თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იოსებიძის ქუჩის N71-ში მდებარე IV ხარისხის დაზიანების მქონე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება იწყება.
მისი თქმით, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, დედაქალაქის მერიას კორპუსის მცხოვრებლებმა დეველოპერთან ერთად მიმართეს.
„ჩვენ მოგვმართა იოსებიძის ქუჩის N71-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ დეველოპერთან ერთად და ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება ითხოვა. ეს საცხოვრებელი სახლი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას, რომელიც, რა თქმა უნდა, საშიშია იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და საჭიროა მისი სრული დემონტაჟი. ამ კორპუსში ცხოვრობს 45 ოჯახი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავატაროთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები და დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიყვანა და მათი ჩართულობით მოხდა ჩვენთან კომუნიკაცია, დავეხმარებით. მოხდება 5-სართულიანი შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდება, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ მათი კუთვნილი გარემონტებული ფართები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.
„დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ავარიული საცხოვრებელი კორპუსები. შესაბამისად, მოსახლეობას დავპირდით, რომ წარვუდგენდით პროგრამას, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად მოხდება ამ ტიპის საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით და უკვე რამდენიმე წელია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის წარგვედგინა პროგრამა, რომელიც მოგვცემდა აღნიშნული პრობლემის ეტაპობრივად მოგვარების საშუალებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა. კერძოდ, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე; შეიქმნა ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს.
„ასევე, გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ ბიზნესს (დეველოპერებს) ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პრეფერენცია ჰქონდეთ, ეს შეიძლება იყოს K2 კოეფიციენტის მატება, რათა მათი ჩართულობითაც მოვახერხოთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. წელს დავამატეთ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამაც, რაც ითვალისწინებს მესაკუთრეებზე რეგისტრირებული თითქმის ყველა ფართის გამოსყიდვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასით. აქაც, რასაკვირველია, საჭიროა მესაკუთრეების სრული თანხმობა. ამ პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. თავიდან იყო გარკვეული პრობლემები, მოსახლეობა არ აქტიურობდა, თუმცა ბოლო თვეებში საკმაოდ მაღალია აქტიურობა, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაეხმარება.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, იაქტიურეთ და მუნიციპალიტეტი ყველანაირად გვერდში დაგიდგებათ. არსებობს გარკვეული გამოწვევებიც - კონკრეტულ მისამართებზე არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ გადამეტებულ ფართებს, რისი შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნია, კანონი გვზღუდავს, მაგრამ ის ფართები, რომლებიც თქვენზეა რეგისტრირებული, პირობას გაძლევთ, გადმოგეცემათ ახალ საცხოვრებელ კორპუსებში სრულად მოწესრიგებულ მდგომარეობაში. გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები.
„რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. ეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ტროტუარზე დაწყებულია მიწისქვეშა კაბელარხების მოწყობაც, სადაც შემდგომ ელექტროსადენები განთავსდება.
„კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ობიექტზე შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე, ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის მანძილზე დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჟიული შარტავას ქუჩის N16-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. ასევე, განახლდება საპარკო ავეჯი, რის შედეგადაც სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და კომფორტულ რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცევა. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები. ტერიტორია, სადაც სკვერია, დიდი არ არის 2 000 კვ.მ ფართობზე მეტია, თუმცა აღნიშნული სივრცის გალამაზება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გლდანის გამგეობამ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა.
„პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ამის შემდეგ კი დაიგება ასფალტის საფარი. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან წვიმიან ამინდში გადაადგილება ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურიც.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, შემდეგ კი 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდება.
„კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება ნაძალადევის რაიონში. ღრმაღელის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ამორტიზებული და მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა უკვე დაიწყო. განახლდება როგორც სასმელი წყლის სისტემა, ისე წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაძალადევის გამგეობა 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს, რომლის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ასევე, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური“, - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ღრმაღელის ქუჩის რეაბილიტაცია წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. ტერიტორიაზე არსებობს დაზიანებული ქვაფენილიანი გზა, რაც ართულებდა ქუჩაზე მოსახლეობის გადაადგილებას. აღნიშნული სამუშაოების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყველაფერი მთლიანად მოწესრიგდება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, ნაძალადევის გამგეობა სამუშაოებს ლოტკინის დასახლებაში, ლაითურის ქუჩაზეც ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური, შემდეგ კი დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.
„მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. იყო გრუნტიანი, დაზიანებული გზის საფარი, რაც პრობლემებს ქმნიდა როგორც ქვეითთა გადაადგილებისას, ისე მსუბუქი ავტომობილებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ტერიტორია სრულად განახლდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."