28 აპრილი, 2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

როგორც იცით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორობის, ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობისადმი გამოხატული სრული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური.

ქალაქში გვაქვს პრობლემები გარკვეული მიმართულებით. ეს არის პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: ავტომანქანების გაჩერება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია. შშმ პირებისთვის გამოყოფილი ადგილების დაკავება. A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავება და ა.შ. გვინდა ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ძალიან ბევრი წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზე არის გაჩერებული ავტომანქანები და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ვინაიდან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ამ ყველაფერს, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს.

ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაწილის მხრიდან გვესმის პრეტენზიები მიკროავტობუსის მძღოლებთან მიმართებით, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიკროავტობუსების მძღოლი არ აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას და არ აძლევს გადაადგილების შესაძლებლობას. პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებაში თავისუფალი ადგილის არარსებობით და ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი, თუმცა, არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება. ჩვენ მონიტორინგს ვატარებთ. არის შემთხვევები, რომ მიკროავტობუსში ადგილებია, მაგრამ მძღოლი არ აჩერებს. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მინდა, მივმართო მგზავრებსაც, ვისაც გექნებათ ანალოგიური შემთხვევა, აუცილებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე და ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება.
იცით, რომ დღევანდელი სისტემით ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა რადიკალურად შეცვლილია. მიკროავტობუსების მძღოლები აქამდე გამომუშავებაზე იყვნენ, რამდენ მგზავრსაც აიყვანდნენ, მით მეტი შემოსავალი ჰქონდათ. მიკროავტობუსები გაუმართავი იყო, არ იყო მოწესრიგებული კონდიცირების სისტემა, მიზანმიმართულად არ რთავდნენ, რადგან საწვავი ეხარჯებოდათ. პრობლემა იყო ისიც, რომ მათ ყველგან შეეძლოთ მგზავრის აყვანა და გაჩერება, რაც ზრდიდა გადაადგილების დროს და ხელს უშლიდა სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა. მიკროავტობუსების მძღოლები გადაყვანილი არიან ხელფასზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები არსებობს. ამას ველოდით კიდეც, რადგან საკმაოდ დიდი რეფორმა გატარდა. ყველაფერს გამოვასწორებთ და ყველაფერს მივყვებით - სად არის შეფერხება, სად აგვიანებს ტრანსპორტი, სად სჭირდება დამატება, რომელ მარშრუტს სჭირდება გაუმჯობესება და ა.შ.

წინასაარჩევნოდ ჩემი ერთ-ერთი დაპირება თბილისელი უსახლკაროების საცხოვრებლით დაკმაყოფილება იყო. ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, ვებრძვით უკანონო მშენებლობებს, სახელმწიფო მიწების მიტაცებას. ამას არ დავუშვებთ. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მოპოვებამდე, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელ ფართს ქირაობს. ამაში მილიონობით ლარი იხარჯება. ამიტომაც, დავიწყეთ უსახლკაროთა პროგრამის განხორციელება. დღეს კიდევ ხუთ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელს. მომდევნო წლებში, ფართით 400 ოჯახი დაკმაყოფილდება. მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს უსახლკაროთა სტატუსი მოპოვებული, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ.

ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი მართლა შეიცვალა. შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ გახდა უფრო მწვანე, გაჩნდა უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე - ადგილები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დაისვენონ, განიტვირთონ, სპორტით დაკავდნენ. ძალიან დიდი რესურსი აქვს ქალაქს ამ მიმართულებით და კიდევ მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, უფრო მწვანე იქნება ჩვენი ქალაქი და კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე იქნება, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ. ივერთუბანში წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას: საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, რომელიც არ არსებობდა და დღეს იქ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე, დაპირება იყო ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა. დღეს იქ არაფერი არსებობს, ხრიოკი ტერიტორიაა და უკვე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მაისში დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. არსებული ტერიტორია ნახევარი ჰექტარია და ის მთლიანად მოწესრიგდება.
ასევე, ნაძალადევის რაიონში, სანზონის N19-20 კორპუსის მიმდებარედ, ნახევარ ჰექტარზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე. ეს იყო მთლიანად განადგურებული და მოუწესრიგებელი ტერიტორია. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სივრცე იქნებოდა ყველანაირად კეთილმოწყობილი. შესაბამისად, ჩავატარეთ მისი რეაბილიტაცია და მოეწყო სპორტული მოედანი, ასევე, ატრაქციონები პატარებისთვის. ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, სადაც დასვენება და გართობა შეუძლიათ. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. ყველგან, სადაც ასეთი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, ჩვენს ინტერესში შედის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, შევქმნათ მიზიდულობის ცენტრები. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ჩვენ მიერ რეაბილიტირებული ყველა სივრცე გადავსებულია მოქალაქეებით.

დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალგაზრდა მაშველი, 34 წლის რატი მამუკაშვილი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი თანამშრომლები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი შეიცვალოს სასიკეთოდ, იყოს უფრო გამართული, უფრო მწვანე, ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, ყურადღება ექცეოდეს ცხოველებს. რატის ცხოველთა გადასარჩენად ჩატარებულ 500-მდე ღონისძიებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და სიკვდილისგან ჰყავს დახსნილი ასობით მიუსაფარი თუ პატრონიანი ცხოველი. ამაში თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ საცხოვრებელი კორპუსების საჰაერო მილებში, საძირკვლებსა და ნაპრალებში, 8-10 მეტრის სიღრმის ორმოებში, ჭებსა და სამელიორაციო არხებში ჩავარდნილი ცხოველები, რომლებსაც ადამიანების და თანაც, პროფესიონალი მაშველების დახმარების გარეშე გადარჩენის შანსი არ ექნებოდათ. პირადად გამიგია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისგან, რამდენად მნიშვნელოვანია რატის ასეთი დამოკიდებულება და როგორ შემართებას აძლევს სხვებსაც. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ასეთი ახალგაზრდა წარვუდგინო საზოგადოებას. მეამაყება, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში ბევრი ასეთი კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე პროფესიონალი მუშაობს. ჩვენი სიძლიერე ზუსტად იმაშია, რომ ამ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები მუშაობენ მუნიციპალიტეტის სისტემაში. მინდა რატის და ზოგადად, ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ისინი ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. აქვე გეტყვით, რომ ცხოველთა მონიტორინგში საკმაოდ დიდი რეფორმა მზადდება და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მსგავსი სიახლეები