22 დეკემბერი, 2021

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს წამოვიწყეთ და მთელი რიგი ღონისძიებები და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით შემდეგი ნაბიჯები: შეიქმნა ტრანსპორტის განვითარების გეგმა. ახლდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გამოიყოფა ბასლაინები, ველობილიკები. იდენტიფიცირებულია ათი ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მგზავრთა ნაკადის ძირითადი ნაწილის გადაყვანას უზრუნველყოფს; ერთმანეთთან სინქრონდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი. გადახდის სისტემაც ერთიანი, ინტეგრირებული იქნება. განახლდა ავტობუსების პარკი. მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ახლდება მიკროავტობუსების პარკი, განხორციელდა ტაქსების რეფორმის ორი ეტაპი და მზადდება მესამე ეტაპის რეფორმა, შეიქმნა ახალი საპარკინგე სისტემა.
ამ რეფორმებს და განახლებულ სატრანსპორტო სისტემას, რა თქმა უნდა, სჭირდება გადახდის სისტემის განახლებაც. შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 თებერვლიდან შევა. უშუალოდ აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის მეტროს სალაროებში და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში.
გვექნება 7 ტიპის ბარათი:
⦿ ულიმიტო, 90 წთ-იანი ბარათი - ერთი ლარი
⦿ ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი - 3 ლარი
⦿ ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი - 20 ლარი
⦿ ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი - 40 ლარი
⦿ ულიმიტო, სამთვიანი ბარათი - 100 ლარი
⦿ ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი - 150 ლარი
⦿ ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი
უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა. ასევე, ძალაში იქნება შეღავათიანი მგზავრობა. კერძოდ, 0,2 ლარი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა. 0,1 ლარი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დამატებით, 99 ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ უკვე გვყავს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიები. შპს „გრანდ თაუერს“ პირდაპირი განკარგვის ფორმით, გადაეცა პეტრიწის ქუჩის ბოლოში არსებული 2 010 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ გადაეცა დიდ დიღომში არსებული 4 057 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ასევე, შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ გადაეცა გმირ კურსანტთა III შესახვევის N4 მიმდებარედ არსებული 1 968 კვ.მ მიწის ფართობი; შპს „ნიკე გრუპს“ დიდი დიღმის II მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ, გადაეცა 3 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამას და გვინდა, 3 000 მომლოდინე ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა ათეული წლებია ტვირთად აწევთ, საცხოვრებელი ფართების მიღებაში დავეხმაროთ.

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფლის“ გახსნის ცერემონია 24 დეკემბერს, დედაენის ბაღში გაიმართება. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, (სინთეტიკური) ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი. დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტა-კლაუსის მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება. „საახალწლო სოფელი“ 14 იანვარს, დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

მსგავსი სიახლეები