17 სექტემბერი, 2025

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია ბეთანიაში ზამთრის სათხილამურო კურორტს მოაწყობს.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებულ ფერდზე მიწის სამუშაოები ჩატარდება. კერძოდ, მოწესრიგდება მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემა. ასევე, გაფართოვდება სასრიალო ტრასა.

„მოხდება ხელოვნური გათოვლიანება, მოეწყობა ახალი საბაგირო, განათებები, კაფე-ბარები. მნიშვნელოვანია, რომ კურორტი არა მხოლოდ ზამთრის, არამედ ოთხივე სეზონისთვის იქნება გათვლილი. შესაბამისი ხელოვნური საფარი მოეწყობა. სხვათა შორის, ეს სიახლეა. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ატარებენ ამ ტიპის სამუშაოებს და ჩვენც გამოვიყენებთ. თბილისთან ახლოს რომ მოეწყობა მსგავსი კურორტი, ძალიან მნიშვნელოვანია. პირობას გაძლევთ, ძალიან კარგ პროექტს განვახორციელებთ, შევქმნით სასიამოვნო გარემოს დასვენების, განტვირთვის, ვარჯიშისთვის და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული სათხილამურო კურორტი ძალიან დატვირთული იქნება. მინდა, ეკონომიკის სამინისტროს, მის შესაბამის სააგენტოს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მათი ჩართულობით, გვაქვს შესაძლებლობა, რომ პროექტი მაღალ დონეზე განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტზე ადგილობრივი გამგეობა მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობდა.

კახა კალაძემ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიისა და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს, ყველას, ვინც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა, მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი. ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მთლიანად განახლებულია, თავისი სანიაღვრე სისტემებით, საკანალიზაციო ქსელით, წყლისა და გაზის მილებით. პროექტზე მუშაობდა, ასევე, „თბილსერვის ჯგუფი“, რომელმაც მოაწყო გარე განათების ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ, კაბელარხებშია ჩატანილი, დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. ასევე, გამწვანების მიმართულებით მუშაობს „ეკოსერვის ჯგუფი“, ირგვება ხე-მცენარეები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის გამწვანების სამუშაოები.

„მთლიანად რეაბილიტირებული იქნება იქვე არსებული ეზოები და გზის განაპირა სივრცეები. შემოღობვები რაც იყო, მოიხსნება და გამოთავისუფლებული, მოწესრიგებული სივრცეები ისევ მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გამწვანების სამუშაოები თვის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები, ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. ასევე, მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, კიდევ რჩება უამრავი ქუჩა და გამზირი, რომელთაც განახლება და რეაბილიტაცია სჭირდება, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში გავაგრძელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და 17 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს. მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 80 სპეციალობაში განხორციელდება.

„პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა. ისინი მოემზადებიან 80 სპეციალობაში - ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი.

„ახალი პროფესიული კურსებია: ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ. მიმდინარე მიღებაზე, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული საკონკურსო ადგილები, რომელთა სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.dasakmdi.ge“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადამზადდა, დაახლოებით, 12 000 მოქალაქე და მათი დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 75%-ს.

„კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7 თვემდე პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ წელს დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული.

მისი თქმით, წელს „თბილისობა“ 20-21 სექტებერს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.

„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.

„მინდა, დაგპატიჟოთ ყველა - დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები