3 სექტემბერი, 2025

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.

მისი თქმით, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.

„ჩვენი ოთხი წლის წინანდელი დაპირებისამებრ დავიწყეთ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების მასშტაბური პროგრამა. პროექტი დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ის იქცა ნათელ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ და მოქალაქეებმა ერთად, პარტნიორობითა და ნდობით, მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვიწყებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის იდეაც ვიცე-მერს, გიორგი ტყემელაძეს ეკუთვნის. კერძოდ, ეს არის ავარიული შენობების ჩანაცვლება ისტორიულ თბილისში.

თბილისის ისტორიულ ნაწილში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი. ეს არის ჩვენი ქალაქის იდენტობის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მოგვეძებნა ამ პრობლემის გადაჭრის სწორი და გრძელვადიანი გზა. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება და რომელიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სამართლიანობაზე და მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. აღნიშნული წესის მიხედვით, მუნიციპალოტეტი მოსახლეობის სრული, 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

„გათავისუფლებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება და ამ შესაძლებლობას უამრავი ადამიანი გამოიყენებს. ამ გზით ჩვენ ვაღწევთ ორ უმნიშვნელოვანეს მიზანს: ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვაზე და, ამავდროულად, ვინარჩუნებთ ჩვენი ისტორიული არეალების უნიკალურობასა და ავთენტურობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ისნის რაიონში დასრულდა კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია.

„პროექტის ფარგლებში, მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში იყო, მთლიანად განახლდა. შეიცვალა წყალარინების სისტემა, წყლის მილები, მოწესრიგდა სადრენაჟე სისტემა. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელურ არხებში განთავსდა. ასევე, განახლდა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. მოეწყო მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა და მიხარია, რომ ქალაქში კიდევ ერთი ახალი ქუჩა გვექნება - ახალი დიზაინით, ყველანაირად მოწესრიგებული შუქნიშნებით და ე.წ. ზებრა გადასასვლელებით. პირველ რიგში, ამ ქუჩაზე სამუშაოების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ფიზიკურად ავტომანქანით გავლა იყო იქ შეუძლებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს და თითოეულ თანამშრომელს. ასევე, კომპანიას, რომელმაც სამუშაოები შეასრულა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ ან „E“ კატეგორია.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით და ვისაც სურვილი გაქვთ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა. საკითხი ეხება ავტობუსის მძღოლებს. ავტობუსების ახალი პარტია ძალიან მალე დაიწყებს მოძრობას თბილისის ქუჩებში. მძღოლის საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში (დარიცხული). დასაქმებული პირები ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით.

კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში „E“ კატეგორია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას და პროფესიულ სწავლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით (რეზიუმე, მოთხოვნილი დოკუმენტაცია) უნდა მიმართონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მისამართზე: სადგურის მოედანი №2.

კახა კალაძემ მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მძღოლების მხრიდან დაინტერესება იქნება.

მისივე ინფორმაციით, ავტობაზები განლაგებულია ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, ე.წ. გლდანის ხიდებთან, დიდ დიღომში და სამგორის რაიონში.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება, რომელსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება.

კერძოდ, მისი თქმით, ისნის რაიონში N109 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა გაიხსნება, სექტემბრის ბოლომდე კი კიდევ ერთი ბაღი დაბრუნდება ახალ შენობაში.

„N109 ბაღი ერთ-ერთი უდიდესია თბილისის მასშტაბით და 20 ჯგუფით მოემსახურება 600-ზე მეტ აღსაზრდელს. სექტემბრის ბოლომდე კიდევ ერთი საბავშვო ბაღი დაბრუნდება სრულიად ახალ შენობაში. გლდანის რაიონში, კერძოდ კი ზაჰესის დასახლებაში მდებარე N50 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დასრულებულია და პატარების მისაღებად ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ორივე, N109 და N50 საბავშვო ბაღები მშენებლობის პერიოდში ალტერნატიულ ფართებში ფუნქციონირებდა, რამდენიმე კვირაში კი ისინი განახლებულ, კეთილმოწყობილ და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ სკოლამდელი განათლების მიღებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ახალი ბაღების გახსნის სამზადისის პარალელურად, ბაღების სააგენტო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

„ბაღების განახლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და მსხვილი სარემონტო სამუშაოები თბილისის ათ საბავშვო ბაღში, რაც მოიცავს ფასადის განახლებას, ინტერიერის სრულ განახლებას, ეზოებისა და ვერანდების კეთილმოწყობას, სადრენაჟე და გათბობის სისტემების სრულ განახლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საბავშვო ბაღში, საჭიროებისამებრ, განახლდა და შეივსო სააღმზრდელო და ტექნიკური სამუშაოებისთვის განკუთვნილი ინვენტარი: მეთოდოლოგიური რესურსები, სათამაშოები, სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და ავეჯი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 19 000 სოციალურად დაუცველ და 4 000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს უკვე გაეწია ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განცხადებების მიღება დაიწყება 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 20 დეკემბრის ჩათვლით.
 

მსგავსი სიახლეები