4 მაისი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

ჩვენი უახლოესი ადამიანის, ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძნელია სიტყვების გამოძებნა. დიდი ტრაგედიაა. ნიკას გამძლეობას ვუსურვებ.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. გარე მოვაჭრეები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები მათთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. შესაბამისი პროცედურები დაიწყო მეტროსადგურების - „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებზეც. ასევე, გვაქვს კონკრეტული პრობლემა ჯიხურებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ მათი გადატანა მოხდეს ისეთ ადგილებზე, სადაც პრობლემას არ შექმნის, არც ვიზუალური, არც სატრანსპორტო თვალსაზრისით და არც ფეხით მოსიარულეებისთვის.

თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობდა ლისის ტბის აუზის გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი ინტენსიური კვლევები. ეს არის სივრცე, სადაც უამრავი კერძო ნაკვეთია და ჩვენ გარკვეულ უკმაყოფილებას წავაწყდით. მათ ჰქონდათ კერძო საკუთრება და მშენებლობის განხორციელების სურვილი, მაგრამ ამის საშუალებას არ ვაძლევდით. მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ, როგორც კერძო მესაკუთრის, ასევე, დედაქალაქის ინტერესები და მისი ურბანულად სწორი განვითარება უნდა მოხდეს. დღეს უკვე ამ კვლევებიდან მიღებული ანალიზით, შესაძლებელია, განვახორციელოთ არსებული სივრცეების სხვადასხვა სახის განაშენიანება. ოღონდ ყველა იმ რეკომენდაციის მიხედვით, რომელიც კვლევაში არის მოცემული.

ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები რეაბილიტირდა. ეს ფართები მუნიციპალური საკუთრებაა. ვიცე-მერს დავავალე, ბიზნესსექტორთან დაეწყო მუშაობა, რომ მსგავსი სივრცეების აუქციონის ფორმით პრივატიზაცია მომხდარიყო. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული რეაბილიტირებული სივრცეები მზადაა აუქციონზე გასაყიდად.

მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარძიის სკვერის რეაბილიტაციას ვიწყებთ. ერთ ჰექტრამდე არის ეს ტერიტორია, სადაც ლამაზი პარკი გაკეთდება თავისი საფეხმავლო და ველო ბილიკებით. მოეწყობა სარწყავი სისტემა. ასევე, დენდროლოგიური პროექტი ხორციელდება, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება განათების სისტემა, ატრაქციონები. პროექტი მილიონ ასი ათასი ლარი ჯდება.

ჩვენ გვაქვს პროგრამა სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, რომლის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ვუფინანსებთ სწავლის საფასურს. ამ პროგრამას ვამატებთ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას - დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თბილისში რეგისტრაცია უფიქსირდებათ. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულებზე: იქნება 100%-იანი, 70%-იანი დაფინანსებები.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან, თუმცა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს ვეტერანთა ტრადიციული შეკრება გაიმართება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში). ასევე, ჩვენ გვაქვს ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში, ომის ვეტერანებს 600 ლარით დავეხმარეთ.

მსგავსი სიახლეები