10 იანვარი, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საახალწლო დღესასწაულის შექმნაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა.

„2024 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა, რომელიც 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 60 თანამშრომელი, რომლებიც საახალწლო ღონისძიებების ლოკაციებზე მუდმივ რეჟიმში წესრიგის, უსაფრთხოებისა და პიროტექნიკის გამოყენება-რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფდნენ. მადლობას ვუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისიდან დედაქალაქის მორთვასა და გალამაზებაში არიან ჩართული, საახალწლო ღონისძიებების ადგილებში კი სისუფთავისა და განათებების გამართულობას მუდმივად უზრუნველყოფენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „საახალწლო სოფლის“ შენებაში ბიზნეს სექტორისა და კონცერტში მონაწილეების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საახალწლო სოფლის“ შენებაში გაწეული უდიდესი წვლილისთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „საქართველოს ბანკი“, „კოკა-კოლა“ და „ვისოლ ჯგუფი“. მადლობა კერძო კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებების იერსახის შექმნაზე იზრუნეს. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისთვის, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მადლობა მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე ღონისძიებების ყოველდღიური გაშუქებისთვის. ღონისძიებებში წელს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა: მუსიკალური ჯგუფები, გუნდები, საბავშვო სტუდიები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, საესტრადო შემსრულებლები, ანიმატორები და სხვა. წელს განსაკუთრებულად დიდი ინტერესი იყო საახალწლო ბაზარში მონაწილეობაზე. ამ 23 დღის განმავლობაში, ჯამურად წარმოდგენილი იყო 289 მეწარმე და 164 კვების ობიექტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს.

კახა კალაძემ დედაქალაქის გასული წლის ბიუჯეტის შესრულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები 2024 წლის ბიუჯეტში მთლიანად აისახება.

„2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული. გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 763 000 000 ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 963 000 000 ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. პირობას გაძლევთ, რომ 2024 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მოსახლეობა გაიგებს, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი რესურსები და ქალაქისთვის მნიშვნელოვან რომელ ღონისძიებებს მოხმარდება.

„მსგავსი ბიუჯეტი დედაქალაქს ჯერ არ ჰქონია. რაც შეეხება დამატებით რესურსებს, ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ხელფასიც 10%-ით მოიმატებს, თუმცა, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან, მათი ანაზღაურება კი ძალიან დაბალია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი ხელფასი 15%-ით გაიზარდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2017 წლიდან დღემდე, თბილისში 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 11-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„საბავშვო ბაღები ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემაა. 2017 წლიდან, როდესაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ მიგვეხედა არსებული ინფრასტრუქტურისთვის, მოგვეწესრიგებინა, ახალი აგვეშენებინა. როდესაც საუბარია ბავშვებზე, მომავალ თაობაზე, აქ ყოველთვის მიმართული იქნება განსაკუთრებული ძალისხმევა და ყურადღება, რათა ჩვენს პატარებს ნორმალურ გარემოში სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 2017 წლიდან დღემდე თბილისში 23 ახალი ბაღი აშენდა, რეაბილიტაცია კი მძიმე მდგომარეობაში არსებულ 11 ბაღს ჩაუტარდა. რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით და მუშაობას განვაგრძობთ. ხედავთ, თუ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეშურდება ასეთი ინფრასტრუქტურის ბაღები. ეს სტანდარტი მაქსიმალურად შენარჩუნდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საჯარო ბაღებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ახალი ბაღების მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია გრძელდება.

„2024 წელს ათი მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი. ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში. ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა“, -განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება.

თბილისის მერის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება.

მისი თქმით, მსგავს დარღვევებზე ჯარიმები ჯერ კიდევ 2018 წელს გაიზარდა, თუმცა აღნიშნული სანქციები ყველასთვის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა.

„მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და სანქციები, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ. უფრო მეტიც, პარლამენტის მხარდაჭერით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სანქციები ზოგიერთი მშენებლისთვის ბოლომდე შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ახალი კანონი მიმდინარე წლის 11 იანვრიდან შევა ძალაში.

„მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას დაუჭირა მხარი. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი კანონის მიხედვით: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); გ) ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის.

დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა);

ე) ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).

ვ) გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს კულტურული მემკვიდრეობის უამრავი უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე, გამკაცრებულია ჯარიმები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით;

მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი: უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით.

მსგავსი სიახლეები