1 მაისი, 2019

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დამატებით, 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.

„ტენდერი, რომელიც ნოემბერში იყო გამოცხადებული, დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა 220 ახალ ავტობუსზე. წლის ბოლოსთვის თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვა და არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც მგზავრებისთვის, ასევე, ზოგადად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რადგანაც გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ჩვენ მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, მეტროს ვაგონების განახლებასა და მეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, ისინი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს. ტენდერი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო დავები, თუმცა საბოლოოდ დასრულდა და მათი მოწოდება 8-თვიან პერიოდში უნდა მოხდეს. ავტობუსი ISUZU-ს ფირმისაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე დღეში 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაციას გამართავს, რომლებიც უახლოეს მომავალში უკვე მოსახლეობას მოემსახურება.

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გვექნება. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია და ისინი თბილისის მოსახლეობას მოემსახურებიან, რაც მინდა მოგილოცოთ. ახალი ავტობუსები სხვადასხვა მარშრუტზე, სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა 8-მეტრიანი ავტობუსების ფოტოებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული და ამაში მოსახლეობაც ჩაერთვება.

კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში საწვავის ხარისხზე კონტროლის გამკაცრებაც იგეგმება, რათა ქვეყანაში დაბალი ხარისხის დიზელი არ შემოვიდეს.

„ავტობუსები ევრო 6-ის დიზელზე მომუშავეა, როგორც ევროპულ ქალაქებშია. ჩვენ შესყიდვის დროს ყველა სტანდარტს ვითვალისწინებთ. ასევე, აუცილებელია საწვავის საკითხიც. ყველანაირად მომზადებული უნდა ვიყოთ, რადგან ამ ტიპის ავტობუსებს სპეციალური, მაღალი ხარისხის საწვავი სჭირდება. პარალელურად, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ზოგადად, საწვავის ხარისხის გაკონტროლება მოხდეს. პრემიერ-მინისტრთან აღნიშნულ თემაზე საუბარი არაერთხელ მქონდა. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ხარისხზე კონტროლი დაწესდეს, განსაკუთრებით დიზელზე, რაც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს, გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება.

„ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგანაც ქალაქისთვის ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. დღეს გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას ვიწყებთ. ეს არის ორი ცენტრალური ქუჩა გლდანში, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არსებობს კონკრეტული მონაკვეთები, სადაც გზა ჩავარდნილია, რაც იმის გამო ხდება, რომ არსებული საკომუნიკაციო სისტემა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ორივე ქუჩაზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი და 22 ახალი სახანძრო ჰიდრანტი, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და ტროტუარები. როგორც სხვა ქუჩები გვაქვს მოწესრიგებული, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იქნება აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროსაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების შემოწმებას იწყებს. ნორმების გამკაცრება სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ - გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აუცილებელია, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. აუცილებელია, ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს უნდა გაითავისოს, როგორც დამსაქმებელმა და დამკვეთმა, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე არიან დასაქმებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს დაავალა, ე.წ. რეიდების ჩატარება მთელი ქალაქის მასშტაბით, მეტი სიხშირით განახორციელონ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციაა. მისი თქმით, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტულ კომპლექსში კორტების რეაბილიტაცია განხორციელდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

„თბილისის მთავრობა დღეს, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარის გამოყოფის შესახებ იმსჯელებს. გვსურს, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტული კომპლექსი ისე მოვაწესრიგოთ, რომ იქ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე, უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორი ჰარდის კორტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს იქ არსებულ ადმინისტრაციულ შენობას. უახლოეს პერიოდში, კომპლექსის რეაბილიტაციაზე ტენდერს გამოვაცხადებთ და სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისი 7-16 მაისს, სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ყველა საუნივერსიტეტო ქალაქს გააერთიანებს. 10-დღიან სტუდენტურ ზეიმში მონაწილეობას საქართველოს 36 უნივერსიტეტი მიიღებს.

„ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქიდან. რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუდენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტური სივრცე დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა და მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებსა და შემოქმედებით ჯგუფებს უმასპინძლებს. მისასალმებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. მსურს, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრს. რომ არა მათი მხარდაჭერა, ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ერთიანი ძალისხმევით, გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 36 უნივერსიტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლოთ და მივცეთ საშუალება, ზეიმი მოაწყონ. ამ ათი დღის განმავლობაში, იქნება ჩემპიონატები სპორტის რამდენიმე სახეობაში და კონკურსები კულტურულ-შემოქმედებით მიმართულებებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება არასაკონკურსო აქტივობები ინოვაციების, კულინარიის, კრიკეტის, სპორტის ექსტრემალური სახეობების მიმართულებით.

გარდა ამისა, კახა კალაძემ კრწანისის ტყე-პარკის მოწყობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტყე-პარკის განვითარება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საზოგადოებას ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი გააცნო, რომელიც კრწანისში ტყე-პარკის მოწყობას ითვალისწინებს.

„კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მწვანე სივრცეების ნაკლებობა გვაქვს, ასევე, გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები და რა თქმა უნდა, ასეთი ტერიტორიების ათვისება-გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღეს წარმოადგინეს გეგმა, თუ რა გაკეთდება ამ ტერიტორიაზე და როგორ განვითარდება კრწანისის ტყე-პარკი. მას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, უზარმაზარი რესურსი. თბილისთან ახლოს არსებული ეს ტერიტორია უნდ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ისეთი სივრცე მოვაწყოთ, სადაც ადამიანს სურვილი გაუჩნდება და შესაძლებლობა ექნება, ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდეს, გაერთოს და მწვანე სივრცეში დაისვენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო საკითხი, რომელსაც დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, გარემოვაჭრეებისთვის თბილისის ათივე რაიონში სპეციალური ადგილების უსასყიდლოდ გამოყოფაა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„ბაზრობებთან დაკავშირებით მე ადრეც გავაკეთე განცხადება და რაიონების გამგებლებს მოვუწოდე, გამოეყოთ ტერიტორიები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ყიდიან, რაც კანონით აკრძალულია. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. დახლების მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადება. ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს გამვლელებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მხრიდან გარემოვაჭრეებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

„პარალელურად, ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა და ყველა რაიონში გვექნება კეთილმოწყობილი, გაფორმებული ადგილები, სადაც ადამიანებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უფასოდ, ექნებათ შესაძლებლობა, მათ მიერ წარმოებული პროდუქტები გაყიდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები