31 მაისი, 2018

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ბილეთის საფასურის ზრდა არ იგეგმება. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია.

თქვენ იცით, რომ ყიფიანის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო შენდება, ჩამოიშალა კლდე. ვავალებ ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს და ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს. შეისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო მერიაში, რა კვლევებს ეფუძნებოდა, როგორ წარიმართა სამუშაოები და დღის ბოლომდე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

ე.წ.ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პირველი პროექტი მზადაა.

მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს. მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ როცა ადამიანს გულით გჯერა და ხარ მონდომებული, რომ გარკვეული პროექტები განხორციელდეს, ყველაფერი არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე; ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ უკვე მოლაპარაკებები ამ ოჯახებთან, და მათ ექნებათ რეალურად შესაძლებლობა იმის, რომ ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღონ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე. 170 ოჯახზეა პირველ ეტაპზე საუბარი, თუმცა, ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ ე.წ.ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი და ძალიან მიხარია რომ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება და პროცესი დაწყებულია.

პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო, გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს. მადლობა სატრანსპორტო კომპანიას, რომ ის წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას.

21 მარტიდან გაიზარდა ჯარიმები და ამ პერიოდიდან ზედამხედველობის სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე, მათ შორის: უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე და ჯამში ჯარიმის სახით გამოიწერა 390 000 ლარი, პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი - სულ 160 000 ლარი; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა 5 ჯარიმა - ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო ჯარიმების საერთო ოდენობაა 450 000 ლარი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ნუ დააყენებს კანონზე მაღლა საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ არსებული მდგომარეობის გამოსწორება, მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, რომ მათ კონკრეტულ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე, მიმდებარე ტერიტორიებზე. რაც დღეს მოხდა ყიფიანის ქუჩაზე, მიუღებელია.

შინდისში მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა წყლით ისარგებლონ. ჩემს მოადგილეს ვავალებ, რომ GWP-სთან დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები. ვიცი, რომ თანხმობა არის ამ პროექტთან დაკავშირებით. შინდისი სააგარაკედ ერთ-ერთი საინტერესო ადგილია და შეუძლებელია მისი განვითარება თუ ელემენტარულად სასმელი წყალი არ ექნება ადამიანებს. მინდა წელსვე დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ამის პრობლემა არ ჰქონდეთ.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გაგი ბუაძის კანდიდატურა. ის ბოლო პერიოდში მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად. გაგი ბუაძე პროფესიით ფინანსისტია, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. ის ასევე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. იყო ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ენერგეტიკაში.

მსგავსი სიახლეები