თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.
მისი თქმით, ტენდერი აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესებით წარიმართა, რომელშიც აღნიშნულმა საწარმომ ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა.
„ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება ისეთი ისტორიული პროექტის განხორციელებაზე, როგორიცაა ტრამვაის ხაზი. დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესებით გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის, სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთშია რეგისტრირებული. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება დასრულებულია და გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (Emre Ray + Yüksel + Erk), რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი შედგება სამი ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპის ვადა 36 თვეა, ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით კი, პროექტის დასრულება დაგეგმილია შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.
„რაც შეეხება ტრამვაის ხაზს, იგი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით, დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას; ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც 11 გაჩერება განთავსდება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ისინი ზემო ფონიჭალიდან სადგურის მოედნის ცენტრალურ კვანძს მარტივად და კომფორტულად დაუკავშირდნენ.
„N344 მარშრუტს, რომელიც მგზავრებს ზემო ფონიჭალიდან ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ემსახურება, ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ასევე, მარშრუტი კოტე აფხაზის ქუჩიდან გაგრძელდა სადგურის მოედნამდე, რუსთაველის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი ცვლილებები მოცდის დროის შემცირებისა მეტი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა.
„ყოველდღიურად ვაკვირდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას, სად გვაქვს სირთულე, რომელ მარშრუტს სჭირდება გაუმჯობესება, დამატება და ა.შ. შესაბამისად, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის) მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მისივე განმარტებით, გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა.
„გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ასევე, გარკვეული მიმართულებებით მოძრაობის წესები შეიცვალა. გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა. რა თქმა უნდა, მძღოლებს გარკვეული დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ ადაპტირდნენ, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ნაკადებს - ცვლილებების შედეგად, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად ვიღებთ.
აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები - მას შემდეგ, რაც ე.წ. ბასლეინი დაიხაზა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. აქამდე ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს მანქანების საცობში უწევდათ დგომა. სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ თითქოს, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაჩნდა აღნიშნულ ტერიტორიაზე საცობი. შეფერხება იყო, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დიდ დიღომში მცხოვრებლებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ მისვლისთვის დიდი დრო სჭირდებოდათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების კომფორტულად გადაყვანა ვერ მოხერხდებოდა.
„იმის გამო, რომ ავტობუსებს საცობში დგომა უწევდათ, გაჩერებებზე მგზავრების რაოდენობა ორმაგდებოდა. ავტობუსის გაჩერებაზე მისვლას 10-15-წუთიანი ინტერვალი აქვს, თუმცა მოქალაქეებს, დაახლოებით, 40 წუთი უწევდათ გაჩერებაზე დგომა. აღარ ვსაუბრობ გადაადგილებაზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა და ეს აბსოლუტურად მესმის. ადამიანი, რომელიც დილას მიდის სამსახურში, შემდეგ მთელი დღე მუშაობს და საღამოს დაღლილი ბრუნდება სახლში, მას საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს. ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე ამ ტერიტორიაზე გაზრდილი მგზავრთნაკადის შეფერხებების გარეშე გადაყვანა ვერ მოხდებოდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილების შედეგად, არსებული ქაოტური მოძრაობა დარეგულირებულია, თუმცა რჩება პრობლემური მონაკვეთი და მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში კონკრეტულ გადაწყვეტილებას აქაც მიიღებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ქაოტური მოძრაობა დარეგულირდა, რიგ მიმართულებებზე გაუმჯობესდა კერძო ავტომობილების გადაადგილება. მაგალითად, ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით ავტომანქანით მგზავრობის დრო რვა წუთით შემცირდა, ხოლო ექვსი წუთით შემცირებულია - ქერჩისა და ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ფეიქრების ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისევ გვრჩება გამოწვევა. ჩვენ არ ვერიდებით პრობლემებზე საუბარს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველა მიმართულებით მუშაობენ, აწარმოებენ ყოველდღიურ მონიტორინგს, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა.
კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი, როგორც გლდანის რაიონისთვის, ისე საფეხბურთო სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იყო წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება.
„თბილისის მერიის ინიციატივით, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც იყო გაუბედურებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის მქონე ე.წ. ამერის სტადიონი, დაგეგმილია ფეხბურთის მოედნების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენი დაპირება იყო ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, რომ აქ მოეწყობოდა თანამედროვე საფეხბურთო ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცეში კარგი პროექტის განხორციელება, რადგან აღნიშნულ სტადიონზე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ბავშვი ვარჯიშობდა, თუმცა დღეს იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზეც.
„უკვე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. ძალიან მალე გვექნება შესაბამისი პროექტი და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოებზეც. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 11x11-ზე ფიფა-ს სტანდარტის ორი მოედნის სრული რეაბილიტაცია, არსებული ტერიტორიის სრული განახლება, ასევე, 7x7-ზე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია. მოედნების დატვირთვიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება შენობა, რომელშიც მოეწყობა გასახდელები, საპირფარეშოები, საშხაპეები, სასაწყობე ფართები, ადმინისტრაციული ოთახები და ყველა საჭირო სივრცე, რაც განაპირობებს საფეხბურთო ცენტრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის ძველ სპორტულ დიდებას.
„გლდანის რაიონისთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, იგივე „ავაზას“ საფეხბურთო ცენტრი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გასხვისდა სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, თუმცა აღნიშნული სივრცე, ადგილმონაცველეობის პრინციპით, დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს და დღეს იქ საუკეთესო სპორტული სივრცეა. იგივე იქნება „ამერის“ სტადიონზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის მიზანი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები, სამუშაოები კი 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება.
„უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა 2 060 ანკერი, დამონტაჟდება ფოლადის გალვანიზებული ბადე და ბაგირი, რაც აღმოფხვრის ქანების ჩამოშლისა და მეწყრული პროცესების განვითარების რისკს. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობაც, რომელიც ზედაპირული წყლების მოცილებისთვის მნიშვნელოვანია და ფერდის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს. პროექტის დასრულების ეტაპზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება – დაიგება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება თანამედროვე ლითონის ზღუდარები და სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, ფერდის გამაგრების სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, უახლოეს დღეებში დაიწყება და რვა თვეში დასრულდება.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."