7 თებერვალი, 2024

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

კახა კალაძემ სამძიმარი გამოუცხადა გუშინ, ქედაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახსაც.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ასევე, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თემურ ბარამიძე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სოფელ ნერგეეთში მობილიზებულია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

დედაქალაქის მერმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ორ მილიარდ ლარს მიაღწევს.

„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და შემდეგ დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხებია. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შედეგად კი ორ მლრდ ლარს მიაღწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მუნიციპალურ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება.

„ვიწყებთ პროცედურებს, რომ წელს დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენ თავიდან 200 ერთეულის შეძენა გვინდოდა, თუმცა საკმარისი თანხა არ გვქონდა და მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ; ჯანდაცვის სამსახურში, სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოიყოფა 4 300 000 ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ემატება, დაახლოებით, 17 მლნ ლარი სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად. მათ შორის, არის მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის პროექტი და სამგორში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაშია, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საავტომობილო გზა განადგურებულია. გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამსახურს 36 მლნ ლარი ემატება. აქედან 10 მლნ ლარი გათვალისწინებულია ვაკის პარკისთვის, ე.წ. სამხედრო ქალაქში ახალი პარკის მოსაწყობად - 6 მლნ ლარი, ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის - 10 მლნ ლარი, გლდანის ტბისთვის - 5 მლნ ლარი. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სკვერისა და რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს რაიონულ გამგეობებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, ჯამში, 13 მლნ ლარი დაემატება.

„კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით გამოიყოფა 19 მლნ ლარი, საიდანაც 13,5 მლნ ლარი ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება, ხოლო 5 მლნ ლარი - დიღმის მასივში სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოებს. „თბილსერვის ჯგუფს“ ეძლევა, დაახლოებით, 37 მლნ ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. მათ შორის, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და დამატებითი სპეცტექნიკის შესასყიდად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად, ბენეფიციარებს მომლოდინეთა რიგის დაკავება აღარ მოუწევთ.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, მომსახურებას 18 წლამდე ასაკის 1 850 ბავშვი და მოზარდი იღებს, მარტიდან კი მათი რიცხვი 2 100 გახდება. პარალელურად, პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 1 350 000 ლარით გაიზრდება. თბილისის მერიის ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 5 400 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პროგრამას, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებაც ემატება და პროგრამას, ჯამში, 10 ცენტრი მოემსახურება.

„პროგრამის ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ. ინდივიდუალური განვითარების გეგმა პროგრამის მოსარგებლეზე მორგებულ სეანსებსა და მათ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც პროგრამის მოსარგებლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება.

თბილისის მერის განცხადებით, დადგენილია ის არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. ასევე, განსაზღვრულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის შესაბამისი გამონაკლისები.

„არსებობს არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს და დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის - ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე, ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აკრძალულ ზონაში, შეზღუდვის საათებში გადაადგილება 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

„ვინც დაარღვევს აღნიშნულ კანონს, 1 000 ლარით ჯარიმდება. ჩვენ არავის დაჯარიმება არ გვიხარია. მთავარია, დაიცვათ წესი და ამ კონკრეტულ არეალებში გადაადგილებისგან თავი შეიკავოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პირველი იანვრიდან ასევე ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაა დასაშვები. აღნიშნული ცვლილებები სკოლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა.

კახა კალაძის განცხადებით, მითითებული წესის გამოყენება შეეძლებათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს.

„აღნიშნული წესის შესაბამისად, კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ, შეათანხმოს სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალი. ამის შემდეგ, მათ შეეძლებათ, უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ დავიწყებ ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატარების უსაფრთხოება, მათი გადაადგილება, რათა დილისა და საღამოს საათებში საცობებში არ იდგნენ. იაქტიურეთ, მოგვმართეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ იმ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები შევითანხმოთ, რომლითაც პატარები გადაადგილდებიან, დავარეგისტრიროთ და ავტობუსის ზოლების გამოყენება შეძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქს ნევროლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი დაუბრუნდება. შესაბამისი ღონისძიებების გატარება კახა კალაძემ თავის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დაავალა.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ეზოში აღნიშნული ბიუსტი 1988 წელს განთავსდა, ხოლო დაწესებულების ადგილმდებარეობის ცვლილების შემდეგ, მისი დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მივმართო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას: როგორც ვიცი, აღნიშნული ბიუსტი „ნიუ ჰოსპიტალსს“ აქვს, მათი მხრიდანაც არის მზაობა მისი განთავსებისთვის -დავიწყოთ მუშაობა, რათა ურთიერთშეთანხმებით, ქალაქს საზოგადო მოღვაწის ბიუსტი დაუბრუნდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის თქმით, პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ქუჩაზე, ვაშლიჯვრის დასახლებაში, შესაბამისი საინფორმაციო დაფა განთავსდება.

„ასეთ ადამიანებს სჭირდება პატივისცემა, დაფასება და ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ვფიქრობ, აუცილებელია“, - აღნიშნა მერმა.

მსგავსი სიახლეები