Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
19 თებერვალი, 2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, „სვეტის“ მიერ დაწყებული მშენებლობები, რომელიც კომპანია M2-მა გადაიბარა, მარტის დასაწყისიდან გაგრძელდება. სამ მისამართზე: მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში ნებართვებიც გაიცემა.

„იცით, რომ ჩვენ როდესაც უფლებამოსილება მოგვეცა, დავიწყეთ მუშაობა პრობლემაზე, რომელიც „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2 500 ოჯახს ეხებოდა. მოქალაქეებს ეგონათ, რომ საცხოვრებელი ფართები ჰქონდათ და ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ ეს ყველაფერი დაკარგულია - არც ფართები არსებობს, არც კომპანიას შეუძლია, რომ მშენებლობა განაგრძოს და შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც ამ ოჯახების წინაშე აიღო. ჩვენი ჩართულობითა და მუშაობით, მოვახერხეთ ის, რომ გამოინახა სამშენებლო კომპანია M2, რომელსაც მინდა მადლობა გადავუხადო. გაფორმდა მემორანდუმები. სიახლეა ის, რომ ყველა მისამართზე - მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე, პროექტები შეთანხმებულია. შესაბამისად, მომდევნო კვირაში უკვე გაიცემა სამშენებლო ნებართვები და პარალელურად, მარტის დასაწყისში, უშუალოდ სამუშაოების წარმოება იქნება შესაძლებელი. ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, ის, რაშიც თანხა აქვთ გადახდილი, უკან დაიბრუნონ და საცხოვრებელი ფართები მიიღონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, „სვეტის“ მსგავსად, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოგვარებაზე.

„ასევე, ჩვენ გვყავს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. მჯერა, რომ ძალიან მალე ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ და 6 000-ზე მეტ ოჯახს გავაბედნიერებთ. იგივე პრობლემა აქვს სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულ ოჯახებსაც. აქაც ანალოგიურად მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში შედეგი მიღწეული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა სამშენებლო კომპანიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც დედაქალაქის მასშტაბით, დაუმთავრებელი მშენებლობების გაგრძელების პროცესში არიან ჩართული.

„დედაქალაქში, დაახლოებით, 170-ზე მეტი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა, სამშენებლო კომპანიებს მადლობა გადავუხადო. მათი ჩართულობის, მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქალაქში არსებობს და გარკვეული ოჯახებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

მისი თქმით, „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს.

„ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამინისტია. აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვისაა გადაცემული და რომლის ფარგლებშიც, უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის და დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, „სითი პარკთან“ დაწყებული დავა, როგორც სასამართლოში, ისე არბიტრაჟის მიმართულებით, მოლაპარაკებით დასრულდა. კერძოდ, თბილისის მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება მოხდა, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან ყველა ის მატერიალური აქტივი შეისყიდა, რაც პარკირების სისტემის მართვისთვის არის საჭირო.

„ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად გავწყვიტეთ. კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ დღეის მდგომარეობით, არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადებიან. მოხდა მორიგება, რომლის შედეგადაც, გადმოვიბარეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავადაა საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შედარებისთვის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში, „სითი პარკის“ მიერ, დაახლოებით, 1 200 000 ჯარიმა იწერებოდა, მას შემდეგ კი, რაც ოპერირებას „თბილისის პარკინგი“ ახორციელებს, დაჯარიმებულთა რიცხვი 500 000-მდე შემცირდა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც 2006 წელს გასხვისდა, სპორტული კომპლექსი მოეწყობა.

კახა კალაძის თქმით, ადგილმონაცვლეობის შესახებ ინვესტორთან აქტიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და კორტების ყოფილი ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

„წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული კორტების ყოფილი ტერიტორია ყაზახ ინვესტორზე გაასხვისა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. ინვესტორს ყველანაირი ნებართვა ჰქონდა კანონის ფარგლებში აღებული და ამ კონკრეტულ ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენებას გეგმავდა. ჩვენი ჩართულობით, მას ამის შესაძლებლობა არ მივეცით. მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში იყო ჩართული და ჩემს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა გამოვყო ჩემი ყოფილი თანაგუნდელები - ლევან გოგიჩაიშვილი და ვახტანგ შაქარაშვილი, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საკითხის გადაწყვეტაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს ჩვენს გუნდში აღარ არიან და ჩვენი გუნდის მისამართით, ხშირად არასწორი განცხადებების გაკეთებით გამოირჩევიან, მაინც ვალდებული ვარ, აღვნიშნო ამ ადამიანების როლი იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ ამ ქალაქისთვის კორტების ყოფილი ტერიტორიის დაბრუნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ამჟამად, მუნიციპალიტეტი ამზადებს აუქციონს, რომლის მიხედვითაც, ერთადერთი პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოწყობა იქნება. აუქციონის პირობების მომზადების დროულად დასრულება კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დაინტერესებულ პირებს კი აუქციონში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯს, გვინდა, გავყიდოთ ეს ტერიტორია - გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, სადაც უნდა იყოს მითითებული, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს სპორტული კომპლექსი. აქ იქნება ჩოგბურთის ოთხი კორტი, ერთი ღია ან დახურული საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი. ეს იქნება ცენტრი, რომლითაც ქალაქის მასშტაბით ყველა მსურველი, ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, რომ მომავალ კვირას აუქციონის გამოსაცხადებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზად იყოს. აქვე მინდა, შევთავაზო ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც კი მსგავსი კომპლექსის მშენებლობის სურვილი აქვს, აუქციონში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. აღნიშნულ ტერიტორიას ქუჩასაც ვერ დავარქმევთ, რადგან იქ გავლა და ავტომობილით გადაადგილება ფიზიკურად, შეუძლებელი იყო. დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომლის მიხედვითაც, დავითაიას ქუჩა მერვე ლეგიონის დასახლებას, კერძოდ, მთისძირის ქუჩას დაუკავშირდება. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები უკვე მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. ახალი გზის მშენებლობაზე 2 700 000 ლარამდე დაიხარჯა. ჩვენთვის პრიორიტეტული რაიონები და უბნები არ არსებობს. ყველა რაიონს ერთნაირად ვუდგებით, რადგან თბილისის ყველა რაიონი და უბანი ერთდროულად უნდა განვითარდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ე.წ. ანბანის სკვერში დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი უკვე მოახდინა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, სკვერის აღდგენის სამუშაოებს დაიწყებს.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებდა და სკვერი პირვანდელ ფუნქციას დაიბრუნებდა.

„იცით, რომ „გუდვილის“ ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. ანბანის სკვერში გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. არ ვიცი, რა პროექტი ხორციელდებოდა. აშენებული იყო ორსართულიანი შენობის კარკასი. ეს მიუღებელია და იცით, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს დავპირდით, რომ გამოვისყიდდით ამ ტერიტორიას ან ადგილმონაცვლეობას განვახორციელებდით და კონკრეტულ ადგილს თავის სტატუსს დავუბრუნებდით. შესაბამისად, ჩვენ დაპირება შევუსრულეთ დიდი დიღმის მოსახლეობას. დღეს ეს კონკრეტული ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მშენებლობა გავაჩერეთ და დემონტაჟი მოვახდინეთ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, გაგვაქვს ნარჩენები და შემდეგ სკვერის მოწესრიგება-აღდგენას დავიწყებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მუნიციპალიტეტი მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს მოაწყობს.

„პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ განვათავსებთ 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს. ჩვენს გაცემულ დაპირებებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ყველა დაპირება იქნება შესრულებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობაა. დედაქალაქის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ.

კახა კალაძის განცხადებით, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დღეის მდგომარეობით, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოსაკრებლის გადახდის თვალსაზრისით, თითქმის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ანუ, იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც ვფიქრობ, არასამართლიანია. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ დაიწყონ მოძიება, თუ როგორი მიდგომაა განვითარებულ ქვეყნებში მოსაკრებლის ამოღების თვალსაზრისით. მოსაკრებლის ოდენობები დადგენილია 2006 წელს. 20 მილიონი გამოდის მინუსი. ამიტომ, დავიწყოთ შესწავლა და შემდეგ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მნიშვნელოვანი იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობის გაგრძელებისთვის, რათა ის ხარისხი შევინარჩუნოთ, რაც ამ მიმართულებით გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, ქალაქში ახალი ნაგავმზიდი მანქანების შემოყვანა და ურნების შეცვლა იგეგმება.

„ნარჩენების მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა დაწყებული. ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწესრიგება ხდება. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, გაზშემკრების მოწყობაა. ტენდერი გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. შემდეგი ეტაპია ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს განთავსება. ნარჩენებით ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. პარალელურად, დაწყებული გვაქვს ნარჩენების სეპარირება, ასევე, მიწისქვეშა ურნების განთავსება, რაც სიახლეა ჩვენი დედაქალაქისთვის. საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელდება. ეტაპობრივად კი, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება სხვა უბნებშიც გავრცელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დასუფთავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0