დღეს, თბილისში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, რეგიონული უთანასწორობების დაძლევის (CORD) 2 დღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მიზანია ტერმინი „რეგიონული განვითარება“ რეალობად აქციოს და არსებითი გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების განვითარებაზე.
კონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოს ჰერმანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. კონფერენციას, ასევე, ესწრებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
აღნიშნული კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება და მაკედონიის, სერბეთი, მონტენეგროსა და მოლდოვას შემდეგ პირველად ტარდება საქართველოში. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეგიონულ განვითარებაზე მომუშავე პოლიტიკოსები და ევროკავშირის ექსპერტები.
კონფერენციაზე განხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობას. ასევე, შემუშავდება და დაიგეგმება 2014-2020 წლებში განსახორციელებელი ახალი მიმართულებები. ყურადღება გამახვილდება რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაზე, რისთვისაც მოწვეულნი არიან დაინტერესებული მხარეები, როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობებიდან.
კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან ადგილობრივი განვითარების წარმატებულ მაგალითებს. გაცვლიან გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში და შეიმუშავებენ ახალ მიდგომებს რეგიონული განვითარების კუთხით.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."