თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გლდანის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის პროექტს ახორციელებს.
მისი თქმით, სამუშაოები ნეკრესის, სვანეთის, ერთობისა და ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის გასწვრივ მიმდინარეობს.
„გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ახორციელებს. იქ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, არ არსებობდა კომუნიკაციები, ვერ გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იყო მხოლოდ გრუნტისსაფარიანი გზა. წვიმის დროს ქვეითებისთვის ფეხით გადაადგილებაც კი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ აღნიშნული დასახლების მოწესრიგება, კომუნიკაციების გაყვანა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სადაც ეს პროექტები განხორციელდა, იმ არეალებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
ბოლოს, როდესაც აღნიშნულ დასახლებაში, ბორჯომის ქუჩაზე ვიმყოფებოდი, მოსახლეობას შევხვდი და მათ პრობლემაზე ვისაუბრეთ. მათ დავპირდი, რომ მოეწყობოდა ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორი, რაც არსებულ პრობლემას მოაგვარებდა. ადგილობრივმა გამგეობამ პროექტის განხორციელება დაიწყო და ნეკრესის, სვანეთის, ერთობისა და ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის გასწვრივ სანიაღვრე კოლექტორს აწყობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოები, დაახლოებით, 2 400 გრძივ მეტრზე განხორციელდება, რისთვისაც 3 600 000 ლარამდე დაიხარჯება.
„როგორც აღვნიშნე, მუხიანის აგარაკებისთვის ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან კოლექტორი უზრუნველყოფს მოსული უხვი ნალექის ნაკადის მიღებას, გატარებას და რაც მთავარია, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან არიდებას. პარალელურად, კვლავ აქტიურად გაგრძელდება გზების მოწესრიგება, რათა ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მიმდინარე და უკვე განხორციელებულ რეკრეაციულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სკვერების რეაბილიტაცია ჩატარდა ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ.
მისივე თქმით, სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე აწარმოვა, სადაც ორი სკვერი და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა.
„სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. სკვერებში განთავსდა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, სრულად განახლდა სპორტული მოედანი, მოწესრიგდა კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სივრცეები გამწვანდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების მოწყობას. არ შემოვიფარგლებით მხოლოდ საქალაქო მნიშვნელობის პარკებით. პირიქით, ყველა რაიონში უბნების დონეზეც შევდივართ და ვცდილობთ, პატარა სივრცეები, სკვერები გავამწვანოთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგეობამ ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ში სკვერი და სპორტული მოედანი განაახლა. ადგილზე განთავსდა საბავშვო მოედანი და ფიტნეს ზონაც.
თბილისის მერის თქმით, სამუშაოების დასკვნით ეტაპზე სკვერის ტერიტორია გამწვანდა. პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 400 000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, სკვერი განახლდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ჭავჭავაძის N43-შიც.
„სკვერში განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა და გრუნტის დამჭერი კედელი, განახლდა სარწყავი სისტემა, პროექტის დასკვნით ეტაპზე კი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვაკის გამგეობის მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ სამუშაოზეც ისაუბრა. მისი თქმით, სკვერის რეაბილიტაცია აბაშიძის ქუჩის N22-შიც განახორციელა.
„სამუშაოებისას მოეწყო ბავშვთა-გასართობი ზონა, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები. პროექტის დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ერთი სკვერი რეაბილიტირდება ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის N34-თან. აღნიშნული პროექტი დასვნით ეტაპზეა.
„პროექტის ფარგლებში, შესრულდა გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საბაღო სკამები და ურნები. გარდა ამისა, დაიგო ბალახი, დაირგო ხეები და ბუჩქები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს დიდ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე გრუნტიანი გზა არსებობდა, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდა.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მოეწყო და მიწისქვეშ განთავსდა კომუნიკაციების ქსელი. 8 128 კვ.მ ფართობზე იგება ასფალტის საფარი. ძალიან ჭირდა გადაადგილება, არსებობდა გრუნტის გზა და წვიმიან ამინდებში მისი გამოყენება უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ფატმანის ქუჩაზე არსებული გრუნტიანი გზის ნაცვლად, მოქალაქეები გადაადგილებას უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გზაზე შეძლებენ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."