28 თებერვალი, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, 2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით იმ რამდენიმე რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება, სადაც დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

„როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს. 160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერის განცხადებით, თბილისს კიდევ 40 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება.

„40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება. ამ მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, თუ რა პირობებზე უნდა იყოს გათვლილი ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები.

„ავტობუსები სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის; ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილი იქნება თბილისის კლიმატურ პირობებზე; აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს.

„ავტობუსები გათვლილი უნდა იყოს 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე, WIFI მოწყობილობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დიდგაბარიტიანი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვაზეც ილაპარაკა და ბიზნესსექტორს მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადგენილი რეგლამენტი.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელების პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია შედგა.

„აღნიშნული რეფორმა გასულ წელს დავიწყეთ და ამ პერიოდში ბიზნესასოციაციაში, სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. შეხვედრებს ესწრებოდა ვიცე-მერი და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც პირადად პასუხობდნენ შეკითხვებს და ითვალისწინებდნენ მათ საჭიროებებს. საკმაოდ თანმიმდევრული კომუნიკაციის პირობებში, საჯარო განხილვის რეჟიმში შევიმუშავეთ ეს რეფორმა და შესაბამისი რეგულაციები. ამის შემდეგ, ის განიხილა პარლამენტმა და გასული წლის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც, საკრებულომ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, დაწესდა რეგულაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვაზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიზნესსექტორის ცალკეული სუბიექტები ამ რეგულაციას მოუმზადებლები შეხვდნენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეფორმა და პიკის საათებში დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა თბილისის ცენტრალურ ნაწილში. ვიცით, ქალაქში რა მდგომარეობაა და მუნიციპალიტეტი, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ბევრ ღონისძიებას ახორციელებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების საშუალება მიეცეთ - პირველ რიგში, გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარობა. განვაახლეთ ავტოპარკი, ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. საგზაო ნაწილშიც ხორციელდება კონკრეტული პროექტები, როგორიცაა, ქუჩების ახალი დიზაინი, მთლიანად გადაწყობა, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს პრიორიტეტი და შეეძლოს ყველაზე სწრაფად გადაადგილება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დიდგაბარიტიან ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ დილისა და საღამოს პიკის საათებში, ქალაქის კონკრეტულ რაიონებში ეზღუდებათ.

„მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევამციროთ იმ ინციდენტების რაოდენობა, რომელიც აფერხებს მოძრაობას. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ზემოაღნიშნული ცვლილებები. რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ საზოგადოებას ვაჩვენე კადრები, რამხელა პრობლემას იწვევს დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილი, რომელიც დაზიანებულია ან შეექმნა პრობლემა. ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, ერთი ქუჩიდან გადადის მეორეზე და ასე შემდეგ. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, როგორც ამ სერვისის გამწევს, ასევე, მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება. არავის უხარია ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისთვის, რომ მოქალაქეებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ. დიდგაბარიტიან ავტომობილებს დილისა და საღამოს პიკის საათებში, ქალაქის კონკრეტულ რაიონებში ეზღუდებათ გადაადგილება. თუ შედარებას გავაკეთებთ, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვიდრე ეს თვეების წინ იყო. შემსუბუქებულია ვითარება, თუმცა ჯერ ისეთი არ არის, როგორიც გვინდა, რომ საბოლოოდ მივიღოთ. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ილაპარაკა, ტაქსის ნებართვებს ეხება. მისი თქმით, პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

„გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვაა გაცემული - ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროებაა ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, ეს ნებართვები აეღოთ. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 20–21 ათასი ნებართვაა გაუაქტიურებელი. ამიტომ, პირველ აპრილამდე გაქვთ ვადა. პირველ აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ნებართვები შეინარჩუნოთ, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შესაბამის ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკების კიდევ ორ ქუჩაზე - ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელის მოწყობას იწყებს.

მისი თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე არც წყალარინების ქსელი და არც გზის საფარი არ არსებობდა.

„წყალარინების ქსელისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 1 240 000 ლარი დაიხარჯება. წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ, ორივე ქუჩაზე დაიგება ასფალტი, რისთვისაც, დაახლოებით, 2,5 მლნ ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამუშაოების განხორციელება. შექმნილი პრობლემა არასწორი განაშენიანების შედეგი იყო. შესაბამისად, ურბანული პოლიტიკის მხრივ მუშაობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 7 000 კვ.მ ფართობზე შესრულდება.

„სკვერი მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, ვიდეომონიტორინგის კამერები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება.

ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული ქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მწვანე და რეკრეაციული სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ პარკი სრულად განახლდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, 1-ელი მარტიდან დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება იწყება.

„როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის გერბი და დროშა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელიც შედგება ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან. კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რის საფუძველზეც თბილისის მერია მზადაა, გამოაცხადოს დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს მერიაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამარჯვებული ნიმუშების ავტორი დასაჩუქრდება 10 000 ლარით.

„დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობებისა და განაცხადების წარმოდგენის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე tbilisi.gov.ge. იმედი გვაქვს, რომ თბილისს სულ მალე ჰერალდიკის წესების შესაბამისი სიმბოლოები ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები