26 მაისი, 2026

26 მაისი გვახსენებს, რამხელა წარსულის და მომავალზე პასუხისმგებლობის მქონე ერი ვართ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილთან ერთად, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

კახა კალაძემ მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილე მიულოცა.

მისი თქმით, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ქართველი ერის ღირსების სიმბოლოა.

„დღეს ჩვენი დღეა - დღე, რომელიც ჩვენი გმირების თავგანწირვით და სამშობლოს მარადიულობის რწმენით მოვიპოვეთ. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ჩვენი ღირსების სიმბოლოა. იგი გვახსენებს, რამხელა წარსულის და მომავალზე პასუხისმგებლობის მქონე ერი ვართ; რა გზა გავიარეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და მშვიდობიანი განვითარებისთვის.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ მშვიდობას, წინსვლას და კეთილდღეობას! ხსოვნა და დიდება იყოს ქვეყნის თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების!
დიდება საქართველოს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ორგანიზებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა კვების სივრცეები, სხვადასხვა ინსტალაციები და დეკორაციები, ასევე, გაიმართა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

მსგავსი სიახლეები