თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება გამკაცრდება.
მისივე განმარტებით, აქამდე ამ მიმართულებით კანონი მოქმედებდა, თუმცა აღსრულების მხრივ, გარკვეული პრობლემები არსებობდა.
„მაშინ, როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ფიქსირდება ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვანდალურად დაზიანების 5 000-მდე ფაქტია დაფიქსირებული - ასეთია შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სხვადასხვა უწყების შენობები, მეტროსადგურების ამოსასლელები, გაჩერებები და ა.შ. ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ მოხდეს მისი გამკაცრება. ვანდალიზმის შედეგების გამოსწორებას რაც შეეხება, საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე, რომელიც ისევ თქვენი თანხაა, რიგითი მოქალაქეების, რაც ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს მაშინ, როცა შეგვიძლია, აღნიშნული თანხები მივმართოთ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დაავალა „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ხელმძღვანელს გოგი ჩიქოვანს, რომ აღნიშნული მიმართულება გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
„ასევე ვთხოვ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმღვანელს გიორგი პაპავას, ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები, რომ ორი კვირის განმავლობაში მოწესრიგდეს შენობების ფასადები. ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. მადლობა პირადად მინისტრს მხარდაჭერისთვის. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობა მსგავსი პრობლემების მოგვარებაში უმნიშვნელოვანესია. არავის დაჯარიმება არ გვიხარია. ყოველთვის გთხოვთ, რომ დაემორჩილოთ კანონს, არ გადავაბიჯოთ ზღვარს, რადგან ეს ქალაქი არის ყველასი. გთხოვთ, არ დავაზიანოთ შენობების ფასადები, პარკები, სკვერები, საერთო საერგებლობის ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს კანონით დაკისრებული მოვალეობის მკაცრად აღსრულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, 17 იანვრიდან დღემდე, მოსული უხვის ნალექის გამო, გზებზე 5 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა, ამ ეტაპზე კი მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე, ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს.
„თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები, ჩიხები. ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5 000 ტონაზე მეტი მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მანვე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს. ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. ასევე, მადლობას ვუხდი რაიონულ გამგეობებს, გამგებლებს, თითოეულ თანამშრომელს, „ეკოსერვის ჯგუფის“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. მუნიციპილატეტის შესაბამის უწყებებს კოორდინირებას უწევდა და ყველა რთულ ლოკაციაზე 24-საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა ასევე გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
„მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან მათთან კოორდინაციით შევძელით, აღმოგვეფხვრა ყველა პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს დაფიქსირდა. ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ზამთრის განმავლობაში, გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ყურადღება სპორტის წახალისებისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზეც გააამხვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 23 იანვარს წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.
მისი განცხადებით, ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება.
„ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და განვითარება. საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში წარმატებული სპორტსმენებისთვის წახალისების არაერთ პროგრამას ახორციელებს. აღნიშნულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტშიც. მეც, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ მაგალითი მივცე მომავალ თაობებს, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად. ეს, პირველ რიგში, წაადგება ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს.
„მერია აქტიურად არის ჩართული სპორტის წახალისების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით. სხვადასხვა პროექტი, პროგრამა თუ ინიციატივა გვაქვს წარმოდგენილი. ამისთვის გამოყოფილი გვაქვს თანხები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება, წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება. ჩვენ ხვალაც გვექნება შესაძლებლობა, დავაჯილდოვოთ წარმატებული თბილისელი სპორტსმენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე სულ დაჯილდოვდა 931 სპორტსმენი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 23 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებას, თბილისის მერის ინფორმაციით, დაჯილდოვდება 236 თბილისელი სპორტსმენი, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. მისივე თქმით, ასევე, დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტ ფეხბურთელთა ერთი გუნდი.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000 ლარს შეადგენას.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ნახევარ ჰექტარ ფართობზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მოიცავს UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნის მშენებლობას, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
„სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N12-ში, 3 220 კვ.მ ფართობზე UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა, სადაც ადგილები გათვალისწინებულია შშმ პირთათვისაც. ასევე მოეწყობა ფეხბურთელებისა და მსაჯების გასახდელები სველი წერტილებითა და საშხაპეებით. შენობა აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიიდან უკვე განხორციელდა მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ჯიხურის გადატანა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2026 წელს.
რაც შეეხება რეკრეაციულ პროექტებს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გლდანის რაიონში, ილორის ქუჩის N19/23-ისა და მე-6 მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ სკვერები მოეწყობა.
„ილორის ქუჩის N19/23-ის მიმდებარედ მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა და სპორტული მოედანი. დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - რულონური ბალახი დაიგება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება. პროექტის განხორციელებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დაახლოებით, 600 000 ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გლდანის მე-6 მიკრორაიონის 22-ე კორპუსის მიმდებარედ სამუშაოები, დაახლოებით, 1 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
„პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონა, მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ყველანაირად მოწესრიგდება აღნიშნული ტერიტორია. მსგავს სამუშაოებს განვაგრძობთ. გვინდა, ყველა რაიონში, უბნების დონეზე არსებობდეს მსგავსი მოწესრიგებული სივრცეები, სადაც ადამიანები დაისვენებენ და განიტვირთებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."