17 დეკემბერი, 2025

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

კახა კალაძემ დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ დოკუმენტი უკვე მზადაა და უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

„მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარედგინება საკრებულოს. აღნიშნული დოკუმენტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს, ისე ქმნის საფუძველს მისი გრძელვადიანი განვითარებისთვის. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს. ეს მაჩვენებელი 219 823 300 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით და 110 906 500 ლარით აღემატება პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს.

ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები, სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობიდან თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის პროექტების განხორციელებისკენ იქნება მიმართული.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით - 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 572 920 000 ლარი და იგი 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობის 26%-ს შეადგენს, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით - დაგეგმილია 601 712 500 ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით, 67 859 100 ლარით მეტია. სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 27 %-ს შეადგენს.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 000 000 ლარის დონორული დაფინანსება; 2026 წელს იწყება და გრძელდება ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, მათ შორის: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა; სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზა; რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია; ახალი ხიდების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება; სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების განვითარება; სკვერებისა და პარკების მოწყობა და რეაბილიტაცია; ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების გაუმჯობესება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა რაიონული დაფინანსების ნაწილზეც და აღნიშნა, რომ დაფინანსება იზრდება ყველა რაიონში. კერძოდ, ამ მიმართულებით გამოყოფილია 298 933 900 ლარი, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 24 095 100 ლარით მეტია.

დედაქალაქის მერმა „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა უკვე 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა.

„წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, დაახლოებით, 27% არის აღნიშნული მიმართულების წილი. წინაზე ვისაუბრე „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენეტის დაფინანსების“ პროგრამის შესახებ, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის სექტემრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი - „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დავუფინანსეთ.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი - „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ყველა იმ დაპირების აღსრულებას, რომელიც მოსახლეობას მივეცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები არიან - მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.

კახა კალძემ ხაზი გაუსვა, რომ მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„მერიის პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერია მომსახურების მისაღებად მატერიალიზებულ ვაუჩერს/თანხმობის წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს. პაციენტის თანაგადახდა ფაქტიური ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ყველა იმ ადამიანს ხელს შევუწყობთ, ვინც ამ საჭიროების წინაშე დგას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი რეკრეაციული მიმართულებით პროექტებს აქტიურად განაგრძობს. კერძოდ, დასასვენებელი სივრცე მოეწყო საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში.

კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმებოდა, თუმცა მუნიციპალიტეტმა, მოლაპარაკების გზით, მისი ადგილმონაცვლეობა განახორციელა.

„საბურთალოს გამგეობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოაწყო. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები. შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს დასვენებისა და განტვირთვის სივრცე ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი სკვერი მოეწყო გლდანის რაიონში, ანგია ზოჭორიშვილის ქუჩის N3 კორპუსთან.

„ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების დამსახურებული თანამშრომელი - ლალი პატარაია წარუდგინა, რომელიც 40 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში მუშაობს.

„თბილისის მერიაში ძალიან ბევრი გამოცდილი და პროფესიონალი კადრი მუშაობს, მაგრამ ერთ სტრუქტურაში მუშაობის 40-წლიანი უწყვეტი სტაჟი განსაკუთრებული და იშვიათი გამონაკლისია. ბევრჯერ მითქვამს, რომ წარმატება, რომელიც ასოცირდება მუნიპალიტეტთან, ზუსტად იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც დღე და ღამე ღირსეულად, პატიოსნად და პროფესიონალურად ემსახურებიან დედაქალაქს. ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომელმა, ლალი პატარაიამ 40 ნაყოფიერი წელი მიუძღვნა თბილისის მერიას. იგი მუნიციპალიტეტს 1986 წლის იანვრიდან ემსახურება, 2016 წლიდან დღემდე კი ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობს. ვფიქრობ, ასეთი ერთგულება და პროფესიონალიზმი ორგანიზაციის სტაბილურობისა და წარმატების ქვაკუთხედია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ლალი პატარაიას წარმატებები უსურვა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

„გულწრფელ მადლობას გიხდით ასეთი შრომისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის. ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდის ასეთი ღირებული წევრი ბრძანდებით. მინდა, გისურვოთ წარმატებები, ჯანმრთელობა და დარწმუნებული ვარ, თქვენ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში დაეხმარებით თქვენს სამსახურს, თქვენი საქმით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით. პატივისცემის ნიშნად გადმოგცემთ მადლობის სიგელს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები