5 აპრილი, 2023

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაციას იწყებს.

მისი თქმით, მასშტაბური პროექტის განხორციელება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ დაიწყება, რომელიც ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს.

„აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, დაიწყება აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაცია. განხორციელდება წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ასევე, შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. კარგად გვესმის, თუ რამდენად დიდი პრობლემაა ამ გამზირის გადაკეტვა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის რეაბილიტაციის ჩატარება ისე, რომ გამზირის დროებით გადაკეტვა არ მოხდეს. მოსალოდნელი დისკომფორტის გამო, ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, თუმცა ეს წყალში გადაყრილი თანხები იქნება. შემდეგ კი რთული იქნება საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ გუშინ ჩატარებული რეაბილიტაციის მიუხედავად, გამზირი დღეს ისევ პრობლემურია. ამიტომ, ერთად უნდა გავიჭირვოთ და გავაკეთოთ ის, რაც აუცილებლად გასაკეთებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამზირზე დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება; დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ტროტუარი; ქვეითთა გადაადგილებისთვის მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა შესაბამისი სამოძრაო ზოლი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი, ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

თბილისის მერმა ასევე, ისაუბრა ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდება.

„აკაკი წერეთლის გამზირის განახლების პარალელურად, ვიწყებთ შოთა შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციასაც. აღნიშნული ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, რეაბილიტირდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები. გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილები და მოეწყობა გარე განათების სისტემა. ყველა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელების პროცესი გარკვეულ დისკომფორტს ქმნის გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ ამასთან, ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისის ქუჩები და გამზირები იყოს თანამედროვე, ევროპული და განახლებული. იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება თანადგომა, მხარდაჭერა. იქნება დისკომფორტი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად უნდა გადავიტანოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტრანსპორტის რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი.

„აღნიშნული მონაცემები მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებში გამოიცადა, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 28 მარტს დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული - 1 360 795 მგზავრობა.

„ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შედეგად, 28 მარტს დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული - 1 360 795 მგზავრობა. აღსანიშნავია მგზავრთნაკადის ზრდა მეტროშიც. გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527 636 მგზავრს მოემსახურა. ეს შედეგია იმ რეფორმისა, რომლის ფარგლებში, სრულად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსების ავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია, შემუშავებულია სადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ასევე, განახლდა და ამოქმედდა უნივერსიტეტი-მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. წლის ბოლოს ამოქმედდება რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა და მნიშვნელოვან კვანძებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას.

„პარალელურად, ქალაქის მასშტაბით, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა. ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ქალაქის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან კვანძებზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც აღმოფხვრის არსებულ შეფერხებებს. წელს დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესიც და მომავალ წელს დედაქალაქს ახალი ავტობუსები შემოუვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის გარეშე, კერძო ავტომობილებით გადაადგილების მაჩვენებელი კიდევ უფრო მზარდი გახდება.

„2016 წელს დედაქალაქში გადაადგილდებოდა 300 000-მდე ავტომობილი. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 580 000-დან 600 000-მდეა. ეს ტენდენცია გრძელდება და გაგრძელდება. ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს და კვირაში ხუთი დღე ან მეტი, ავტომობილით გადაადგილდება 12%. დედაქალაქში ავტომობილს ფლობს, დაახლოებით, 45% და კვირაში ხუთი დღე ავტომობილს გამოიყენებს მფლობელების 97%. ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება. მესმის, რომ ის არაპოპულარულია, მაგრამ საუბარია ამ ქალაქის მომავალზე. წლების წინ რომ დაეწყოთ აღნიშნული რეფორმის განხორციელება, დღეს თბილისში სხვა რეალობა გვექნებოდა. არ ვუშინდებით აღნიშნულ გამოწვევებს, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში არავის არაფერი გაუკეთებია. 2017 წელს დავიწყეთ ამ რეფორმის განხორციელება. ხედავთ, რამხელა ძალისხმევა იდება მასში, რამხელა ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება მუნიციპალიტეტს. ცენტრალურ ხელისუფლებას და პირადად პრემიერ-მინისტრს, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას, რადგან აღნიშნული სიახლეების დანერგვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ასევე, ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალ პროგრამაზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ პროგრამა დედაქალაქის საკრებულომ უკვე დაამტკიცა და ძალაში შევიდა.

კახა კალაძის განცხადებით, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროცესში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება.

„აღნიშნული პროგრამა უკვე ფუნქციონირებს. ამ გადაწყვეტილებამ ყველა შესაბამისი უწყება გაიარა, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა და უკვე შეგვიძლია, ახალი პროგრამის საშუალებით, ძველი თბილისის შენობა-ნაგებობები მოვაწესრიგოთ. ერთადერთი რესურსი, რაც გვქონდა, იყო „თბილისის განვითარების ფონდი“, რომელიც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ბევრი კარგი სამუშაო ჩატარდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. ჩვენ იმდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ ძველ უბნებში, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ბიზნესის შემოყვანა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ახალ პროგრამას ორი მიმართულება აქვს, პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას კი „თბილისის განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს.

„პირველი მიმართულების მიხედვით, მაგალითად, მთაწმინდის რაიონში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ავარიული ძეგლი, სადაც ცხოვრობს 10 ოჯახი. თუ არსებობს ინვესტორი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს და შეძლებს აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას, პარალელურად კი, ფლობს მიწას ან სხვა სამშენებლო მოედანს, მივცემთ საშუალებას, მან არა ისტორიულ უბანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, პროექტის განხორციელება განსხვავებული პარამეტრებით შეძლოს. ისტორიულ უბანში მდებარე სახლი, რომლის სახის ცვლილება და სართულების დამატება ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, „თბილისის განვითარების ფონდის“ ჩართულობით რეაბილიტირდება. ეს ინვესტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას, ჩვენ მიერ დამტკიცებული პარამეტრებით, პროექტი სხვაგან განახორციელოს ისე, რომ ის სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დროს შეასრულებს, დაიბალანსოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალი პროგრამის მეორე მიმართულებას, თბილისის მერის განმარტებით, ის ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს.

მისი თქმით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

დედაქალაქის მერმა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზეც ისაუბრა, რომელიც პირველი აპრილიდან ამოქმედდა. მესამე ეტაპის ფარგლებში, ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდის - www.taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსიაc.

„პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის - www.taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რომელსაც ეს ეტაპი ითვალისწინებს. ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინსტრუქცია. მინდა, ტაქსის თითოეულ მძღოლს და ნებართვის მფლობელს წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებისთვის აღნიშნული ცვლილება წარმატების მომტანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ თბილისის მერია ურბანული სტილის ხელოვნების - „სტრიტ არტი“ კონკურსს აცხადებს, რომელიც ამ მიმართულების ფესტივალებსა და თავისუფალ პროექტებს გააერთიანებს.

კახა კალაძის განცხადებით, დაინტერესებულ პირებს წინადადებების შემოტანა აპრილის განმავლობაში შეეძლებათ, რომლის მიხედვით, პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.

„დედაქალაქში „სტრიტ არტის“ ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც შეიძლება ვიხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მრავალსართულიანი კორპუსის ან დაწესებულების კედელზე, ქალაქის ისტორიული უბნების არეალთან შეხამებული, ბეტონის სამშენებლო ღობეზე, და ასე შემდეგ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისში 70-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი შეიქმნა. თბილისის მერია კი თითქმის ყველა იმ პროექტის მხარდამჭერია, რომელიც დედაქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება. ამჯერად, გვაქვს ახალი ინიციატივა - გვსურს, გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც გააერთიანებს „სტრიტ არტის“ მიმართულების ფესტივალებსა და თავისუფალ პროექტებს. მთელი აპრილის განმავლობაში, თბილისის მერიაში შესაძლებელი იქნება განაცხადების შემოტანა, შემდეგ კი პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ურბანული სტილის არტისტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ქალაქის გალამაზებას ყოველთვის შეუწყობს ხელს.

„მადლობა თქვენ, რადგან უკვე ბევრი კარგი პროექტი განახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ახლა კი ველოდებით თქვენს წინადადებებს და ჩვენ კონკრეტულ პროექტებს დაგიფინანსებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მსგავსი სიახლეები