13 ოქტომბერი, 2021

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

დაწყებულია მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამაში გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. 2018 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საუბარია სესხზე, რომლის მეშვეობითაც, შევძლებთ პროექტის განხორციელებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გადაწყვეტილია ნაგავმზიდი მანქანების შეძენა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც შესაბამის ტექნიკას მოგვაწვდიან. პროექტისთვის გამოყოფილი იყო 15 მლნ ევრო. სესხის ძირითადი კომპონენტი სპეცტექნიკის, მათ შორის, 67 ერთეული ნაგავმზიდისა და შვიდი ერთეული ქუჩის მექანიკური დამგველის, ე.წ. სვიპერის შეძენაა, რომელთა ღირებულება, ჯამში, 9 მილიონი ევროა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტექნიკის არსებობა ქალაქში დასუფთავების თვალსაზრისით და ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით, ყოველდღიურად მუშაობენ. გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ, გარკვეული დრო დასჭირდა. იცით, რომ ტენდერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ატარებს, რომელსაც თავისი წესები აქვს. დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიებთან ხელშეკრულება გაფორმებულია და 8-10 თვის განმავლობაში, ტექნიკა უნდა მოგვაწოდონ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, იგეგმება დამატებით, 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა. მათ შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 ერთეული მანქანა იქნება.

ჩვენთვის რეკრეაციული სივრცეების არსებობა ქალაქში პრინციპულად მნიშვნელოვანია და მოქალაქეები ხედავენ, თუ რამდენი ახალი სკვერი, რამდენი რეაბილიტირებული, განახლებული პარკი გაჩნდა ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მომავალი თაობებისთვის. დედაქალაქს ამ მიმართულებით აქვს დიდი პოტენციალი, რესურსი და ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება ვერის ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ვერის ბაღის თანამონაწილეობითი დაგეგმარება იქნება საუკეთესო პრეცედენტი სხვა მწვანე სივრცეების სწორი განვითარებისთვის, მოქალაქეთა ინტეგრაციისა და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი პროექტია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. ბაღის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე.

საბურთალოს გამგეობამ, ყველასთვის ცნობილი და საბურთალოელებისთვის საყვარელი ადგილის - ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი ახალი დიზაინით, LED განათების სისტემა, განახლდა საჭადრაკე სივრცე და განთავსდა საპარკე სკამები. გარდა ამისა, გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდა და მოეწყო სივრცე, სადაც ყვავილებს ჰყიდიდნენ. როგორც ყველა სკვერში, აქაც განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. მათ შორის, 200-წლოვანი ზეთისხილის ხე. მიხარია, რომ გამგეობებიც ამ მიმართულებით საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება.

სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დავასრულეთ. ბიბლიოთეკა განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. ეს იყო უკვე მოძველებული სივრცე, ამიტომ, მასში სრულად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემები, მოეწყო გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემა, ხოლო ძველი კაბინეტური ტიპის ოთახების ხარჯზე მოეწყო თანამედროვე, ღია სამკითხველო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებით, სააბონენტო განყოფილება, მცირე სადისკუსიო დარბაზი, სადაც ასევე, განთავსებულია საბავშვო ლიტერატურის კუთხე და საბავშვო მულტიმედიური სივრცე. ფილიალში ასევე მოეწყო მცირე ზომის კაფე მკითხველებისთვის. ზოგადად, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავასრულეთ ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბიბლიოთეკის განახლება-რეაბილიტაცია. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით სულ 38 ბიბლიოთეკა გვაქვს. დაგეგმილი გვაქვს მათი სრული რეაბილიტაცია და განახლება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ 8 ბიბლიოთეკა რეაბილიტირდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, სადაც ასევე, განთავსებული იქნება მედიათეკები, ბიბლიოთეკები, ფიტნესზონა, სპორტული დარბაზები, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები. შესაბამისად, იქ მისულ ადამიანებს ექნებათ მრავალმხრივი შესაძლებლობა დასვენების, ვარჯიშის და კითხვის. ასევე, ჩვენ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაწყებული გვაქვს იქ არსებული მედიათეკის განახლება და მოწესრიგება.

მოგეხსენებათ, რომ პანდემიის გამო, „თბილისობა“ სატელევიზიო ფორმატში, მუსიკალური წარმოდგენით და საპატიო თბილისელის დაჯილდოებით აღინიშნებოდა, 200-ზე მეტი მუსიკოსისა და სოლო შემსრულებლის, ორი ორკესტრის, ბენდების, ანსამბლების, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის 100-მდე წევრის მონაწილეობით. ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, უარი ვთქვით „თბილისობის“ მუსიკალურ ნაწილზე და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება. რაც შეეხება საპატიო თბილისელებს, მათი დაჯილდოება წელსაც გაიმართება.
გარდა ამისა, 23-24 ოქტომბერს, თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთში, მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში - ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია; გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, („დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია); დიღმის მასივში - პაიჭაძის ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე); საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში - გეგეშიძის ბაღში.

მსგავსი სიახლეები