6 ივლისი, 2022

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება.

მისი თქმით, ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რამხელა ყურადღება ექცევა სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას და აქტივობებს. ბევრი საინტერესო პროგრამა დავაინიცირეთ, კულტურული, შემეცნებითი ღონისძიებები, რაც ძალიან კარგია. თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, დასრულდა „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდა ტურნირები სპორტის 15 სახეობაში და კულტურული მიმართულების ტურები. ღონისძიების მასშტაბური დახურვა გაიმართება 6 ივლისს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც დაჯილდოვდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები კულტურის მიმართულებით. ღონისძიებაზე იქნება ახალგაზრდული ბენდის კონცერტი და დიჯეის პროგრამა. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და დაესწროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფესტივალში საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

„ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ის ყოველწლიურად უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდება. მინდა, ვუთხრა სტუდენტებს, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ მათ. ასევე, მინდა, მივმართო სტუდენტურ თვითმმართველობებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა, წარმოადგინონ საინტერესო პროექტები. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტებს ფინანსურად და შესაძლებელი გავხადოთ მათი განხორციელება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება.

„დაწყებული გვაქვს მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხიდის ერთი ნაწილი ჩაკეტილი იყო, სადაც უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. დღეს ვიწყებთ ხიდის მეორე ნაწილის განახლების სამუშაოებს. ის ნაწილი, რომელიც დაკეტილი იყო, გაიხსნება ავტომობილებისთვის, მოძრაობა შესაძლებელი იქნება. გადავდივართ მეორე მხარეს, სადაც ვიწყებთ ანალოგიური სამუშაოების ჩატარებას. პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი დაიგება, ტროტუარი განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. გარდა ამისა, ფასადები და თაღები გამაგრდება, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოებია.

დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„წლების განმავლობაში, დიდი დიღმის მოსახლეობა მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორიაზე, სადაც ძველი სპორტული მოედანი იყო, პარკის გაშენებას ითხოვდა, თუმცა, ტერიტორია გასხვისებული იყო. წლების წინ, იყო მავნე პრაქტიკა, როდესაც რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების ხარჯზე, მშენებლობების განხორციელება და კორპუსების ჩადგმა ხდებოდა, რაც ძალიან ცუდი იყო და არავის მოსწონდა. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მშენებლობას, განვითარებას, აღმშენებლობასა და წინსვლას არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად. დედაქალაქს ძალიან სჭირდება რეკრეაციული სივრცეები, რათა ჩვენმა შვილებმა სუფთა ჰაერი ისუნთქონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და აღნიშნული ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა.

„ულამაზესი პარკი გაშენდა 14 700 კვ.მ ფართობზე. გაკეთდა ყველაფერი, ველობილიკებით, განათებით, სარწყავი სისტემითა და ატრაქციონებით. ყველაფერი არის გათვალისწინებული, რაც საჭიროა პარკში. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქს ძალიან ბევრ პარკს ვაჩუქებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

„მინდა, კიდევ ერთი სიახლე მივაწოდო საზოგადოებას - ვიწყებთ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. განადგურებულია ფილები, არის მწვანე სივრცის ნაკლებობა. თვითონ ბაღი პატარა ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასში, რაც შეიძლება გაიზარდოს მწვანე სივრცეების ფართობი, დაირგოს ხე-მცენარეები, მოწესრიგდეს სარწყავი სისტემა, დამონტაჟდეს განათების სისტემა. გარდა ამისა, ბაღში ამ ეტაპზე, საპარკე ინფრასტრუქტურა განადგურებულია, თუმცა, ყველაფერი იქნება განახლებული და მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ყველა ადამიანს, რომელიც აღნიშნული სივრცით სარგებლობს, ძალიან მოეწონება. მეც, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება და დედაქალაქს ბევრი მწვანე სივრცე ემატება. ბედნიერებაა, რომ ყველა რეაბილიტირებული პარკი თუ სკვერი, საღამოობით სავსეა მოქალაქეებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თბილისს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება, რასაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა. აღნიშნული პროექტი, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 274 000 ლარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. შესაბამისად, ყველა პროექტში გათვალისწინებულია სპორტული სივრცეების არსებობა იმისთვის, რომ ახალგაზრდები სპორტით დაკავდნენ. წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი მთლიანად კეთილმოწყობილია. გარშემო გულშემატკივართა ტრიბუნა განთავსდა. ამ პროექტის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულიყო. დაახლოებით, 274 ათასი ლარი დაიხარჯა პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ფესტივალის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 9 ივლისს, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის პარკში საფესტივალო დღე გაიმართება.

„9 ივლისს, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის პარკში პატარებისთვის მოეწყობა მეზღაპრის კუთხე, ილუსტრატორთა კუთხე, ასევე, თითების თეატრის წარმოდგენები გაიმართება. სპორტული ნაწილი მინი გოლფით, მაგიდის ჩოგბურთითა და სხვა აქტივობებით იქნება დატვირთული. 21:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, ზუკა ხუციშვილისა და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდების კონცერტი ჩატარდება. საფესტივალო დღეს დიჯეი Salien დაასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ფესტივალი თბილისის უბნებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

„ფესტივალის - „თბილისის ცის ქვეშ“ მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. მსგავსი პროექტების განხორციელება მომღერლების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ისინი პანდემიის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს საინტერესო ღონისძიებებს შევთავაზებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - პაატა ტოგონიძე წარუდგინა, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მუშაობს.

„მინდა, ჩვენი კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომელი გაგაცნოთ. პაატა ტოგონიძე -პროფესიით მეტყევე ინჟინერი, დენდროლოგი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მუშაობს შექმნის დღიდან, უფროსის მოადგილის პოზიციაზე. მანამდე 18 წელი მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მებაღეობისა და ლანდშაფტის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. მისი ზედამხედველობით იგეგმება დედაქალაქში გამწვანებული სივრცეების მოწყობა: ეს იქნება პარკი, სკვერი თუ გზაგამყოფი. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის პროცესში, მათ შორისაა, ე.წ. კიკვიძის პარკი, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, ვაკის პარკი. ასევე, ვარკეთილის ხევში ახალი პარკის მშენებლობაში. მინდა, ბატონ პაატას მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და წარმატებები ვუსურვო მომდევნო წლების განმავლობაშიც, რადგან კიდევ ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, რომლითაც ყველა იამაყებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების ექვსთვიანი მუშაობაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ რაიონული გამგეობები გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, სამუშაოებს 99-100%-ით ასრულებენ.

„მინდა, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას გამგეობების მუშაობის თვალსაზრისით. გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, სამუშაოები 99-100 პროცენტით სრულდება, რაც ძალიან კარგია. რამდენიმე გამგეობას უფრო მეტის გაკეთება სჭირდება, გზების ნაწილში აქვს ჩამორჩენა, თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თბილისელების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეც არის დამოკიდებული. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რამე არ გამოგვრჩეს. თუ რაიმე პრობლემა აქვს გამგეობას, არსებობს მუნიციპალური საქალაქო სამსახურები, დაგეხმარებით პრობლემის აღმოფხვრაში. ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ვარ ყველას მერი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები