27 მარტი, 2019

დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძე პირველ რიგში, ტაქსების მიმდინარე რეფორმას გამოეხმაურა და ის პრივილეგიები კიდევ ერთხელ განმარტა, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ სპეციალურ მანათობლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს.

„როგორც იცით, არის ლიცენზიის ორი მიმართულება - A და B კატეგორიები. B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება, ყავდეთ თეთრი ავტომობილი. ავტომობილის გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მათ არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. ამ პროექტს ტენდერში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია განახორციელებს. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ტაქსის მძღოლს გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება და ორ კვირაში უნდა მიმართოს შესაბამის კომპანიას. გარდა ამისა, მათ აქვთ პრივილეგია - ქალაქში მათთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც არანაირი გადასახადი არ ექნებათ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები მათი საკუთრება იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ის სპეციალური მანათობელიც წარადგინა, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემა. ერთიანი ვიზუალური სტანდარტის მანათობლები ღამის საათებში წითლად იქნება განათებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ტაქსი დაკავებულია.

კახა კალაძემ ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით ხორციელდება.

„რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ტვერელის სახელობის ტაძართან, 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ. ამ ადგილზე ადრე ბარაკები იყო და ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. დღეს, მათი პირობების გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ხდება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კორპუსების მშენებლობაზე საუბარი არ არის და კოეფიციენტის მატება არ მოხდება. ეს არის ორ-სამსართულიანი ტერასული ტიპის სახლები. გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან როცა სამუშაოები, გადათხრილი მიწის ნაკვეთი ვნახე, ეჭვი მეც გამიჩნდა. შესაბამისად, დავინტერესდი, რეალურად რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველა პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, რომ საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელიც აღნიშნული მშენებლობით არის დაინტერესებული, სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

„მინდა ჩემი თანამშრომლების მიმართ საყვედურის სახით ისიც ვთქვა, რომ როდესაც ეს თემა აქტუალური გახდა, ალბათ შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ და დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი უნდა დაებარებინათ. არ ვსაუბრობ ოპონენტებზე. ვიცით, რომ მათ გარკვეული ინტერესები აქვთ და ყოველთვის ეცდებიან, ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. მინდა ილია ელოშვილს ვთხოვო, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც თბილისზე გული შესტკივათ, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა ინვესტორი დაავალდებულა, რომ გაემაგრებინა ეკლესიის ღობე, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და პირველ რიგში, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული შეხედულება, რომ ყველა მშენებლობა დანაშაულია, უნდა შეიცვალოს და ამას მუნიციპალიტეტი ქალაქის სწორი განვითარებით მოაგვარებს.

„სამწუხაროა, რომ ის, რაც წლების განმავლობაში აღმშენებლობად ითვლებოდა, დღეს უკვე ერთგვარ დანაშაულად ითვლება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ისიც მესმის, რატომ არსებობს ეს დამოკიდებულება. ბევრი არასწორი პროექტი განხორციელდა ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდა გაკეთებულიყო. ადამიანებში ჩამოყალიბებულია ტენდენცია, რომ ყველა მშენებლობა დანაშაულია და არ აინტერესებთ, კანონის დაცვით კეთდება ის თუ არა. ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეალობა შევცვალოთ სწორი ქმედებებით, სწორი პროექტების განხორციელებით და ქალაქის ურბანულად სწორი განვითარებით. ჩვენ გვაქვს გენგეგმა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ქალაქის სწორ განვითარებას გულისხმობს. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში, არსებულ პრობლემებს მოვაგვარებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, თბილისში ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესია. აღინიშნა, რომ ელექტროდამტენებს კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - chargers.tbilisi.gov.ge უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტროდამტენის დამონტაჟების მოთხოვნით, 59 განაცხადია შესული.

„ელექტროდამტენების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, წახალისების მიზნით, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ განვაცხადეთ, რომ ვისაც ელექტრომობილები ყავს, ან ვინც აპირებს შეიძინოს, შეუძლია, დედაქალაქის მთავრობას მიმართოს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მათ საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. თან ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომ არც მუნიციპალიტეტს მოუწევს თანხის დახარჯვა. ბიზნესთან მუშაობით და ერთიანი შეთანხმებით, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანეთ. გამოცხადებული გვქონდა კონკურსი და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ელექტროდამტენები დამონტაჟდეს იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მოთხოვნაა. პირველი თებერვლიდან დღემდე, 59 მოთხოვნაა შემოსული. ამ პროექტის განხორციელებას მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, გათვალისწინებული იყოს ელექტროდამტენებისთვის საჭირო საკომუნიკაციო ქსელი, რათა მოგვიანებით, მონტაჟის ეტაპზე, გზის საფარის დაზიანება არ მოხდეს.

დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე სკოლამდელი აღზრდის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადაამზადებს. სასწავლო პროგრამის მიზანს აღსაზრდელების უსაფრთხოებისა და ბავშვებთან კონტაქტში მყოფი პერსონალის პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს.

„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის, რაც საბავშვო ბაღების აღმზრდელების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ყველა ბაღს ჰყავს ჯანმრთელობის კოორდინატორი, რომელიც შესაბამის პროფესიონალურ ჩარევას უზრუნველყოფს კონკრეტულ სიტუაციებში, თუმცა პირველადი დახმარების გაწევა აბსოლუტურად ყველა აღმზრდელს უნდა შეეძლოს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩვენი პატარები სრულფასოვან, უსაფრთხო გარემოში სწავლობდნენ. ამ მიზნით დაწყებული გვაქვს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. დღეისთვის, დედაქალაქის ბაგა-ბაღებში 61 000 აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა დიდია და ყოველწლიურად იზრდება. მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღის მშენებლობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სპეციალური ტრენინგ-კურსის განსახორციელებლად, უკვე გამოცხადებულია ტენდერი. ტენდერის პირობების მიხედვით, აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც თეორიული სწავლებასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ტესტირებას გაივლიან და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ. პროექტი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილების შესაბამისად ხორციელდება.

დედაქალაქის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაცდომების წინააღმდეგ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები გატარდება.

კახა კალაძემ მერიის სტრუქტურებში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს კიდევ ერთხელ სთხოვა, კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

„რამდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. წელს, როდესაც ვიწყებდით მუშაობას, პირველივე მთავრობის სხდომაზე პირადად გავამახვილე ყურადღება და ყველა იქნა გაფრთხილებული, რომ კორუფციის წინააღმდეგ, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ კორუფციას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი საქმეები. გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება. ყველას მოგიწოდებთ, რომ თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა მსგავსი ფაქტები არ მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონდარღვევის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტის მთავრობას ყოველთვის კატეგორიული მიდგომა ექნება.

„ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და თბილისელებს. ამიტომ, ძალიან დიდი პასუხიმგებლობა გვაქვს აღებული. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, უჭირს, დახმარება სჭირდება, მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ. უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ჩვენს თანამშრომლებსაც, ვისაც უჭირს, პრობლემები აქვს, ხელშეწყობა და თანადგომა ექნება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კანონის გადახვევით და ქრთამის აღების გზით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ, ყოველთვის ძალიან პრინციპული ვიქნებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები