თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.
კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ.
„მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით. საღამოს 8 საათზე გაიმართება ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთების ცერემონია. ყველას გეპატიჟებით. საკმაოდ საინტერესო საღამო იქნება. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს. ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად, წარდგება Stefano Signoroni. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველის. ამიტომ, 15 დეკემბერს გელით ყველას, დიდსა თუ პატარას. ერთად ჩავიფიქროთ და ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. „საახალწლო სოფელი“ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუსიკალური საღამოთი დაიხურება.
„16 დეკემბრიდან უკვე განათებულ ქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს მოიცავს. საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს კვებისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები და შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ლოკაციებს რაც შეეხება, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დედაენის ბაღში იქნება „საახალწლო სოფელი“ განთავსებული. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დედაქალაქში მიმდინარე საგზაო სამუშაოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლის იანვარში დასრულდება.
„რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ. ორი მსხვილი პროექტი მიმდინარეობდა დედაქალაქში - ეს არის წერეთლის გამზირი, სადაც სამუშაოები იანვარში დასრულდება და მეორე - უნივერსიტეტის ქუჩის ჩაკეტვა და შესაბამისი სამუშაოების წარმოება. ცხადია, ამ პროექტების განხორციელებისას წარმოიქმნა პრობლემები. თავიდანვე ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. იყო შეფერხებები, რისთვისაც საზოგადოებას არაერთხელ მოვუხადე ბოდიში, თუმცა ყველა ვხვდებით, რომ სხვანაირად შეუძლებელია ასეთი მსხვილი, მასშტაბური პროექტების განხორციელება. თუ არ მოხდება ქუჩის ჩაკეტვა, ფიზიკურად შეუძლებელია მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა. კომუნიკაციების გამოცვლა კი არის პირველი და ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს ქუჩის რეაბილიტაციისას. უნივერსიტეტის ქუჩაზე იყო შეფერხებები, მაგრამ ვინც გაიარა, ნახა, როგორ არის მოწესრიგებული. დარჩენილ გამწვანების სამუშაოებს, ტროტუარების მოწესრიგებას, ზებრა გადასასვლელების ადაპტირებას შშმ პირთათვის, კიდევ ერთი კვირა დასჭირდება. გარე განათების ქსელი მთლიანად არის შეცვლილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაც მომავალი წლის იანვარში დასრულდება.
„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და იანვარში დასრულდება. გარდა ამისა, ვგეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას. ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. ეს არის ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც ერთმანეთთან ქავთარაძის ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირს დააკავშირებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
თბილისის მერის შეფასებით, გიორგი ვაშაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ არაფერი იცის. შესაბამისად, მისი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება არასწორია.
„აღნიშნული თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანა პოზიტივს არავის მოუტანს. მას წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულების მოსაწესრიგებლად. მგონია, რომ პოლიტიკოსმა ეს დეტალები არც უნდა იცოდეს. არსებობენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც განუხორციელებიათ მსგავსი რეფორმები, პროექტები და მივყვებით მათ. ჩვენ ახალს ვერ გამოვიგონებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს შენიშვნა დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმების შესახებ, შეუძლია გამოხატოს, თუმცა შესაბამისი არგუმენტებით, დასაბუთებულად.
„მეგობრებო, თუ იცით რამე დამატებით, რასაც არ ვაკეთებთ და გასაკეთებელია, გვითხარით. პრობლემა არ არის არც თანამშრომლობა და არც შენიშვნების მიღება. ეს ქალაქი ყველასია და იმისთვის ვმუშაობთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი. უბრალოდ სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა არასწორია. გვითხარით ის, რაც იქნება არგუმენტირებული, კვლევებით დამტკიცებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მერიასა და შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.
მისივე თქმით, ბაღში საკმაოდ პრობლემური მდგომარეობაა და კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არაა.
„ილიას ბაღის ტერიტორია იჯარით არის გადაცემული. 2011 წელს მოხდა მისი გასხვისება 49 წლის ვადით. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს მოწესრიგებული, ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურით. ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. უამრავი წერილი და შეტყობინება შემოდის და ისმევა კითხვები, რატომ არ აწესრიგებს ამას მერია. ჩვენ ამისი უფლებამოსილება არ გვაქვს, რადგან ბაღი კერძო საკუთრებაშია. წინა სხდომაზე ვიცე-მერს დავავალე, რომ შეხვედროდა ამ კომპანიის წარმომადგენელს და დალაპარაკებოდა. თუ ისინი არ და ვერ ჩაატარებდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდებოდა და ტერიტორია დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, შეთანხმების თანახმად, ილიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.
„შეხვედრის შედეგად, მოხდა შეთანხმება და კომპანია მთლიანად მოაწესრიგებს ილიას ბაღს. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას თანამშრომლობისთვის. ზოგადად, მივესალმები ამ დამოკიდებულებას. მსგავსი პროექტების განხორციელებაში ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ასევე, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეკრეაციულ პროექტებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა.
მისი თქმით, აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ სამუშაოები, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაირგო ხე-მცენარეები.
„მსგავსი პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა რაიონსა და უბანში, სადაც ამ მასშტაბის სივრცეები არსებობს, უნდა მოვაწყოთ პარკები, დასასვენებელი სივრცეები. თუ დააკვირდებით, ყველა პარკი თუ სკვერი, რომელიც გავაკეთეთ, საღამოობით ყოველთვის სავსეა, ბავშვები კალათბურთს, ფეხბურთს თამაშობენ, სავსეა ატრაქციონები, ფანჩატურები, ყველა თაობის ადამიანისთვის იქმნება შესაბამისი სივრცე. ამ პროექტების განხორციელება უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე, მერის თქმით, დაპირებისამებრ, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს დიდ დიღომშიც, თავდადებულის ქუჩაზე.
„ორი ჰექტარი ტერიტორია, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობაში იყო, უკვე იწმინდება სამშენებლო ნარჩენებისგან, ხორციელდება მწვანე ნარგავების გამოხშირვის, ტერიტორიის გაწმენდისა და მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ასევე, იხსნება უკანონო შემოღობვები, რომელიც ძალიან ბევრია. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, სადაც საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები, დაირგვება ხე-მცენარეები. სამუშაოები 2024 წელს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კალაძის თქმით, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის N18ა-ს მიმდებარედ, სადაც მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, დარჩენილი იყო გამწვანებული ტერიტორია, რომელიც განახლებას საჭიროებს.
„დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები მომავალი წლისთვის დასრულდება. ეს პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, დიდ დიღომში მცხოვრებთათვის. ერთ დიდ სივრცეში თავმოყრილი იქნება საკალათბურთო მოედანი, ტანვარჯიშისთვის განკუთვნილი სივრცე, ჭიდაობის დარბაზი, სატრენაჟორო სივრცე, საცურაო აუზები პატარებისა და ზრდასრულებისთვის, მედიათეკა. აღნიშნული მულტიფუნქციური ცენტრის ირგვლივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგება საბურთალოს რაიონის გამგეობამ განახორციელა, მოეწყო ძალიან ლამაზი, მწვანე სივრცე. ამავე ტერიტორიაზე დარჩენილი იყო გამწვანებული ტერიტორია, რომელიც, შეიძლება ითქვას, სრულად გასაახლებელია. აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც დედაქალაქის მერმა გაამახვილა ყურადღება, ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლების რეაბილიტაციაა.
აღინიშნა, რომ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფურცელაძის N30, N32–სა და N34-ში მდებარე ავარიული შენობები თბილისის განვითარების ფონდმა ახლით ჩაანაცვლა და შიდასარემონტო სამუშაოებიც დაასრულა.
თბილისის მერის თქმით, შენობების ავარიულობიდან გამომდინარე, თავდაპირველად, მათი დემონტაჟი განხორციელდა.
„აღნიშნული პროექტი 2020 წელს დაიწყო და სამუშაოები უკვე დასრულდა. განხორციელებული პროექტის შედეგად, რვა ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. მათ წლის ბოლომდე ჩაბარდებათ გარემონტებული ფართები. გარდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისა, განხორციელდა ფასადის სამღებრო სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."