21 დეკემბერი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანზე 23 დეკემბერს, 19:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება.

მისივე თქმით, „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს და ყველას ექნება შესაძლებლობა, ნამდვილ დღესასწაულს დაესწროს.

„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება და ყველას გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ, მივიყვანოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, გავერთოთ. არ გამოტოვოთ, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ნამდვილ დღესასწაულს. თქვენ გელოდებათ ე.წ. ფლეშმობი და საახალწლო კონცერტი ყველასთვის საყვარელი შემსრულებლებით. დრამერები და ქუჩის თეატრის მსახიობები შექმნიან დაუვიწყარ სანახაობას. რაც მთავარია, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, თოვლის ბაბუა მობრძანდება და ბინას დაიდებს „საახალწლო სოფელში“. დარწმუნებული ვარ, მას დიდი სტუმრიანობა ექნება ამ სადღესასწაულო დღეებში. 14 იანვრამდე, ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ღონისძიება და კონცერტი გაიმართება, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ, გელით ყველას ორბელიანის მოედანზე. დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში“ - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას ორი მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული თანხა, დაახლოებით, სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი.

„ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობდით. დღეს მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გახლდათ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი, რაც თავიდან მოთხოვნილ თანხაზე, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება დაავალა.

„მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, რომ აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდეს. ვიცი, რომ აქ კატლავანია ამოღებული, ღობეებია მოწყობილი. გააკეთეთ პროექტი და წარვუდგინოთ საზოგადოებას, რა სახით დაუბრუნდება ეს სივრცე ვაკის პარკს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „მამისონთან“ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რომელიც გამოსასწორებელია. სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია „მამისონმა“ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია და ჯერჯერობით შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღნიშნული კომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა. შესაბამისად, არ ვთვლით საჭიროდ, რომ მათთან თანამშრომლობა გაგრძელდეს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აღნიშნულ დეფექტებს გამოასწორებენ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, გიორგი შარკოვს, მათთან ხელშეკრულება გაწყვიტეთ. მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ მომდევნო წლებში „მამისონი“ ვერცერთ სატენდერო პროცედურაში ვეღარ მოხვდეს. გადადგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ ეს კომპანია „გაშავდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თანხას, რომელიც მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მისაღებად დაიხარჯება, დედაქალაქის მერია კომპანია „მამისონს“ სასამართლოს გზით მოსთხოვს.

„მესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, დადგინდა ხარვეზები, აღნიშნული ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მათ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ, თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, ამდენი ხნის განმავლობაში, ელემენტარული დოკუმენტაციის წარმოებას ვერ ახორციელებენ. ყველა სამუშაოზე, რაც ჩასატარებელია, ყველა დეფექტზე რაც გამოსასწორებელია, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენვე გამოვასწოროთ, ხოლო თანხა, რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით, მოსთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ექსპლუატაციაში მიღება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და მალე მოემსახუროს მგზავრებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, მერიაში გაიმართა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა, სადაც საუბრის მთავარი თემა მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის საჭიროება იყო.

„ნებისმიერი თანამედროვე ქალაქი სხვადასხვა პრინციპის დაცვით ვითარდება, მათ შორის, ერთ-ერთია ინკლუზიურობა. ამ მხრივ, არც თბილისია გამონაკლისი. თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ თუ გამწვანების პროექტში ვითვალისწინებთ ინკლუზიურობის პრინციპს. რამდენიმე დღის წინ, მერიაში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის საჭიროებაზე მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის. მათ შორისაა, ხმოვანი შუქნიშნები, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ადამიანების უსაფრთხოება. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს და მინდა, საზოგადოებას განვუმარტო: შუქნიშანზე ალბათ ხშირად გსმენიათ ხმები. ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მთელს მსოფლიოში ადაპტირებულია და თბილისშიც დავიწყეთ მსგავსი პროექტების განხორციელება. ამ მიმართულებით საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ შუქნიშნის ხმა ღამის საათებში ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს და პრეტენზიებს გამოთქვამენ. უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა, გადაადგილდნენ თავისუფლად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც დღისა და ღამის საათებში შუქნიშნების ხმის რეგულირებას გულისხმობს.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, საჭიროა მეტროსადგურების ადაპტაცია და ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა.

„აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მინდა, კიდევ ერთხელ დავავალო შესაბამის სამსახურს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაქსიმალურად დაჩქარდეს ხმოვანი სისტემის დანერგვის პროცესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვანდალიზმის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სპეციალური აპარატურით აღჭურვილი 18 შუქნიშანი დააზიანეს.

მისი თქმით, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისში ინკლუზიურობის პრინციპით ხორციელდება და მოქალაქეები ვალდებული არიან, საერთო ქონებას გაუფრთხილდნენ.

„როგორც ვთქვი, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ინკლუზიურობის პრინციპით და არის ადაპტირებული. შუქნიშნებზე დამონტაჟებულია განსაკუთრებული დაცვის ღილაკი, რომელიც აღჭურვილია აკუსტიკური მახასიათებლებით. ასევე, შუქნიშნის სხვადასხვა ფაზა ინტეგრირებულია ხმოვანი სიგნალითა და ვიბრაციით. ბოლო პერიოდში ასეთი 18 მოწყობილობა დააზიანეს, რაც ძალიან სამწუხარო და ცუდია. ისინი განკუთვნილია მცირემხედველი ან უსინათლო პირების გადაადგილებისთვის და თითოეულის ღირებულება 2 500 ლარს შეადგენს. სამწუხაროა ასეთი ფაქტები და ზოგადად, ვანდალიზმი, რომელიც ქალაქში გვაქვს. ასე არაფერი გამოვა. თუ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ ქალაქზე იზრუნოს, გაითვალისწინოს თითოეული მოქალაქის საჭიროება და მათი უსაფრთხოება, ასევე, ვალდებულია თითოეული მცხოვრები, გაუფრთხილდეს საერთო ქონებას, ქალაქს, ინფრასტრუქტურას. ჩვენ ერთად ვქმნით და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს. თუ ჩვენვე დავაზიანეთ, ჩვენვე დავამტვრევთ, ქალაქის განვითარება და კეთილმოწყობა გაგვიჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ვანდალიზმი ქალაქის განვითარებისთვის შემაფერხებელია, ამ გამოწვევასთან გამკლავება კი მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„პროექტებს, რომელსაც ვახორციელებთ, შემდეგ ჩვენვე ვამტვრევთ. უამრავი ასეთი ფაქტია, რომელიც მძიმეა და მოქალაქეებში გაღიზიანებას იწვევს. მინდა ვთხოვო ყველას, განსაკუთრებით უფროსებს, რომ მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და თუ წავაწყდებით მსგავს ფაქტებს, რომლის ჩამდენიც, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვანები არიან, ავუხსნათ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს ხომ ჩვენთვის, ყველასთვის კეთდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ გამწვანების ახალი პროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია თბილისის ბაგა-ბაღებში გამწვანების პროექტს იწყებს.

მისივე თქმით, პროექტი საბავშვო ბაღების ეზოების ახალი ნარგავებით შევსებას ითვალისწინებს. სკოლამდელი აღზრდის პირველი დაწესებულება, საიდანაც ეს პროექტი დაიწყება, N169 ბაგა-ბაღია.

„წლის ბოლოს კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტს ვიწყებთ. ეს არის „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“, რომელიც საკრებულოში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივა იყო და სიამოვნებით გავიზიარეთ. პროექტის მიხედვით, ბაღის ტერიტორიაზე 200-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგვება. ეს სტანდარტი განევრცობა სხვა ბაგა-ბაღებზეც, რომლებსაც არ აქვთ გამწვანებული ეზო. ვიცი, რომ ბევრი მშობელი ინტერესდება ბაღის ინფრასტრუქტურით და ასეც უნდა იყოს. ბევრი ახალი ბაღი ავაშენეთ, ასევე, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვიწევს შენობის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. პროექტის განხორციელებით, ბაგა-ბაღები უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად მოწესრიგებული და გამწვანებული, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, პატარებს გამწვანების სიყვარული თავიდანვე ჩავუნერგოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი თანამშრომელი, ნანა ტაბატაძე წარუდგინა, რომელიც ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამოლოგია.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ნანა ტაბატაძე - ექიმი მამოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კიდევ ერთი მაღალპროფესიონალი კადრი ეროვნული სკრინინგ ცენტრიდან. იგი ცენტრის გახსნის დღიდან ჩართულია სიცოცხლის გადარჩენის კეთილშობილურ საქმეში და დიდი წვლილი მიუძღვის სკრინინგ ცენტრის პრევენციული პროგრამების ეფექტიანობაში. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მიმართეთ ეროვნულ სკრინინგ ცენტრს, ჩაიტარეთ უფასო სკრინინგული კვლევები, იყავით ჯანმრთელი და განაგრძეთ მშვიდი ცხოვრება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები