თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიანიჭა.
დედაქალაქის მერმა მეტროპოლიტენის თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია მეტროს. წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებითაც ხვალ საზეიმო ღონისძიება გაიმართება. არ დავიწყებ საუბარს იმაზე, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა ამ მიმართულებით, რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლებში და რა გამოწვევებს ვეჯახებით დღემდე, როცა საქმე სწორედ მეტროსადგურების რეაბილიტაციას და გამართულ მუშაობას ეხება. თბილისის მეტრო 1966 წლის 10 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მეტრო დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ემსახურება. მას დღეში, დაახლოებით, 500 ათასი მოქალაქე გადაჰყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2 800-მდე თანამშრომელია ჩართული.
„მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე, მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვინდა, საპატიო თანამშრომლის წოდება მივანიჭოთ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს, რომელთაც სპეციალური სიგელები გადაეცემათ. მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის, იმისთვის, რომ დღემდე სიყვარულითა და პატიოსნებით ემსახურებით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს და მის მცხოვრებლებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები, რომლებიც მერმა დააჯილდოვა, არიან: თამაზ ნაყოფია - გაერთიანებული სახელოსნოს უფროსის მოადგილე; ბადრი კაპანაძე - ელექტროდეპო გლდანის N5 აწევითი საამქროს უფროსი ოსტატი; ლევან ხარაიძე - ელექტრომექანიკური სამსახურის ელექტრომექანიკური დისტანციის უფროსი; თამაზ შათირიშვილი - ელექტრომომარაგების სამსახურის ელექტრომომარაგების და ავტო-ტელემართვის დისტანციის სახელოსნოს უფროსი; ემზარი გოგაძე - მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილე; ვასილ ბიჭაშვილი - ელექტროდეპო ნაძალადევის N4 აწევითი საამქროს უფროსი; ხვიჩა ქადაგიშვილი - სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის ექსპლუატაციის უფროსი; კობა ქველაძე - ელექტროდეპო ნაძალადევის N2 საექსპლუატაციო საამქროს ხაზის მემანქანე; მედეა ბაქრაძე - გენერალური დირექტორის აპარატის არქივის წამყვანი სპეციალისტი; ლიანა კოშაძე - ბუღალტერიის ფულადი სახსრების მოძრაობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; ავთანდილ მჭედლიშვილი - ლაბორატორიული ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის კოროზიისა და წინაღობის გაზომვის სპეციალისტი; ლუიზა ღონღაძე - შიდა მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ვიდეომონიტორინგის ინსპექტორი; ავთანდილ ხუჭუა - სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის სამსახურის სარემონტო-ტექნოლოგიური დისტანციის უფროსი; მურთაზ მამუჩიშვილი - ექსპლუატაციის სამსახურის ექსპლუატაციის ზედამხედველობის განყოფილების დეფექტოსკოპიის ლაბორატორიის ოპერატორი; ბესიკ ხარატიშვილი - თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე; იური გაბელია - სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის ლიანდაგის მონტიორი; მერი კობახიძე - ელექტროდეპო ნაძალადევის უფროსი განმწესებელი.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დააჯილდოებს თბილისის მეტროს ცხრა ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეტროს საქმიანობაში.
„ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის ჩართულობით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა მიმდინარე წლის ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში შედის, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი ემატება.
„წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, თუმცა თავიდანვე ვთქვით, რომ ბიუჯეტის მოცულობა კვლავ გაიზრდებოდა. მიმდინარე თვეს უკვე განხორციელდა ცვლილება თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და დედაქალაქის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ნაშთი - 17 მლნ ლარი. ამჯერად, კიდევ ერთი ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გარდამავალი ნაშთისა და 2025 წელს შემოსულობებების გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების - 273 860 100 ლარის გამოყენებისა და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილების თანახმად, გრანტების ნაწილში, სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იზრდება 22 560 000 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 296 420 100 ლარით და სულ შეადგენს 2 506 978 300 ლარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა - 68 292 800 ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 123 719 200 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 15 742 500 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 349 000 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 6 411 300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 7 847 700 ლარი; განათლება - 51 209 800 ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 18 182 400 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 3 361 500 ლარი; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 1 303 900 ლარი.
დედაქალაქის მერის თქმით, გაგრძელდება დაწყებული პროექტები, მათ შორის ისტორიულ არეალებში - სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩების სრული რეაბილიტაცია და იქ არსებული შენობა-ნაგებობის განახლება.
„წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზაცია - 18 მლნ ლარი; დაიწყება ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაცია - 5 მლნ ლარი; 4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობ/რეაბილიტაცია - 11,4 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა - 10 მლნ ლარი; მთაწმინდის რაიონში ძმები კაკაბაძეების ქუჩის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი; ფილტვის სკრინინგი - 3 მლნ ლარი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი და თითოეული თბილისელის თანადგომა ამჯერადაც დაგვჭირდება. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თან სდევს გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ეს ყველაფერი ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის კეთდება. ჩვენი გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობასა და ქალაქისთვის საუკეთესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."