14 ივნისი, 2021

ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაცია

2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებას შევთავაზეთ შვიდი ძირითადი მიმართულება/პოლიტიკა, რაზეც კონკრეტული პროგრამები და პროექტები გვქონდა გაწერილი. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და ყოველთვის ვაწვდიდით სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ვსაუბრობდით გამოწვევებსა და პრობლემებზე. დღეს გვინდა, თბილისელებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩავაბაროთ ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ქალაქის მართვიდან მეოთხე წელს, ძალიან ამაყი და ემოციებით სავსე ვარ, როდესაც ვუყურებ, რომ ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ყველა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და თბილისში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფრით არ და ვერ დავკმაყოფილდებით, რადგან ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა და გამოწვევა. გაკეთებულით და მიღწეულით არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება იყოს მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომითა და მხარდაჭერით, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ასევე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და ცხოვრებისთვის გაცილებით კომფორტული.
როდესაც ოფიციალურად შევუდექით საქმიანობას, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ რა პროექტების განხორციელებასაც დავიწყებდით, აუცილებელი იყო, მისი განახლება, ცვლილება ფუნდამენტურად მომხდარიყო და არა მხოლოდ მოასფალტებით. ყველა იმ კონკრეტულ არეალში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც დედაქალაქში მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ შევიმუშავეთ გააზრებული, თბილისისა და თბილისელების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში, ქალაქის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ - პირიქით, გაორმაგებული ენერგიითა და ძალისხმევით გავაგრძელებ ჩვენი ქალაქის განვითარებას და საქმის კეთებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როდესაც ჩვენი მანდატი ამოიწურება, დედაქალაქში ყველაფერი ღირსეულად და ზედმიწევნით იყოს შესრულებული.
ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გუნდს - დედაქალაქის მთავრობას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვამბობდი და მინდა გავიმეორო, რომ მარტო ერთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი ვერაფერს გააკეთებს და შეუძლებელია, იფიქრო წარმატებაზე, განვითარებაზე, თუ ზურგს არ გიმაგრებს ძლიერი გუნდი. გავთამამდები და ვიტყვი, არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა, რამდენიც ამ წლების განმავლობაში და ეს იმ დიდი გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. მინდა, ჩემს თანაგუნდელებს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. შედეგიც სახეზეა და საზოგადოება ხედავს ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებულ საქმეს.
ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ გამგებელს გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკმაყოფილდეთ, რადგან ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი ქუჩაა მოსაწესრიგებელი, ბევრი უბანია გასაახლებელი და ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაოა ჩასატარებელი. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ენერგიით მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.

მსგავსი სიახლეები