1 ივლისი, 2026

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალიწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018 და 2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულიად უფასოა და მის საფასურს დედაქალაქის მერია ანაზღაურებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა. მათგან 1 397 მამრობითი, ხოლო 1 364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.

„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს. სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, აღნიშნული პროგრამა გამოიყენოთ. როგორც იცით, ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია განკურნების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ინტერესთა გამოხატვის ვადა 13 ივლისამდეა განსაზღვრული.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება. საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით არის გამოცხადებული და ინტერესთა გამოხატვისთვის განსაზღვრული ვადა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის კონცეფცია თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება, რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან. ეს ძირითადად გულისხმობს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობის განხილვაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს როგორც დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას, ისე გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარეების შეფასებას.

„პროექტის მიზანია, კვალიფიციურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც თბილისის აგლომერაციაში საქალაქო რკინიგზის დერეფნის განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივებს განსაზღვრავს. ასევე, შეფასდება გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარე. კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან საუკეთესო პრეტენდენტი შეირჩევა, გარკვეული სატენდერო პროცედურების შემდეგ კი კვლევითი სამუშაოები დაიწყება. ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული მიმართულებით. პროექტი დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმის ნაწილს წარმოადგენს და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კვლევის პროცესს, ტექნიკურ ზედამხედველობას და კოორდინაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გაუწევს.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N39 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება.

„4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის მიკრორაიონებისკენ, ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო სწრაფად და კომფორტულად.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით.

მისი განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ.

„თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების: 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, გამოცდებსა და კონკურსში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

მსგავსი სიახლეები