22 სექტემბერი, 2026

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 

მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტმა, სპეციალისტებთან ერთად, პირველივე დღეს დაიწყო შესაბამისი საპრევენციო ზომების გატარება.

„თბილისის საჯარო ბაღა-ბაღებში შექმნილ ვითარებაზე ამ დღეების განმავლობაში არ გამიკეთებია განცხადება. მხოლოდ მცირე კომენტარით შემოვიფარგლე, რადგან უმთავრესი იყო ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იმ გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, რომელიც ფაქტის გამოვლენისთანავე დავიწყეთ. ამას სჭირდებოდა არა პანიკა, სხვადასხვა ცილისწამებაზე პასუხის გაცემა ან პოლიტიკურ დებატებში ბრძოლა, არამედ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა, ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობა და პრობლემის მიზეზის დადგენა. იმავე დღეს, ბაგა-ბაღებში დავიწყეთ სპეციალისტების მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული საპრევენციო ზომების გატარება. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, რათა აღსაზრდელთა და პერსონალის უსაფრთხოება ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და მოგვეხდინა რისკების პრევენცია. შესაბამისი ორგანიზაციებისა და ლაბორატიების ჩართულობითა და კვლევების შედეგად, გამოვლენილია ნოროვირუსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში შვიდივე საბავშვო ბაღში, რომლებიც დროებით დახურული იყო, სააღმზრდელო პროცესი აღდგება.

„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიბინძურე, ტყუილი. გუშინ ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი ერთ-ერთ ტელევიზიაში ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ თითქოს, ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით მოიწამლნენ. ეს ძალიან დიდი სიცრუეა, მით უმეტეს, რომ იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა. არ დაუჯეროთ თაღლითებს. სამწუხაროდ, ასეთები ძალიან ბევრნი არიან. ჩვენ მოსახლეობას ყოველთვის სიმართლეს ვეტყვით. აბსოლუტურად ღია ვართ, არ გავურბივართ პრობლემებს, ყოველთვის გამოვდივართ და საზოგადოებას ვაწვდით სწორ ინფორმაციას. ჩემთვის გასაგებია, რა არის მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელების მიზანი, მაგრამ როცა საქმე პატარებს ეხება, ვფიქრობ, ამ თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ასეთ ფაქტებზე და ყველა ცილისწამებაზე ბაღების სააგენტო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს 60 000-ზე მეტ პატარაზე. 

„მადლობას გიხდით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს, არა მხოლოდ ამ დღეებში, წლების განმავლობაში გაწეული უმნიშვნელოვანესი შრომისთვის. გიყვარდეს, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე 60 000-ზე მეტ პატარას - ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოითხოვს ტიტანურ შრომას, რასაც თქვენ წარმატებით ართმევთ თავს. აქვე ბოდიშსაც გიხდით იმისთვის, რომ ზოგჯერ პოლიტიკური სპეკულაციებისა და თავდასხმის ობიექტები ხდებით, რისი მიზანიც თბილისის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაა, თუმცა ყველა მსგავსი მცდელობა ფუჭია, რადგან ჩვენი აღსაზრდელების მშობლები ნდობას უცხადებენ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს და ზუსტად იციან, რომ მათ შვილებზე ბაღის კედლებში ისევე ზრუნავენ, როგორც საკუთარ ოჯახში. მადლობა მათ ამისთვის. იცოდეთ, ჩვენ ამ ნდობას ძალიან ვუფრთხილდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ნოროვირუსის გამოვლენის, საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების პროცესში არიან ჩართული. 

„მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ლაბორანტებს, ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, ყველა იმ უწყებას, ვინც ჩართული იყო ნოროვირუსის გამოვლენის, საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების პროცესში. კვლევები გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გვექნება სრული ინფორმაცია, კონკრეტულად როგორ და საიდან გავრცელდა აღნიშნული ვირუსი და რა იყო დაავადების წყარო. ზოგადად, გვაქვს კონკრეტული თვეები, როდესაც ვირუსის გავრცელება უფრო მეტი ინტენსივობით ხდება. არა მხოლოდ საბავშვო ბაღებზეა საუბარი, არამედ მოზარდებზე და სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე. ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს პატარებს, რომელთა ბედნიერი ბავშვობისთვის კეთდება ყველაფერი. სწორედ ისინი არიან ჩვენი ყველა განხორციელებული თუ სამომავლო პროექტების ამოსავალი წერტილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდა, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.

„გუშინ ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ. მოგეხსენებათ, ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს  იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას. იქ არიან ადამიანები, რომელთაც უჭირთ, ყოველდღიურად შრომობენ. მათ თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენი მხრიდან კი ყოველგვარი ხელშეწყობა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ბიზნესსექტორის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოქალაქეები. 

„ჩვენ კერძო საკუთრებას არ ვეხებით, კერძო საკუთრება ამ ქვეყანაში დაცულია. ის წლები ჩაბარდა წარსულს, როდესაც ეს ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრულიად სხვა დამოკიდებულება. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესსექტორს, რომ ინვესტიციები განხორციელდეს, თუნდაც ეს კონკრეტული სივრცე მოწესრიგდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. ამიტომ, მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას - უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მანვე დაავალა თბილისის ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, ჩაერთოს პროცესში. ამასთან, მერის თქმით, დიდუბის რაიონის გამგეობის მხრიდან უკვე გაიმართა შეხვედრა ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებთან. 

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ადგილზე დასაქმებულები რეაბილიტაციის პერიოდში სამუშაოს გარეშე არ დარჩნენ.  

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს. პროცესი მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვისაა აუცილებელი.

„მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი, რომელიც ჩაუტარდება მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სხვადასხვა ფილიალით მოსარგებლე, დაახლოებით, 1 500 ბენეფიციარს. სამედიცინო შემოწმების პროგრამა მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც აუცილებელია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, კერძოდ, კარდიოლოგის, პედიატრის კონსულტაციას, კარდიოლოგიურ კვლევებს, ანთროპომეტრიასა და ფეხის ტერფის შემოწმებას, საბაზისო ოფთალმოლოგიურ და სტომატოლოგიურ შემოწმებას, მუცლის ღრუს ექოსკოპიასა და ფიზიკური განვითარების შეფასებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფასოდ ტარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამედიცინო შემოწმების პროცესში პირველად გახდა ხელმისაწვდომი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებით მოზარდის ფიზიკური განვითარება მაღალი სიზუსტით დგინდება.  

„პროექტის ფარგლებში პირველად, სამედიცინო შემოწმების პროცესში ხელმისაწვდომი გახდა და გამოყენებულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები - HumanTrak 3D სისტემა, რომლის საშუალებითაც ფასდება მოზარდის ფიზიკური განვითარება, მოძრაობის ხარისხი და ფუნქციური მდგომარეობა 100% სიზუსტით, ხოლო სათამაშო სპორტის სახეობების სპორტსმენებისთვის SmartSpeed სისტემა, რომელიც იძლევა ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და შემდგომი განვითარების სწორად დაგეგმვის საშუალებას. ეს არის ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ის 1 500 ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი სპორტული სივრცეების ბენეფიციარია, შეძლებს, მიიღოს სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მათ შემდგომ განვითარებაში დაეხმარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა სპორტული მედიცინის აკადემიას, რომელიც პროექტს მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახროციელებს.

გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ წელს „თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს  გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.  

„ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 

„დღის განმავლობაში, ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება. სრული პროგრამა დეტალური აღწერილობით შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

გარდა ამისა, თბილისიის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა. აღნიშნულ ზონაში დიდ ეკრანზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება გაიმართება.  

„საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ მაქსიმალური მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება ჩვენს გუნდს. ნაკრები ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ოთხ შეხვედრას გამართავს. დედაენის ბაღში მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში, დედაენის ბაღში, პარალელურად  ფესტივალი „თბილისური ბაზარი“ გაიმართება, სადაც ათეულობით ქართველი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. 

„იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 14:00 საათიდან, ტერიტორიაზე განთავსებული სასმლისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, ასევე, პატარა გულშემატკივრებისთვის ტრადიციულად ცალკე გამოყოფილ ზონაში  საბავშვო-თემატური აქტივობები იგეგმება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

 საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების დამსახურებული თანამშრომელი თამაზ ჩუბინიძე წარუდგინა. 

„მინდა, გაგაცნოთ უწყების დამსახურებული თანამშრომელი თამაზ ჩუბინიძე, რომელიც ისნის რაიონის გამგეობის უხუცესი თანამამშრომელია. ის საუბნო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტია.  ბატონი თამაზი 80 წლის ასაკშიც ენერგიულად და თავდაუზოგავად შრომობს რაიონის მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად, რათა ღირსეულად, ერთად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს.  ის პატრიარქის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრია, ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი და ორი შვილიშვილი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისა და საკუთარი საქმის სიყვარულისთვის. წარმატებებს ვუსურვებ მას და, რაც მთავარია, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.