10 დეკემბერი, 2025

დედაქალაქის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება.

მისივე თქმით, „საახალწლო სოფელიც“ რესპუბლიკის მოედანზე გაიხსნება და როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებს, ისე სტუმრებს, საახალწლო განწყობას შეუქმნის.

„აქტიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც განთავსდება მთავარი ნაძვის ხე და „საშობაო სოფელი“. ყველაფერს ვაკეთებთ, შევქმნათ საახალწლო გარემო და იქ მისულს, დიდს თუ პატარას, შეექმნას განწყობა. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ერთად ავანთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სოციალურ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამით, სამი თვის განმავლობაში, უკვე 129 მოქალაქემ ისარგებლა.

მისივე თქმით, რამდენიმე მოსარგებლემ უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ჯანდაცვასა და სოციალური პრობლემების დაფინანსებას ეთმობა - გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ამ მიმართულებით გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მისი განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა. ამასთან, რამდენიმე მოსარგებლემ უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, პროგრამა, სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით, მოქალაქეზე აფთიაქში მედიკამენტი გაიცემა.

თბილისის მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით.

„მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა.

დედაქალაქის მერმა აქვე აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება, 15 იანვრიდან კი სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება.

„15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება - საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებებში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში, ⁠განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი; ⁠გადამზადდნენ როგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით; ⁠იმართება საინფორმაციო შეხვედრები აღსაზრდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტი კომფორტისთვის ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე - www.tbilisikids.com რეგისტრაციის გზით, ერთჯერადი QR-კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე.

„⁠გარდა ამისა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ რვა პლასტიკური ბარათი, რათა დავაზღვიოთ ბავშვის აღრიცხვა ბარათის დაკარგვის ან სხვადასხვა მშობლის მიერ თანხლების შემთხვევაში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა გარემოება, რომელმაც შესაძლოა, თავი იჩინოს ბავშვთა და თანამშრომელთა ელექტრონული აღრიცხვისას, იქნება ეს კონკრეტული სამუშაო განაკვეთი თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული დასწრების გრაფიკი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, ელექტრონული დაშვების სისტემა უაღრესად მნიშვნელოვანი მექანიზმია როგორც სააღმზრდელო პროცესის მართვის, ისე ფინანსების რაციონალიზაციის მიმართულებით.

„პროგრამა 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულთა, ისე რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას. ასევე, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება გამოიწვევს ადამიანური, დროისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაზოგვას და გადანაწილებას სხვა საჭიროებებზე; სისტემა საშუალებას აძლევს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში დასწრება და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ცენტრალიზებულად გადაამოწმოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, სიახლე მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან თბილისის 20 საბავშვო ბაღში, საპილოტე რეჟიმში მუშაობდა და ამ დრომდე არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერია, სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში, ახალგაზრდებს ყოველწლიურად, არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, წელს 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა განხორციელდება.

კახა კალაძის განცხადებით, პროგრამა 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს.

„თბილისის მერია, ტრადიციულად სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში, ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს. ამ მხრივ არც მიმდინარე ზამთრის პერიოდია გამონაკლისი, რომელსაც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და განახლებული პროგრამებით, ახალგაზრდული ბანაკებით, სკოლებითა და საგანმანათლებლო და რეკრეაციული ხასიათის გასვლითი ტურებით ვხვდებით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა, როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული და სახელოვნებო მიმართულებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პროგრამები განხორციელდება ისეთი პოპულარული და საინტერესო თემატიკით, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები; რობოტიკა; კინოხელოვნება; ინგლისური ენა; თხილამურის დაუფლების სკოლა; დებატები და თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდები; საჯარო მართვა; ემოციური ინტელექტი; ხის მხატვრული დამუშავება; სამაგიდო თამაშების შექმნა და სხვა.

„პარალელურად, მოეწყობა შემეცნებითი გასვლითი ტურები საქართველოს ისტორიულ ადგილებში. პროგრამა ჯამურად 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, შეიძინონ ახალი მეგობრები, ისწავლონ საინტერესო საქმე და დაისვენონ პროდუქტიულად“, - აღნიშნა კახა კალაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისაკენ მოუწოდა.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება აღნიშნული ინიციატივით.

„მოგიწოდებთ, იაქტიურეთ. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ტიპის ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ახალგაზრდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელია ვებგვერდზე - youthtbilisi.ge.

მსგავსი სიახლეები