20 მაისი, 2019

ბოტანიკური ბაღის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია

მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეცნიერული შესწავლისა და მისი კონსერვაციის საკითხებთან. საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის მცენარეთა მრავალფეროვნებას, განსაკუთრებული დაცვა და მოფრთხილება ესაჭიროება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის საქმეში.
ჩვენი ამოცანაა, გაძლიერდეს და გააქტიურდეს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, განახლდეს მცენარეთა კოლექციები და ბაღმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვის და მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყება ბოტანიკური ბაღისათვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს სამეცნიერო ლაბორატორიების, სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციული და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. მჯერა, რომ ახალი ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობების გაძლიერებას.

კონფერენციის მიზანია საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის შედგების გაანალიზება, არსებული პრობლემების გააზრება, მცენარეთა კონსერვაციის საკითხებზე თანამშრომლობის ეროვნული პლატფორმის შექმნა და სტრატეგიული ხედვების ფორმირება.
კონფერენცაზე, რომელიც 20-21-22 მაისს იმართება, იგეგმება დისკუსია მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადების საკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, 22 მაისს, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი მცენარეთა კოლექციების გაცვლასა და მცენარეთა კონსერვაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და მისურის ბოტანიკურ ბაღს შორის. ასევე, გაფორმდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოში მოქმედ, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ბოტანიკურ ბაღებს შორის, საქართველოს მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელის შექმნის თაობაზე, რომელიც 15 სუბიექტს გააერთიანებს.
კონფერენცია, რომელშიც ბოტანიკური ბაღის ორმოცზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის 110 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 13 ქვეყნიდან, სამი დღე იმუშავებს სამეცნიერო და პლენარული სესიების, მრგვალი მაგიდისა და ვორქშოპების ფორმატში.

მსგავსი სიახლეები