3 დეკემბერი, 2025

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ოფიციალური ვიზიტი შეამაჯამა.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც იზიარებენ ქვეყნის თავისუფლებას, დემოკრატიასა და სუვერენიტეტს, აქვთ საერთო ღირებულებები და სურვილი - პირველ რიგში, დაიცვან საკუთარი მოქალაქეების ინტერესები.

„დელეგაციის წევრებთან ერთად, ორი დღის განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართული შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების პერსპექტივებს. მიმოვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მძიმე ვითარებაც. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც თავსმოხვეულია და სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოსთვის. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა და თანადგომა, ასევე, გადმოგვცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა უნგრეთის ხელისუფლებას და ქვეყნის პრემიერ-მინიტრს მადლობა გადაუხადა ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და უნგრეთს, მის ხელისუფლებას, პრემიერ-მინიტრს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვიხარია, რომ როგორც საქართველო, ისე უნგრეთი, იბრძვის სიმართლისთვის. ეს დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასევე ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაშიც.

„ვიზიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაშიც, სადაც ძირითადი ყურადღება ქალაქებში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებს დაეთმო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და გადაადგილების კომფორტულობაზე - ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიულ სახლებთან და ძველი, მწყობრიდან გამოსული ლიფტების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რა მიდგომა გვაქვს, რა კონკრეტულ პროგრამებს ვახორციელებთ. ასევე, მოვისმინეთ, თუ როგორ უპასუხეს ევროპულ ქალაქებში სხვადასხვა გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენთანასც აქტუალურია.

ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, ვიმყოფებოდით ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობასაც.

„ჩვენი ქვეყნისთვის იმ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც იზიარებენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დემოკრატიასა და სუვერენიტეტს, გვაქვს საერთო ღირებულებები და სურვილი - პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია. ამიტომ, მსგავსი ვიზიტები, ურთიერთგამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითების ჩვენს დედაქალაქში გადმოტანა, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისი მომდევნო წლებში ბევრად უფრო მწვანე, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი იქნება, რომელიც ევროპის წამყვან ქალაქებს არ ჩამოუვარდება.

დედაქალაქის მერმა დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც 27 დღის განმავლობაში პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მერია მრავალფეროვან, გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს გეგმავს. თემატურად მოწყობილი საახალწლო სივრცეები ტრადიციულად დატვირთული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებითა და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე 12 დეკემბერს აინთება.

„12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების პარალელურად, მთელი ქალაქის მასშტაბით აინთება საახალწლო ილუმინაციები, სპეციალურად დღესასწაულისთვის მორთული პირველი რესპუბლიკის მოედანი კი სწორედ 12 დეკემბრიდან უმასპინძლებს თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომ ტრადიციულად ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის საახალწლო იერსახის შექმნაზე, როგორც „საახალწლო სოფელში“, ისე ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებსა და პარკებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“.

„ახალი წლის ღონისძიებებთან ერთად, ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს საახალწლო სლოგანიც, რომელიც ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი ქალაქის მიმართ გვამოძრავებს. ბოლო წლების განმავლობაში, გვქონდა ბევრი წარმატება, გამარჯვება, თუმცა გვქონდა გარდამტეხი მომენტებიც, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა მხარეს აღმოაჩინა; გვაკლდა ერთმანეთის, სამშობლოს მიმართ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სხვისი პოზიციის მიმღებლობა; დავდექით მშვიდობის დაკარგვისა და ომის დაწყების ზღვარზე; მოვიპოვეთ საერთაშორისო წარმატება და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების დამსახურებით, ევროპაში ხმამაღლა დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო სლოგანები ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც საზოგადოებას ქალაქის მიმართ ამოძრავებს.

„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია ყველა კარგი საქმის კეთების დროს - ეს არის სიკეთე. ვფიქრობ, უფრო მეტი სიკეთე გვმართებს ერთმანეთის, ჩვენი ქალაქის, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ; უნდა შევძლოთ და კეთილი ზრახვით, არა ბოღმითა და შურით ვაშენოთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის მომავალი; სიკეთე უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი ჩვენი შვილების აღზრდის საქმეში, რათა მათ შეძლონ, ღირსეულად ემსახურონ საკუთარ სამშობლოს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება - „სიკეთით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მომავალ წელს მოსახლეობას სიკეთე, სულიერი სიმშვიდე და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.

„ჩვენი, ყველას საახალწლო სურვილიც იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება. დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით, ერთმანეთისგან გარიყვით. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური და არ უნდა ძაბავდეს საზოგადოებას. ყველას გისურვებთ სიკეთეს, სულიერ სიმშვიდეს და ძლიერ, ღირსეულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას! სიკეთე, სიყვარული და დოვლათი იყოს ჩვენი ოჯახების თანმდევი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა მზადება აღსაზრდელებისთვის ტრადიციული საახალწლო საჩუქრების პროექტზე.

მისი თქმით, ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს განახლებული სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა.

„ვცდილობთ, ყოველწლიურად გარკვეული სიახლე შევიტანოთ ნობათების შემადგენლობაში და წელსაც ჩვენი ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე განახლებული ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. საჩუქრები გათვალისწინებულია თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელისთვის. თითოეული სასაჩუქრე ყუთი შეიცავს მაღალი ხარისხის, ათი სახეობის ტკბილეულს და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ სათამაშო ნაკრების რამდენიმე სახეობას, საახალწლო თემატიკით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრების შეტანა ბაღებში უკვე დაწყებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე დასრულდება.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მისივე თქმით, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.

„აღნიშნული ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები. აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი. ყველა გამგეობა ახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს იმისთვის, რომ უბნებშიც შევიდეთ და მხოლოდ დიდი ტერიტორიებით არ შემოვიფარგლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები