5 აგვისტო, 2026

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის ცვლილების შესახებ.

კახა კალაძემ აქვე განაცხადა რომ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, როგორც ეს დასაწყისშივე ითქვა და მოსახლეობას მოუწოდა, აღნიშნული სამუშაოების შესახებ სწორი ინფორმაცია მიიღონ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისგან.

„ჩვენ 23 ივლისს დავიწყეთ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია. თავიდანვე ვთქვით, რომ ოთხი თვე დაგვჭირდებოდა, თუმცა გარკვეული მედიასაშუალებები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. ჩემი თხოვნა იქნება თბილისელებისთვის, არ ენდოთ თაღლითებს და ინფორმაცია მიიღეთ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისგან. ჩვენ აქტიურად გავავრცელებთ მხოლოდ სიმართლეს, რომ ხალხმა იცოდეს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები.

ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ სამუშაოების შესრულების ვადა გადმოვწიეთ და ოქტომბერში უნდა დავასრულოთ. აქვე საუბრობდნენ, რომ სამუშაოები არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულდებოდა. არ ვიცი, რატომ უნდა გქონდეს მსგავსი დამოკიდებულება და რატომ უნდა ცდილობდე, მაყურებელი ამყოფო მუდმივად სიცრუეში, მითუმეტეს საკუთარი მაყურებელი, რაც ამ ტელეკომპანიას ჰყავს. როგორც გითხარით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საგზაო ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სიცრუეა სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ თითქოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში მრავალწლოვანი ხეები მასიურად იჭრება და თბილისის მერია მწვანე სივრცეებს ანადგურებს.

„თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. გარდა ამისა, მიწის საფარის ნაწილის მოხსნის გამო, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიან ჭადარს. გადაიბელა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ არსებული ჭადარიც. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ სამუშაოები სწორად და შეუფერხებლად წარიმართოს. აქ საუბარია იმ ხეებზე, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელების მიმდებარედ არის დარგული. იცით, რომ ჩვენ მიწისქვეშა გადასვლელებსაც რეაბილიტაციას ვუტარებთ. საჭიროა, რომ ტერიტორია მთლიანად გაიწმინდოს მიწისგან, რომ შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ეფუძნება სპეციალისტების დასკვნას. კერძოდ, თუ ხე დაავადებულია, გამხმარია და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ის უნდა მოიჭრას.

„რაც ყველაზე მთავარია, ყველა ასეთი გადაწყვეტილება ეფუძნება სპეციალისტების დასკვნას. თუ ხე დაავადებულია, გამხმარია და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, იმოქმედოს. ეს არის უსაფრთხოების საკითხი და არა პოლიტიკის. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი პოლიტიკური სპეკულაციის თემად აქციოს. ჩვენი პასუხი ყოველთვის იქნება საქმე, ფაქტები და კონკრეტული შედეგები. ქალაქის სიყვარული სიტყვებით არ იზომება. თუ მართლა გიყვარს ქალაქი, პარკებს არ ყიდი - მათ იცავ. რეკრეაციულ სივრცეებს არ ამცირებ - აფართოებ. ქალაქს არ ართმევ - ქალაქს უბრუნებ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ პოლიტიკას, რასაც მუნიციპალიტეტი 2017 წლიდან ახორციელებს, რომლის თანახმადაც, არცერთი რეკრეაციული სივრცე და სტადიონი არ სხვისდება კორპუსების ასაშენებლად. პირიქით, უკვე გასხვისებულის გამოსყიდვა ხდება.

„მინდა, საზოგადოებას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ შევახსენო: 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც თბილისის მერის პასუხისმგებლობა ავიღე, არც ერთი პარკი, არც ერთი სკვერი, არც ერთი რეკრეაციული სივრცე და არც ერთი სტადიონი არ გასხვისებულა იმისთვის, რომ იქ საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო. პირიქით, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია - ქალაქს უკან ვუბრუნებთ იმ პარკებს, სკვერებს, რეკრეაციულ სივრცეებსა და სტადიონებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყო გასხვისებული. ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. ეს არის ორ განსხვავებულ მიდგომას შორის განსხვავება. ერთი მიდგომა იყო - გაყიდე ქალაქი, ჩვენი მიდგომაა - დაუბრუნე ქალაქი თბილისელებს. სწორედ ამიტომ ვაშენებთ ახალ პარკებს, ვქმნით ახალ რეკრეაციულ სივრცეებს, ვრგავთ ათასობით ხეს და ვაბრუნებთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც საზოგადოებამ წლების წინ დაკარგა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე პარკირებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის დროებით უფასოა, ამავე გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები კი გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან.

„რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ფუნქციონირებს კომერციული ფართები, რომლებიც გაცემულია იჯარით. სარეაბილიტაციო პროცესში ეს ადამიანები განთავისუფლებული იქნებიან საიჯარო გადასახადისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია რუსთაველის გამზირის N37-ზე, N1 გიმნაზიის წინ, ოპერასთან და თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პარკირების საკითხს, თბილისის მერის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დროებით გათიშულია მთაწმინდის 28 ქუჩაზე.

„რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე დროებით გათიშულია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და მოქალაქეებისთვის პარკირებით სარგებლობა, სამუშაოების პერიოდში, უფასოა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციაზეც გამახვილდა. კერძოდ, მერმა განაცხადა, რომ „თბილისის განვითარების ფონდი“ მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას იწყებს.

მისი თქმით, ნაგებობა გამოირჩევა თავისი უნიკალური განთავსებითა და არქიტექტურით - იგი რთულ რელიეფზეა აგებული და ორივე მხრიდან უნიკალურ ფასადს ქმნის.

„განსაკუთრებით საინტერესოა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული სამსართულიანი ფასადი. შენობას ასევე გააჩნია ისტორიული ბაღის ნაწილი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან, სადაც შემორჩენილია XIX საუკუნის ხის კარები და ეზოს ავთენტური ელემენტები. აღნიშნულ სახლში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ძეგლს. მოსახლეობას შევპირდით, რომ სახლის რეაბილიტაციას განვახორციელებდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოებს, თბილისის მერის თქმით, სარესტავრაციო პროექტი მოიცავს ღონისძიებების სრულ სპექტრს. კერძოდ, ჩატარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა რგოლური დრენაჟი, გადაეწყობა დაბზარული მზიდი კედლები და სრულად განახლდება სართულშუა გადახურვები.

„ასევე მოეწყობა ხის ახალი კონსტრუქცია და სახურავი დაიფარება თუნუქის ფურცლებით; აღდგება და რესტავრირდება მტკვრის სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს არსებული ხის შუშაბანდები და ა.შ. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ისტორიული შენობა სრულად რეაბილიტირდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, კაპიტალურად გამაგრდება ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელებს.

თბილისის მერის თქმით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება.

„კიდევ ერთი ისტორიული შენობის კაპიტალურ რეაბილიტაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა განახორციელებს. კერძოდ, გამაგრდება ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში არსებული საცხოვრებელი სახლი. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, III კატეგორიის ავარიულობის ხარისხისაა. ის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველა დეტალს. ყველაფერი მოწესრიგდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პერიოდში ადგილობრივი მცხოვრებლები ბინის ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი.

„ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 19 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოების პროცესში, აღნიშნულ ოჯახებს ქირით გავიყვანთ. შენობის გამაგრების შემდეგ, მათ რეაბილიტირებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. სამუშაოები 2027 წლის მარტში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 

მსგავსი სიახლეები