9 ნოემბერი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც პროექტირების ეტაპზეა. კალოუბნის N18-ში მდებარე კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს და მათი მოთხოვნის საფუძველზე, დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება. მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია. გაფორმებულია ხელშეკრულება საპროექტო კომპანიასთანაც, რომელიც დეტალურ პროექტირებას წლის ბოლომდე დაასრულებს. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გარემონტებული და სრულად მოწესრიგებული ბინები ჩაბარდებათ. პროექტი ორი წლის განმავლობაში დასრულდება.

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა. დამატებით, დაახლოებით, 180 ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. ვიმედოვნებ, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, ამჯერადაც გამოხატავენ ინტერესს და მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით. ეს არის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ჩვენ კი, ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ.

ქეთევან დედოფლის გამზირზე, პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი განათების ქსელით, გამწვანებით, მიმდებარე არეალებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოეწყო მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მოეწყო კუნძულები და გადასასვლელები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

თბილისის მერიამ რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა და კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ყველაფერი გაკეთდება, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს განტვირთვის და დასვენების საშუალება ჰქონდეთ. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს და მას დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განახორციელებს.

მინდა, თბილისელები იცნობდნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ გამორჩეულ თანამშრომელს - იაგო მაისურაძეს, რომელიც თბილისის N199 ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ დირექტორია. ბატონი იაგო 2008 წლიდან უდგას სათავეში თბილისში ყველასთვის საყვარელ საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულას“, სადაც მისი დამსახურებით, პატარებისთვის ნამდვილი ზღაპრული სამყაროა შექმნილი. მისი მონდომებით, ბაღში მოწყობილია წიგნის საკითხავი სივრცე, შესაბამისი ინვენტარითა და დეკორაციებით. ბაღს კი ხშირად ჰყავს წარმატებული ადამიანები სტუმრების სახით. მადლობა იაგოს გაწეული საქმიანობისთვის და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს ჩვენი შვილებისთვის.

მსგავსი სიახლეები