15 დეკემბერი, 2016

„ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობა იწყება

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „ანადოლუ ჯგუფის“ დამფუძნებელმა თუღბან იზზეთ აქსოიმ ხელედულა-3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პროექტის განხორციელება იგეგმება საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის მაისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) რეალიზებული იქნეს ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნულის გათვალისწინებით პროექტის განხორციელება გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანის გადაჭრაში, რაც გულისხმობს საკუთარი ჰიდრორესურსებით ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილების ეტაპობრივად: ჯერ იმპორტის, შემდეგ კი - თბოგენერაციის ჩანაცვლებით, ასევე ახლად აშენებული და არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას. „ხელედულა-3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 50.77 მგვტ.-ია, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება 250 გვტ/სთ.

მსგავსი სიახლეები