17 ივნისი, 2026

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ წყნეთის გზატკეცილზე მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.

მისი თქმით, პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერიამ შესაბამისი კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 17 ივლისს დასრულდება.

„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. ზოგადად, მულტიფუნქციური ცენტრები ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში ორი დიდი პროექტი განვახორციელეთ - დიდ დიღომსა და სამგორის რაიონში. ორივე ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, გვაქვს საინტერესო პროგრამა 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს ინფრასტრუქტურა ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლიათ გამოიყენონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალ ცენტრში პირველად განხორციელდება ღია ტიპის საცურაო აუზის პროექტი.

„სპორტულ ცენტრში განთავსდება საცურაო აუზი ზომით 50X25-ზე, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის. მსგავსი პროექტი ჯერ არ გაგვიკეთებია. ასევე, მოეწყობა დახურული 7X7-ზე ზომის საფეხბურთო მოედანი, ფიტნეს დარბაზი და პადელის კორტები. ობიექტს ექნება საპარკინგე სივრცე და ტერიტორია კაფესთვის. აღნიშნულის განსახორციელებლად, პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია აცხადებს კონკურს. წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და დასრულდება 17 ივლისს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და იმედი გამოთქვა, რომ იქნება შესაბამისი დაინტერესება, რათა თბილისში კიდევ ერთი გამორჩეული არქიტექტურის პროექტი განხორციელდეს.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები ამოქმედდება. კერძოდ, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა სახელწოდებით „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“.

„პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია, ყოველსემესტრულად, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს აფინანსებს.

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს 1 280-მა სოციალურად დაუცველმა, 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. ამასთან, მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაზრდის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდა, დავალიანება დროულად დაფარონ.

მისი განმარტებით, თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს ნებართვა გაუუქმდებათ, რაც აღდგენას აღარ დაექვემდებარება.

„ჩვენ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. მიუხედავად ამისა, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელის მიერ კვლავ გრძელდება სანებართვო პირობების უგულებელყოფა. ისინი კვლავ არ იხდიან ნებართვის გაცემის საფასურს და წინა თვეების დაგროვილ დავალიანებასთან ერთად, ყოველდღიურად ემატებათ შესაბამისი ოდენობის თანხა. რა თქმა უნდა, ჩვენ ლიცენზიის ყველა მფლობელს ვუგზავნით შესაბამის ტექსტურ შეტყობინებას პირად ნომერზე და აქვთ ინფორმაცია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ნებართვების გაუქმება, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ აღდგება. არავის უხარია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სხვანაირად შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში ორი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს.

„პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების არსებობა ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია. ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. ეს ტენდენცია გრძელდება. ამჯერად, სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირის N46-ის მიმდებარედ და ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სკვერებში მიმდინარეობს. ორივე პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სრულად განახლდება ამორტიზებული საბაღო ინვენტარი და განთავსდება სასმელი წყლის შადრევნები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გამწვანების სამუშაოებს - დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება რულონური ბალახი.

ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სკვერის პროექტი ასევე ითვალისწინებს საბავშვო მოედნის მოწყობასა და არსებული სპორტული სივრცის განახლებას. დამატებით განხორციელდება შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლოტკინის დასახლებაშიც, კერძოდ, ხუდადოვის ქუჩის N102-თან.

კახა კალაძის თქმით, პროექტის მიხედვით, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, ტრენაჟორები და მოსასვენებელი პავილიონები.

„გარდა ამისა, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, ვიდეომონიტორინგის კამერები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, საერთო სარგებლობის კიბე და საყრდენი კედლები. მისამართზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურის სადემონტაჟო სამუშაოები უკვე განხორციელდა. გარე პერიმეტრზე მოეწყო ბორდიური და ტერიტორია უსაფრთხოების ლითონის ღობით შემოისაზღვრა. ასევე, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა არსებულ ხე-მცენარეებს. ამ ეტაპზე, გრუნტის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგდება და ადგილობრივებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნება.

მსგავსი სიახლეები