშევრებით მოხატვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქში 100-მდე ასეთი ნამუშევარი შეიქმნა და თბილისის მერია თითქმის ყოველთვის ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების მონაწილეა.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი „თბილისის მურალ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც უკვე მოიხატა 30-მდე კედელი, წელს კი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კიდევ 10-მდე კედლის მოხატვაა დაგეგმილი.

„ასევე, თბილისის მერიისა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, „ნიკოს“ ეგიდით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანს შეემატა 50-ზე მეტი ნამუშევარი. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი არტისტები, რაც ნამუშევრებს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს. ასევე, სხვადასხვა ჯგუფების ინიციატივით, შარშან მოიხატა სამხატვრო აკადემიის კედელი, გაჩნდა საინტერესო ნამუშევრები ბუდაპეშტის ქუჩაზე და სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები