21 ივნისი, 2021

თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ანგარიში

2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, შვიდი ძირითადი მიმართულება გვქონდა, რომელზეც კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების სახით, კონკრეტული დაპირებები გაიცა. მიმდინარე წლის ოქტომბერში გვეწურება უფლებამოსილება, რომელიც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. მე, როგორც თბილისის მერი, ვალდებული ვარ, მოსახლეობას ჩავაბარო ანგარიში, თუ რისი გაკეთება შევძელით. დღევანდელი ჩვენი ანგარიში სოციალურ პოლიტიკას ეხება, რაც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. დამეთანხმებით, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი პოზიტიური ვალდებულება არ განახორციელა, არ იზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ხელი არ შეუწყო მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ღირსეული ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები არ შეუქმნა.

რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომელთაც ჩვენი - სახელმწიფოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ჯერ მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუციების, შემდეგ კი ანტისოციალური პოლიტიკის შედეგად, ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მაგალითად, სახლის გაყიდვა უწევდათ. დღეს კი ჯანდაცვა არა პრივილეგია, არამედ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით იხარჯება.
უნდა გამოვყო პანდემია, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მინდა, საქართველოში დასაქმებულ ექიმებსა და ექთნებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უხილავი მტერი, რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ. პანდემიის გამო, სწორედ ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას ბიუჯეტის ნაწილში არცერთი თეთრი არ დაკლებია, რადგან თბილისის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება და გადადება მოგვიწია. დღეს სხვა პრიორიტეტები გაჩნდა, რადგან ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოებაა. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ყველა პროექტი და პროგრამა გაგრძელდა.

ინდა, ძალიან კარგი პროექტი გამოვყო, რომელიც ერთგვარი სოლიდარობის აქტი იყო. რთულ ვითარებაში შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, დახმარებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდათ. მინდა, ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში, მადლობა გადავუხადო.
მერიისა და გამგეობების პროგრამებით, მოსახლეობის ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რისთვისაც მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა; დავნერგეთ ახალი პროგრამები, არსებულები კი გავაუმჯობესეთ. კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება, კიდევ ბევრი პროგრამაა, რომელიც უნდა გაფართოვდეს და რაც მთავარია, მომსახურების ხარისხი გაიზარდოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, რათა მეტმა ადამიანმა იგრძნოს მხარდაჭერა და თანადგომა. მე, როგორც ქალაქის მერი, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი მოქალაქე იყოს ქვეყანაში, ქალაქში და სოციალურად ძლიერი ოჯახები გვყავდეს. ამას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ შეგვაფერხა და პრობლემები შექმნა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება ძლიერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს.

მიღწეულით კმაყოფილი არ ვარ, რადგან გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, რესურსი იმისა, რომ უფრო კარგად ვიყოთ და მეტი საინტერესო პროგრამა განვახორციელოთ. თავს არ დავზოგავთ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდეს. მნიშვნელოვანი იყო ბოლო წლები, რაც გავიდა და რისი გაკეთებაც მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ყველა პროგრამა და კომპონენტი ძალიან სენსიტიური და პრინციპულად მნიშვნელოვანია. პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ოჯახების სიხარულის დანახვა, რომელთაც ყოველგვარი იმედი ჰქონდათ დაკარგული. მხედველობაში მაქვს ის დაუსრულებელი მშენებლობები, რომელიც დედაქალაქში კონკრეტული კომპანიების სახით, ათეული წლებია არსებობს და თავიანთ ვალდებულებას ვერ ასრულებდნენ. ამ მიმართულებით, ჩვენს საქმიანობას განვაგრძობთ.

მინდა, ჩემს თანამშრომლებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ეწევიან. მინდა, ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ახალგაზრდებს, იმ მოხალისეებს, რომლებიც პანდემიის პირობებში - მაშინ, როდესაც ძალიან რთული იყო მოქალაქეებთან ურთიერთობა, ყოველგვარი თხოვნის გარეშე გვედრით გვედგნენ და მაქსიმალურად ვეხმარებოდით იმ მოქალაქეებს, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

მსგავსი სიახლეები