27 აგვისტო, 2025

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მუშაობა განაახლა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა.

„არაერთი განმარტება გავაკეთეთ და საზოგადოებას ავუხსენით, თუ რის გამო იყო დაკეტილი მეტროსადგური ამდენი დღის განმავლობაში. საჭირო იყო რთული სამუშაოების განხორციელება, რომლის ჩატარებაც მეტროს ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი იყო. სამუშაოები განხორციელდა ჭერზე, რომელიც იყო უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში. განხორციელდა მისი შესაბამისი ხსნარებითა და ბეტონით დამუშავება, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული. ასევე, ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რომელიც აუცილებელი და გადაუდებელი იყო შემდეგი ეტაპისთვის. პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი შეკიდული ჭერის მოწყობა და ამიტომ არსებული თაღი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და რაზეც არაერთი დასკვნა არსებობს, საჭიროებდა შესაბამის გამაგრებით სამუშაოებს. სწორედ ამის გამო მოგვიწია სადგურის დროებით დახურვა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები და ქილიკი, რადგან საზოგადოებისთვის სხვა სათქმელი არაფერი აქვთ.

„გუშინ აღნიშნულ თემას მოჰყვა სპეკულაციები. აღარ დავასახელებ სახელებსა და გვარებს. ზოგი ქილიკობდა და აბსოლუტურად გაუგებარ „მესიჯებს“ აჟღერებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს კეთდება მიზანმიმართულად, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია, როგორც ხდება ხოლმე. სხვა არაფერი დარჩენიათ, საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. შესაბამისად იკვებებიან ამ ტიპის განცხადებებით. რაც შეეხება სამუშაოებს, წლის ბოლოსთვის პროექტი მთლიანად უნდა იყოს დასრულებული, მეტროსადგური უნდა იყოს რეაბილიტირებული და ყველანაირად მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვერიდებით ვისაუბროთ გამოწვევებზე, სირთულეებსა და პრობლემებზე, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს დედაქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა, რაც მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.

„დამატებითი ამოსასვლელის მოწყობის შედეგად, გაუმჯობესდება საქვეითო მისაწვდომობა და მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა, გახდება უფრო ადვილად მისადგომი. ასევე, გაიზრდება ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლა-ამოსვლას შეძლებენ უფრო სწრაფად და კომფორტულად. მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურების მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ინკლუზიური ხელმისაწვდომობის მიზნით, გაუმჯობესდება შიდა და გარე წვდომა თბილისის რამდენიმე სადგურზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პროექტის კონცეფცია შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის საფუძველზეც, მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობისთვის ამჟამად, დეტალური პროექტის მომზადება მიმდინარეობს.

„აღნიშნული მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. აზიის განვითარების ბანკს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის ამ ტიპის სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვანია.

გვახსოვს, პიკის საათებში მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, პრობლემური იყო მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ შესვლა. შემდეგ გარკვეული პროექტი განვახორციელეთ და ამით აღნიშნული პრობლემა მოიხსნა, თუმცა მაშინვე დავაანონსეთ, რომ ახალი ჩამსვლელ-ამომსვლელების მოწყობის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ შუამთის ქუჩა N40ა-ში, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება 11-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა, რის შემდეგაც გარემონტებული ფართებით ელდარის ქ. N12-ის მოსახლეობის ნაწილი დაკმაყოფილდება.

„აღნიშნულ მოსახლეობას დროებით იჯარით მერია უზრუნველყოფს. შუამთის ქუჩა N40ა-ში აშენებულ ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ის (ყოფილი 109-ე სკოლის შენობა) მოსახლეობას. საუბარია 55 საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი დასრულდა ვარკეთილის მესამე მასივში, მე-10 კვარტლის N9-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით.

„აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში გახლდათ. მოხდება მისი დემონტაჟი და ამ ადგილას 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა აშენდება. შედეგად, 44 ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, „ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამაში აქტიურად ჩაერთონ.

მსგავსი სიახლეები