6 ნოემბერი, 2025

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მისი თქმით, 12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, თბილისის მერიაში გაიმართება მოსახლეობასთან შეხვედრები, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ 12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, თბილისის მერიაში მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. ჩვენ ისედაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვიყენებთ სოციალურ პლატფორმებს, ვესაუბრებით თბილისელებს სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, არ გავურბივართ პრობლემებსა და გამოწვევებს. ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროცედურებია ამისთვის მანამდე გასავლელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის ჩართულობით მომდევნო ოთხ წელში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

„განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი დედაქალაქის მოსახლეობას თანადგომისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცხადებული ნდობა, რასაც კონკრეტული გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებთ. მომდევნო ოთხ წელში მასშტაბური, ამბიციური პროექტები იგეგმება. თქვენი ჩართულობით ჩვენი დედაქალაქი უკეთესი გახდება, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტი რეკრეაციული სივრცით, ახალი დიზაინის ქუჩებითა და გამზირებით, განახლებული კომუნიკაციებით და ა.შ. ჩემს თანაგუნდელებს კი წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული საბაგირო გზის მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების პოლიტიკაში.

„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის (არსებული მარშრუტის შენარჩუნებით) საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით. ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება და დაუყოვნებლივ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. ჩვენი ვარაუდით, აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება, დაახლოებით, 1,5 – 2 წელიწადში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის შედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა.

„დღეისთვის ძველი საბაგირო გზის საინჟინრო და შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარება ძალიან მძიმეა. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი კვლევები და დადგინდა, რომ აღნიშნული ნაგებობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვაზისუბნის დასახლებაში მოსახლეობის ზრდის, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმავე დერეფანში განხორციელდეს ახალი, თანამედროვე საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერ მეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ „სამგორამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საბაგირო ჩაერთვება ერთიან სატრანსპორტო ქსელში და მეტროს მოძრაობის გრაფიკის ანალოგიურად მოემსახურება მოსახლეობას.

„დედაქალაქის ლანდშაფტის გათვალისწინებით, საბაგირო გზების განვითარება და მშენებლობა, წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაზედაც არაერთხელ განვაცხადეთ. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა, ანალოგიური პროექტების განხორციელება. საუბარია „სარაჯიშვილი- ზღვის უბნისა“ და „ისანი-ვაზისუბნის“ დამაკავშირებელი საბაგირო გზების მშენებლობაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე დაასრულა შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. ასევე, განახლდა ამავე ქუჩაზე, №7გ კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და წინასაარჩევნო დაპირებებშიც განსაკუთრებულად გამოვყავით გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობა ჩვენს ქალაქში. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ამჯერად, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე დაასრულა შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი ჰა ფართობს მოიცავს. ასევე, განახლდა ამავე ქუჩაზე, №7გ კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში დაირგო ხე-მცენარეებიც“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა, ორი დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სპორტული მოედნები; განთავსდა საპარკო ავეჯი, მოეწყო პატარა ძაღლების სასეირნო სივრცე და სასმელი წყლის შადრევანი; შარტავას სახელობის სკვერში არსებულ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა დემონტაჟი და მის ადგილას მოეწყო თანამედროვე ტიპის კომბინირებული, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი.

„აღსანიშნავია, რომ შარტავას სახელობის სკვერის ტერიტორიაზე არსებობდა უკანონო შემოღობვები, რომლებიც მოიხსნა. ასევე, განხორციელდა უსახური ავტოფარეხების დემონტაჟი. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცებასა და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებით.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, არ ჩაერთოთ მსგავსი ტიპის გარიგებებსა და ქმედებებში, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის აღკვეთა და ქაოსური განაშენიანების აკრძალვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება, აღნიშნული ტერიტორიების დასაკუთრების მიზნით, დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ხშირ შემთხვევაში, უკანონო მშენებლობები სარეკრეაციო და სატყეო ზონებში ხორციელდება, რაც ასევე იწვევს მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხას. აღნიშნული უკანონო საქმიანობა სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და არ უკავშირდება არანაირ სოციალურ საკითხს.

ძალიან ხშირად ხდება მანიპულირება სოციალური საკითხებით, თუმცა როდესაც გაქვს ასეთი ფაქტები და ვაკეთებთ მოკვლევას, ვლინდება, რომ ეს არის ორგანიზებული დაჯგუფებები, რომლებიც კანონის წინააღმდეგ ახორციელებენ ამ ტიპის ქმედებებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონი და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო საქმიანობაში, დაემორჩილონ ჩვენი სამსახურების კანონიერ მოთხოვნებს და მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მხოლოდ 2025 წელს ინსპექციის მიერ გამოვლენილია 1 305 სამშენებლო სამართალდარღვევა.

„სახელმწიფო მიწებზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის აღკვეთის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, ჩატარებულია 70-ზე მეტი სპეციალური ღონისძიება; დემონტაჟი ჩაუტარდა 300-ზე მეტ უკანონოდ აშენებულ შენობა/ნაგებობას; გამოთავისუფლებულია ათეულობით ჰექტარი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა, მათ შორის, რეკრეაციულ და სატყეო ზონები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე მადლობა გადაუხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და მის თითოეულ თანამშრომელს, ასევე, შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც მიაწოდა ინფორმაცია - თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს.

„დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩემს ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნა კახა აბულაძე, რომელიც მანამდე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. დღემდე აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო. ამიტომ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უხელმძღვანელებს გურამ ოქროპირიძე. გურამს გავლილი აქვს შპაიერის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეშვეობით ხორციელდება. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გურამ ოქროპირიძე 2021 წლიდან იყო თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. მანამდე მუშაობდა კერძო სექტორში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა, მას წარმატებები ვუსურო. საკმაოდ საპასუხისმგებლო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ბაგა-ბაღების გამართული მუშაობა, რადგან საქმე ეხება ჩვენს პატარებს. არაერთხელ მითქვამს, რომ თითოეულ დეტალს ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. შესაბამისად, ამ დამოკიდებულების გაგრძელება და კიდევ უფრო გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ბაღების მიმართულებით მომდევნო წლებში კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები