6 აგვისტო, 2025

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსება დაიწყება.

„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომლის დაწყებაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დააფინანსებს, მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.

„თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, განხილვის პროცესში მყოფი მშებლობადასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

„როგორც მოგეხსენებათ სამშენებლო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის, მათ შორის არის ქალაქში მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადასტურება.

ამ კუთხით წლების განმავლობაში არსებობდა კონკრეტული გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა არქიტექტურული დარღვევის გამო მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პრობლემას. აღნიშნული პრობლემის გამო, ათასობით ოჯახს, კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს ექმნებოდათ სირთულეები, ცხოვრობდნენ უმძიმეს პირპობებში, რადგან მათი საცხოვრებელი კორპუსი არ იყო დასრულებული. ვინაიდან მათ საკუთრებას არ ჰქონდა დასრულებულის სტატუსი, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ვერ იქმნებოდა ბინამეთსაკუთრეთა ამხანაგობები და მესაკუთრეები ვერ სარგებლობდნენ მუნიციპალური პროგრამების სიკეთეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, აღნიშნული წესის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული საექსპერტო ბიუროების დასკვნებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია 910 დასრულებული შენობა, 30 000-მდე ოჯახმა (მესაკუთრემ) მიიღო უფლებრივად უნაკლო ქონება და შესაძლებლობა ისარგებლონ ბისათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით.

„ასევე, დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად, განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც ეხება 10 000-მდე ოჯახს (მესაკუთრეს). ვინაიდან, აღნიშნულ კორპუსების მცხოვრებლების მხრიდან შემოვიდა არაერთი თხოვნა, მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, პროცესის დაჩქარებისა და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების დროულად ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, ადგილზე ობიექტის შეფასების, კანონდებლობით წარმოსადგენი დოკუმენტაციიის მომზადების ხელშეწყობისა და დამატებითი კონსულტაციების კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა გაამკაცრა კანონმდებლობა შენობების ესპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, რათა გაზრდილიყო ერთი მხრივ, მშენებლობის ხარისხი და მეორე მხრივ, დაინტერესება და მოტივაცია ნებართვის მფლობელი სამშენებლო კომპანიების/დაინტერესებული პირების, დროულად მოახდინონ მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაზე მომართვა და სანებართვო პიროებების შესრულების დადასტურება.

„ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგები, გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ასევე ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი. 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სანებართვო პირობების დაცვით აშენებული 7 000-მდე შენობა მიიღო ექსპლუატაციაში“, -აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ასევე დაავალა, მესაკუთრეების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, გაამკაცროს მონიტორინგი და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა იმ შემთხვევებზე, როდესაც მშენებელობა დასრულებულია და არ ხდება დამკვეთის/კომპანიის მხრიდან ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება შენობების ექსპლუატაციაში მისაღებად.

ამასთან, თბილისის მერის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ასევე, გერმანულ კომპანია ICP-თან თანამშრომლობით, თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებულია.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა აღნიშნულ უცხოურ კომპანიასა და საფინანსო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის, რაც დედაქალაქისთვის აუცილებელი პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დიდი გამოცდილება არ გვაქვს ამ მხრივ, არც შესაბამისი კომპანიები, ექსპერტები გვყავს, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებენ, ამიტომ ჩავრთეთ უცხოური კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები. მადლობას ვუხდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) თანამშრომლობისთვის და კომპანია ICP-ის ჩართულობისთვის. მათი მხარდაჭერით ვახორციელებთ ქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას, რაც გააუმჯობესებს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

„პირადად ჩემთვის, პრიორიტეტია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და რაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელ, უკეთეს ცხოვრებას განაპირობებს. წლების განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნარჩენების მართვის ყველაზე გავრცელებული გზა მათი ნაგავსაყრელებზე განთავსება იყო, თუმცა, გარემოს დაცვის გლობალური გამოწვევების ფონზე, ეს მიდგომა უკვე არაეფექტურია. დოკუმენტი უკვე მზადაა და უახლოეს პერიოდში ის თბილისის საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილია 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის.

„მომდევნო წლებში დედაქალაქში დავიწყებთ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებასა და გადამუშავებას, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება; დაინერგება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორი და სამკონტეინერიანი სისტემა; ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრები სისტემის, ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა.

შესასრულებელ სამუშაოებზე გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით; გარდა ამისა, მოვიკვლიეთ და შევარჩიეთ რამდენიმე ახალი არეალი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნაგავსაყრელი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. რეციკლირებული მასალის რეალიზება ქალაქის ბიუჯეტში მილიონობით ლარის შემოსავლებს და დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. აგრეთვე, ნარჩენების მართვის სისტემაში კერძო სექტორის როლი გაძლიერდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესების პარალელურად, თბილისის მერია გეგმავს ფართომასშტაბიან ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

„თბილისში ყოველწლიურად გროვდება დაახლოებით 411 000 ტონა ნარჩენი. მათი უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ნაგავსაყრელზე ხვდება, მათ შორის ბიოდეგრადირებადი ნარჩენებიც, რაც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირი რისკის შემცველია. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში. ჯანსაღი გარემოს შექმნაში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი. ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს სჭირდება. ცვლილების, რომელიც ჩვენს ქალაქს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომის დასასრულს დედაქალაქის მერმა სოფელ დიღომში მდინარე მდინარე დიღმულაზე განხორციელებული ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებაც ისაუბრა და საბურთალოს რაიონის გამგეობას მადლობა გადაუხადა.

„აღნიშნული მდინარე ადიდების დროს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. ხდებოდა საცხოვრებელი სახლების გამორეცხვა. პრობლემა უკვე მოგვარებულია, რისთვისაც მინდა, საბურთალოს რაიონის გამგეობას მადლობა გადავუხადო.

პროექტის შედეგად, უსაფრთხოების მიზნით, მდინარის კალაპოტში 460 გრძივ მეტრზე რკინა-ბეტონის დამცავი არხი და ჯებირები მოეწყო. ნაპირსამაგრი სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 500 000 ლარია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები